ისრაელში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში 3-კვირიანი, სრულმასშტაბიანი კარანტინის შემოღების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ე.წ. ლოქდაუნი 19 სექტემბერს ამოქმედდება. ამის მიზეზი კი ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება გახდა. შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს სახლებიდან 500 მეტრის მანძილზე შეეძლებათ გადაადგილება, მხოლოდ საკვებისა და წამლების შესაძენად. დაიხურება სკოლები და ბიზნეს-ობიექტები.

„დღეს, მთავრობის სხდომაზე უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მას 3-კვირიანი ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა არ გამოურიცხავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.