ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გაზრდილი მიმართვებისა და მიღებულ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის შედეგად, ჯამში მკურნალობას 111 პაციენტი განაგრძობს.
კლინიკამ 6 ახალი პაციენტი მიიღო, აქედან 2 ინფიცირებული ე.წ საკონდიტრო „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო ოთხ ადამიანს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან ჰქონდა კონტაქტი.
19 უსიმპტომო პაციენტი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამ მძიმე ავადმყოფს მკურნალობენ, 22-ს კი მწვავე პნევმონია აქვს. გუშინ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 45 ახალი შემთხვევიდან, 23 მხოლოდ აჭარაში დადასტურდა.
მწვანე ზონის სტატუსი მოეხსნა ცაგერის მუნიციპალიტეტს. იქ COVID19-ის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა – 3 სოფელ ლეშკედაში და 2 ლაჯანაში. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები თბილისში,ქორწილში იმყოფებოდნენ და აქ დადასტურებულ შემთხვევებთან ჰქონდათ კონტაქტი.
სამი სოფლიდან 121 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში გაიგზავნა. პასუხები ამ დღეებში გახდება ცნობილი. დღეისათვის კი ეპიდემიოლოგები დაახლოებით 40 მოქალაქის PCR ტესტს ლაბორატორიაში გაგზავნიან.
რუხის კლინიკაში ცაგერის მუნიციპალიტეტიდან ორი სხვადასხვა ოჯახის 5 წევრი კოვიდინფიცირების დიაგნოზით გადაიყვანეს. ისინი მკურნალობას კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში განაგრძობენ. საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 17 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებას, ბოლო ორი დღის განმავლობაში 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონში სულ 4 კოვიდინფიცირებულია. სენაკელი ინფიცირებული ექიმის შემთხვევაში მოძიებულია მასთან კონტაქტში მყოფი 45 ადამიანი. ყველა მათგანს ჩაუტარდათ პისიარ ტესტირება და პასუხები უარყოფითია.
თელავში, ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი19 ადამიანის ნიმუშების პასუხებს ელოდებიან. ანალიზები გუშინ სამედიცინო ცენტრ „ციტოში“ გაიგზავნა. შედეგები დღეს უნდა გახდეს ცნობილი.
მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში 6 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთი მათგანი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ეს არის თბილისიდან კახეთში ჩასული ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგების მიერ მოძიებულია ინფიცირებულთან დაკავშირებული 19 ადამიანი. მცხეთის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 7 პაციენტს ფილტვის დაზიანება აღენიშნება. ჯამში კი, 37 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. აქედან რვა 18 წლამდე მოზარდია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეისთვის 6 პაციენტის განმეორებითი კვლევის პასუხები გახდება ცნობილი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1321-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.