ევროკავშირი თურქეთის ექსპანსიისგან ვერ და არ დაგვიცავს – თვითონ დასაცავია

თურქეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე, ნეოოსმანიზმისა და პანთურქიზმის ნაზავზე, რომელიც ამ მძლავრი სახელმწიფოს ყველაზე სუსტ მეზობელს – საქართველოს უქმნის ყველაზე უფრო დიდ საფრთხეს, არაერთი მასალაა გამოქვეყნებული. ზოგს ნატო და ევროკავშირის ეიმედება, თურქეთი ხომ ნატოს წევრია და ნატო მოახდენს მასზე გავლენასო. ასევე ევროკავშირზე ამყარებენ იმედებს – თურქეთს ხომ ევროკავშირში სურს შესვლაო.

სურათზე: თურქულ მასმედიაში ხშირად გამოქვეყნებული ერთ-ერთი რუკა, რომელიც თანამედროვე თურქების დამპყრობლურ მიზნებს ასახავს – ახალი თურქეთის ვირტუალურ საზღვრებში მიტაცებულია თითქმის ყველა მეზობლის – საბერძნეთის, ბულგარეთის, სირიის, ერაყის, ირანის, აზერბაიჯანის და, ასევე, საქართველოს მიწები. წყარო: ამერიკული ჟურნალი Foreign Policy.

 

ამ აზრების ინფანტილური ხასიათი აშკარაა. ნატოს ცენტრალური შტაბბინა ბრიუსელშია, ეს ბიუროკრატიული სტრუქტურა არაფრის მაქნისია მაშინ, როდესაც საქმე თურქეთის ეროვნულ ინტერესებს ეხება – თურქეთი ნატოს არაფერს უთანხმებს, როცა ეს არ სჭირდება. მით უმეტეს ევროკავშირს, მისი კიდევ უფრო მოუქნელი და ტლანქი ბიუროკრატიით.

ამის საუკეთესო მაგალითია კიპროსი, რომლის ნაწილი თურქეთს დიდი ხანია, მიტაცებული აქვს და ნატო ვერ და არ აგვარებს ამ პრობლემას. ვერც ევროკავშირმა შეძლო თურქეთის პოზიციების შერბილება გაყოფილი კიპროსის ერთიანობასთან დაკავშირებით. ჩრდილოეთ კიპროსის ოკუპაცია თურქეთის მხრიდან არა მხოლოდ გრძელდება, არამედ ოფიციალური ანკარის ახალ ექსპანსიონისტურ გეგმებსაც უკავშირდება.

გავითვალისწინოთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ, ევროკავშირის წევრ კიპროსის ბერძნულ რესპუბლიკას ზურგს ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრი საბერძნეთი უმაგრებს ზურგს, მაგრამ ეს მხარდაჭერაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თურქეთს უკან დაახევინონ.

საქართველოს კი ვინ უმაგრებს ზურგს? ახლა არ თქვათ, ამერიკაო! სხვათა შორის, ბერძნებს შეერთებულ შტატებში თავიანთი ეთნიკური ლობი ჰყავთ, მაგრამ ვერც ამ ლობის საშუალებით ახერხებენ ისინი თურქეთის მტაცებლური მადის დაცხრომას.

თებერვლიდან მოყოლებული, თურქული გემი „იავუზი“, რომელიც საბურღი მოწყობილობითაა აღჭურვილი, კიპროსის სანაპიროს სამხერთ დასავლეთით, კიპროსის რესპუბლიკის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, თვითნებურად ატარებს ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგების დაზვერვას. ვინაიდან თურქეთი არ სცნობს კიპროსის საერთაშორისოდ აღიარებულ ძირითად, ბერძნულ ნაწილს, იგი არც კიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას აღიარებს. თურქეთი პირდაპირ თავხედურად მიაკუთვნებს კუნძულ კიპროსს თავის თავს და, შესაბამისად, აცხადებს, რომ ნავთობისა და გაზის დაზვერვას საკუთარ კონტინენტურ შელფზე აწარმოებს.

თურქეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ყველაფერთან ერთად, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში მყოფ ლიბიასთან ხელმოწერილი ხელშეკრულების მოხმობით, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაწილის ლამის ნახევარი თურქეთის კუთვნილებად გამოაცხადა. თურქული მხარე იგნორირებას უკეთებს არა მხოლოდ სუვერენული კიპროსის არსებობას, არამედ საბერძნეთის კუნძული კრეტას არსებობასაც და ამ კუნძულის მიმდებარე ტერიტორიულ წყლებში არც საბერძნეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ინტერესებს აღიარებს – საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ.

