არჩევნებს საფრთხე არ ემუქრება

ვფიქრობ, ამ მომენტისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, არჩევნებს საფრთხე არ ემუქრება და საარჩევნო კამპანიაში არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს ქვეყანას არ აქვს რესურსი, რომ საყოველთაო კარანტინი გამოიყენოს.

,,დღეს, ჩვენ გვაქვს შემთხვევების მატება, რაც უკავშირდება მობილობის განახლებას. საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, რომ მუდმივად ჩაკეტილი ჰქონდეს ეკონომიკა და გამოიყენოს საყოველთაო კარანტინი. ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს, არჩევნებს საფრთხე არ ემუქრება და საარჩევნო კამპანიაში არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, თუ რატომ არის დაშვებული საარჩევნო კამპანიის წარმოება, მაშინ, როდესაც ქორწილების, იუბილეების, ქელეხების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა აიკრძალა.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საარჩევნო კამპანიის დროს წესები მკაცრად არის დაცული, რომლის გაკეთებაც ქორწილში შეუძლებელია.

„განსხვავება არის ის, რომ ქორწილებში და მსგავს ღონისძიებებში ადამიანებს აქვთ ბევრი და უშუალო კონტაქტი ერთმანეთთან, ვინაიდან, ეს არის ნაცნობთა წრე. რაც შეეხება კამპანიას, იქ წესები მკაცრად არის დაცული, დისტანციით ხდება ადამიანების განთავსება, პირბადეები, დეზინფექტორები და მომხსენებლები იცავენ დისტანციას, რისი გაკეთებაც ქორწილში შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ, ეს შეზღუდვები შემოვიღეთ, თუმცა ეს შეზღუდვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დაწესებული არის მინიმალური და ვცდილობთ, მინიმალური შეზღუდვებით გავიაროთ ეს სრული პერიოდი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”