საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინისა და მოქალაქეობის საკითხებში მინისტრის, მარლენ შიაპას განცხადებით, საფრანგეთში „ქალწულობის ცნობის“ გაცემა დასჯადი გახდება.
„ზოგიერთი ექიმი კვლავ ბედავს იმის დადასტურებას, რომ ქალი ქალწულია, რათა რელიგიური ქორწინება დაუშვას, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრაქტიკას ექიმთა საბჭო გმობს. ჩვენ ამას არა მხოლოდ ოფიციალურად ავკრძალავთ, არამედ დასჯადსაც გავხდით“, – ნათქვამია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრისა და მოქალაქეობის საკითხებში მინისტრის განცხადებაში.
აღნიშნული ზომა „კომუნიტარიანიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტის ნაწილია, რომელიც მინისტრთა საბჭოს წლის ბოლომდე წარედგინება.
ქალწულობის ე.წ. ცნობას გარკვეული ექიმები ან მეანი ქალები რელიგიურ ქორწინებამდე გასცემენ.
აღნიშნული პრაქტიკა სერიოზულ ეთიკურ პრობლემებს ქმნის, რადგან ამ გამოკვლევებს ყველაზე ხშირად მესამე პირები ითხოვენ, შესაბამისი პირის კონფიდენციალურობისა და პირადი ცხოვრების უფლების გათვალისწინების გარეშე.
“იმედი”