კიპროსის რესპუბლიკის ხელისუფლება, კარგა ხანია, თურქეთის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების შემოღებას სთხოვს ევროკავშირს, რომლის წევრიც თავად არის. ევროკავშირს მართლაც შეუძლია, სერიოზული ეკონომიკური ზემოქმედება მოახდინოს თურქეთზე, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში. მაგრამ მხდალი ევრობიუროკრატია ამ ნაბიჯებს არ დგამს და კიპროსელებს და ბერძნებს მუდმივად ატყუებს.

სამაგიეროდ, ევრობიუროკრატიას უფრო დიდი გული აქვს ბელარუსიასთან, რომელიც, 80-მილიონიანი თურქეთივით ბოსფორის სრუტეს არ აკონტროლებს და არც აგრესიული საგარეო პოლიტიკა გააჩნია. თუმცა ევროკავშირს ლუკაშენკოსთანაც მოუხდა უფრო რბილი ტონის შერჩევა და, საბოლოო ჯამში, მის გამარჯვებას 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში შეეგუა კიდეც. მიუხედავად ამისა, იმისათვის, რათა ევროპის ხალხები „დემოკრატიაზე ზრუნვაში“ დაარწმუნოს, ბრიუსელმა გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა პოლონეთ-ბალტიისპირეთის ქვეყნების ინიციატივისათვის, მაღალი რანგის ბელარუსი ჩინოვნიკების მიმართ პერსონალური სანქციების შემოღების თაობაზე, ლუკაშენკოს „დასჯის“ მიზნით. მაგრამ კიპროსმა თავისი შანსი გამოიყენა და ევროკავშირის ეს ინიციატივა ვეტოს უფლებით დაბლოკა. კიპროსმა, ნაცვლად ბელარუსიაზე ფარისევლური სანქციებისა, თურქეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებისთვის ზრუნვა მოსთხოვა ევროკავშირს. თურქეთის ხელისუფლებას, და არა ბელარუსიას უნდა დაედოს ეკონომიკური სანქციები – მიაჩნიათ ნიქოზიაში.

კიპრიოტები ასევე საფუძვლიანად მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა თავისი აღმოსავლეთი საზღვარი უნდა დაიცვას თურქეთის წინაშე. მიმდინარე წლის ივლისში კიპროსის მთავრობის სპიკერმა, კირიაკოს კუშოსმა განაცხადა:

„აქამდე ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ევროკავშირი თავის საზღვარს მართლა იცავს. ეს საზღვარი კიპროსისა და საბერძნეთის მიერ არის შექმნილი. ჩვენ წევრი-სახელმწიფოები ვართ. ჩვენ ვართ საზღვრები“.

გამოდის, რომ ევროკავშირი თვითონ არის დასაცავი და ამას არ იმჩნევს, ბერძნები ბრიუსელისთვის „დაბალ ღობეს“ წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, კიპროსს თავისი გასჭირებია და ახლა ბელარუსია მოიმიზეზა, რათა რაღაც ბერკეტი მაინც ჩაიგდოს ხელში, თურქეთთან ჭიდილში ევროკავშირის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მაგრამ საკითხავია, რამდენად მოახდენს ეფექტს ეს ტრიუკი გადაბერებულ, მარაზმის მდგომარეობაში მყოფ ევრობიუროკრატიაზე, რომელიც პოლშა-ლიეტუვას პროვოკატორი ლიდერებისთვისაც კი ვერ ახერხებს მათთვის კუთვნილი ადგილის მიჩენას.

ახლა კი კიპროსის ადგილზე საქართველო წარმოვიდგინოთ, როდესაც თურქ მეზობელს მადა საბოლოოდ გაეხსნება ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე ან სულაც სახმელეთო ტერიტორიებზე, ბათუმითა და ახალციხით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კიპროსს ზურგს ევროკავშირისა და ნატოს წევრი საბერძნეთი და ამერიკაში ბერძნული დიასპორა უმაგრებს, თავად კიპროსი ევროკავშირის წევრია და ამერიკელები ნატოშიც იწვევენ, მაგრამ კიპრიოტები თურქეთის წინააღმდეგ მაინც ვერაფერს გახდნენ. საქართველოს რის და ვისი იმედი უნდა ჰქონდეს?! გეტყვით იმას, რასაც არც ერთი მოქმედი ე. წ. პოლიტიკოსი, ამ წინასაარჩევნო ყაყანში არ გეტყვით – რუსეთის! ოღონდ, რა თქმა უნდა, ჯერ ანტირუსულ ბრიყვულ ფსევდოპოლიტიკას უნდა შევეშვათ და ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები უნდა განვსაზღვროთ. ამის გარეშე შეუძლებელია იმის იმ აზრის გაგება, რომელიც ამ მომცრო სტატიაში არის გადმოცემული.

 

გულბაათ რცხილაძე