პოლიციამ მინსკში ასობით დემონსტრანტი დააკავა, რომლებიც დაურეგისტრირებელ სიმბოლიკასა და დროშებს იყენებდნენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში 250 დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ Tut.By წერს.

 

უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულები დაურეგისტრირებელ სიმბოლიკასა და დროშებს იყენებდნენ. შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ სულ კვირას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 ათასი ადამიანი იღებდა, პროტესტის კერები კი დედაქალაქის 17 წერტილში დაფიქსირდა.

ამასთან, უფლებადამცველები სულ მცირე 46 დაკავებულის შესახებ იტყობინებიან. ადგილობრივ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქში არ მუშაობს მეტრო და გათიშულია მობილური ინტერნეტი.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.

“იმედი”