გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ ბელარუსში შექმნილი კრიზისი ბელარუსებმა მხოლოდ ფართო დიალოგის მეშვეობით უნდა გადაჭრან.
ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.
„გენერალური მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრიზისის გადაჭრა ფართო და ინკლუზიური დიალოგის მეშვეობით უნდა მოხდეს, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სტეფან დიუჟარიკის თქმით, ანტონიო გუტერეში შეშფოთებულია ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინების ტაქტიკით.
„გენერალური მდივანი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს და წამებისა და ძალადობრივი მოპყრობის შესახებ განცხადებების სრული გამოძიება უზრუნველყოს“, – დასძინა მან.
“იმედი”