ნავალნი “ნოვიჩოკით” არ არის მოწამლული, ასე რომ ყოფილიყო 10 წუთში გარდაიცვლებოდა-“ნოვიჩოკის“ შემქმნელი 

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ხელოვნური კომიდან გამოყვანას ეხმაურება მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ ერთ-ერთი შემქმნელი ლეონიდ რინკი, რომლის განცხადებით, ნავალნის კომიდან გამოსვლა ადასტურებს, რომ მისი მოწამვლის შემთხვევაში „ნოვიჩოკი“ არ ყოფილა გამოყენებული. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

 

„მე გამოვრიცხავ მის მოწამვლას, რადგან დამახასიათებელი სიმპტომები არ გააჩნია. ამავე დროს, ის რომ “ნოვიჩოკით” ყოფილიყო მოწამლული, მის გვერდში მყოფებიც აუცილებლად მოიწამლებოდნენ და ის 10 წუთში გარდაიცვლებოდა. რომ გამოყენებულიყო სასიკვდილო დოზის 400-ჯერ ნაკლები კონცენტრაციაც კი, ის კომიდან გამოვიდოდა, მაგრამ მიოზი (გუგების შევიწროება) მაინც ექნებოდა. აქ კი მსგავსი სიმპტომები არ არის “ , – განაცხადა რინკმა.

მისი თქმით, „ნოვიჩოკი“ შეიქმნა იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე ბირთვული იარაღი ჩაენაცვლებინა და გააჩნია 100 %-იანი ლეტალობა. რინკის თქმით, გამოდის, რომ ეს „ნოვიჩოკი“ არ ყოფილა. რინკის თქმით, მსგავსი იარაღი აშშ-საც 70-იანი წლებიდან აქვთ შეიარაღებაზე.

ცნობისთვის, ბერლინის კლინიკაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს , – ამის შესახებ „როიტერსი“ ბერლინის Charite-ის კლინიკაზე დაყრდნობით იუწყება.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

წყარო