87 ახალი შემთხვევიდან 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 10-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია

87 ახალი შემთხვევიდან 29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 გახლავთ ქუთაისის სკოლის შემთხვევიდან, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 შემოტანილი შემთხვევა, 3 არის სამედიცინო პერსონალი და 10 შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 536 პაციენტი მკურნალობს. აქედან 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 71-ია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”