ცნობილი ირანელი მოჭიდავე ნავიდ აფკარი, რომელიც 2018 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფკარის განაჩენი სისრულეში დღეს დილით მოიყვანეს.
შეგახსენებთ, 27 წლის მოჭიდავეს ბრალად ედებოდა 2018 წელს ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება.
სასამართლომ მკაცრი განაჩენი გამოუტანა ასევე ნავიდის ძმებს, ვაჰიდსა და ჰაბიბს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ აქციებში – ერთს 54-წლიანი, ხოლო მეორეს, 27-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სიკვდილით დასჯამდე სპორტსმენი 74-ჯერ გაეროზგათ.
როგორც www.tmz.com წერდა, ძმები 20 დანაშაულისთვის გაასამართლეს, მათ შორის, არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებისთვის და ასევე, ირანის ლიდერის შეურაცხყოფისთვის.
სამივე ძმა დამნაშავედ სცნეს, თუმცა სიკვდილი მხოლოდ ნევიდს მიუსაჯეს. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აფკარების დედამ გაავრცელა ვიდეომიმართვაც, სადაც ის ირანის სასამართლოს ტყუილებზე საუბრობს. ქალი ამბობს, რომ მის ვაჟებს თავის დაცვის საშუალებაც კი არ მისცეს.
მედიაში ასევე წერდნენ ციხიდან გამოგზავნილ ნავიდ აფკარის წერილზეც, სადაც ის სასტიკ მოპყრობაზე საუბრობდა. წერილში ნათქვამი იყო, რომ მას ტომარას უკეთებენ თავზე, ხან კი ცხვირში ალკოჰოლს ასხამდნენ.
ირანის სასამართლოს გადაწყვეტილებას რამდენიმე დღის წინ “ტვიტერის“ საშუალებით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.
“მივმართავ ირანელ ლიდერებს, დიდად მადლობელი ვიქნები, თუ დაინდობთ ამ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს და სიკვდილით არ დასჯით, გმადლობთ“ – დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, ნავიდ აფკარი ჭიდაობაში ირანის მრავალგზის ჩემპიონია და არაერთი მედლის მფლობელია. ის ირანის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრიცაა.
წყარო: report.ge