ვისაც 20 აგვისტოს შემდეგ, „დონაში“ ყოფნის ისტორია აქვთ, შეუძლიათ ტესტი სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტარონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმში და ქობულეთში რამდენიმე წერტილია, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და კორონავირუსზე ტესტი აიღოს, ჩაიტაროს PCR კვლევა.

გამყრელიძის თქმით, ამისთვის სამი კარავია განთავსებული: ბათუმის ბულვარში, ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში და ქობულეთში მერიის წინ.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც იმოგზაურეს აჭარაში და ჩავიდნენ თბილისში, ქუთაისში ან სხვა რაიონებში, თუ ასეთ ადამიანებს 20 აგვისტოს შემდეგ აქვთ საკონდიტრო კაფე „დონაში“ ყოფნის ისტორია, მათ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე, სადაც ტესტირებების წარმოება შეუძლიათ, მივიდნენ და ტესტი ასევე სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტარონ.

„ასევე ის ადამიანები, ვინც ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ 30-31 აგვისტოს იყვნენ ტესტის აღება და PCR გამოკვლევის ჩატარება სახელმწიფოს ხარჯზე შეუძლიათ. დანარჩენ ადამიანებს, ვისაც მოგზაურობის ისტორია აქვთ აჭარაში, ეძლევათ რეკომენდაცია, რომ საკუთარი ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი აწარმოონ, დაახლოებით 7-დან 14 დღემდე. თუ ამ ხნის განმავლობაში მათ ნებისმიერი მიზეზით ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველება, დიარეა უვლინდებათ, ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ მივიდნენ ლაბორატორიებში, სადაც PCR ტესტირება წარმოებს, ნიმუში აიღონ და ჩაიტარონ PCR გამოკვლევა. ამ ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებს.

ის მოქალაქე, რომელიც არ ყოფილა – ბათუმში მდებარე კაფე „დონაში“, სასტუმრო „ოაზისში“, უბრალოდ იყო გონიოში, ბათუმში ან ქობულეთში და საკუთარი ინტერესი აქვს კორონავირუსზე კვლევა ჩაიტაროს, თუმცა არ აქვს სიმპტომები, მას ამ კვლევის ჩატარება შეუძლია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გამოკვლევის ღირებულების ანაზღაურება თავად მოუწევს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”