ილუსტრაციები „ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის“ მოსწავლეებმა, ზღაპრების კრებულისთვის „გვრიტისთვის“ შეჰქმნეს. დღეიდან საფრანგეთში ქუთაისელი მოსწავლეების ნამუშევრების ნახვას მილიონობით ადამიანი შეძლებს. ქართული ზღაპრები პარიზში გამომცემლობა „მედუზამ“ გამოსცა, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობასა თუ ფესტივალზე წარადგენს.
„ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამოცდილება იყო ამ პროექტზე მუშაობა. გვიხარია, რომ ფრანგი მკითხველი ქართულ ხალხურ ზღაპრებს გაეცნობა და თან ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეთა მიერ მხატვრულად გააზრებულ პერსონაჟებს აღმოაჩენს. 2019 წელს ვიყავით პარიზში, სადაც ქართულ-ფრანგული ურთიერთობების თემაზე მოვაწყვეთ გამოფენა და სწორედ აქ გავიცანით გამომცემლობის წარმომადგენლები, სადაც ასეთი არაჩვეულებრივი შემოთავაზება მივიღეთ“, – ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ნატალია პატარიძე.
საფრანგეთის მეტროს კომერციული დირექტორი დამიან დურანი კი სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო, პარიზის მეტროს თუ წაყვებით მომდევნო დღეებში, ოცნებებიც შეგხვდებათ. ბოლო რამდენიმე დღეა გამოცემა „მედუზამ“ შთამბეჭდავი ფორმატი შემოგვთავაზა საქართველოში გასეირნების, ეს ნამდვილი მოსაწვევია მოგზაურობაზე.
მაია გიორხელიძის წიგნები გთავაზობთ გასაოცარ პერსონაჟებს, რომლებსაც დიდი მორალური ღირებულება აქვთ. იპოვეთ ეს პოსტერები დერეფანში და გაიარეთ ბრძნული მელას წინ, გაიცანით მტრედი ჩიპი და მისი ერთგული მეგობარი ჭიანჭველა, ასევე სხვა პერსონაჟები, რომლებსაც ბევრი აქვთ გასაზიარებელი” – აღნიშნა დურანმა.
წყარო: exclusivenews.ge