ქუთაისში დღეიდან უფასო PCR კვლევა დაიწყება

კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, ქუთაისში დღეიდან მოქალაქეებს უფასო PCR კვლევას ჩაუტარებენ.

სწორედ ამ მიზნით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრალურ ბაღში სპეციალური სამედიცინო კარავი განთავსდა. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს, სარესტორნო ქსელ „ვენდისის“ თანამშრომელსა და ქალაქის მერიის ერთ-ერთი აიპ-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თვითიზოლაციაში არიან სკოლის ის თანამშრომლები, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, თუმცა კვლევამ ვირუსი არ დაადასტურა. თვითიზოლაციაში არიან „ვენდისის“ თანამშრომლებიც, ობიექტი კი დაკეტილია. ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 17 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ცხელ წერტილად კვლავ ბათუმი რჩება. კოვიდ სტატისკის მიხედვით, გუშინ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 57-დან ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარას უკავშირდება. 27 ინფიცირებული აჭარისთვის ანტირეკორდია. აქედან 16-ის წყარო უცნობია. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 137 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათ შორის 33 პაციენტს პნევმონია აქვს, ხოლო 3 რეანიმაციულ განყოფილებაშია.

 

“იმედინიუსი”