TV Pirveli-ის ყველა თანამშრომელს COVID-19-ზე შეამოწმებენ

ყველაფრის მიუხედავად ტელეკომპანია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, ყველა პროგრამა დროულად გადის ეთერში

ტელეკომპანია TV Pirveli-ის ყველა თანამშრომელს შეამოწმებენ კორონავირუსზე – СOVID-19 ერთ-ერთ ტელევიზიის თანამშრომელს დაუდგინდა.

ჟურნალისტ ვიკა ბუკიას და მისი მეუღლის, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.

მეუღლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვიკას შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. რაც შეეხება მის მეუღლეს, მას პირველივე დღეებიდან ცხელება ჰქონდა.

„სიცხესთან ერთად ჰქონდა ხველა, ყელის ტკივილი, სურდო. მაგრამ, როგორც გვითხრეს, ასეთი ხველა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არაა. მშრალი ხველა არ ყოფილა. ასე რომ ამან დააბნიათ. ჯერჯერობით მე ასეთი სიმპტომები არ მაქვს. ჩემი ტესტის შედეგი სუსტად დადებითია, რაც ნიშნავს, რომ ის ახლადგამოვლენილია და ეს სიმპტომები თანდათანობით შეიძლება გამწვავდეს“, – განაცხადა ბუკიამ.

მისი თქმით, ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მეუღლეები ექიმების დაკვირვების ქვეშ კლინიკაში იმყოფებიან.

ლევან გოგიჩაიშვილის ავადმყოფობის გამო პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, რომლის პოლიტმდივანია პოლიტიკოსი, წინასაარჩევნო კამპანიაში პაუზა გამოაცხადა.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა, ვისაც 6 სექტემბრის შემდეგ კონტაქტი ჰქონდა ლევან გოგიჩაიშვილთან, გადაყვანილია თვითიზოლაციაში და ტესტირება უტარდება.

ანალოგიური ზომებია მიღებული საქართველოს პარლამენტში. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ ყველა პირი, რომელსაც 5 სექტემბრის შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი, გადადის თვითიზოლაციაში და ყველას ჩაუტარდება ტესტირება კორონავირუსზე.

“სპუტნიკი”