შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მისამართზე მისული მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მიშენებულ ორსართულიანი სასაყწობე ფართის შენობაში.
იყო ცეცხლის ახლოსმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროულად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
“აიპრესი”