აჭარაში ნამყოფ მასწავლებლებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდებს, 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან.

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, 2 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო – განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი’