94 წლის საფრანგეთის ექს-პრეზიდენტს ქალი უჩივის „სექსუალური შევიწროების“ გამო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ’ესტენი 94 წლისაა. ამ დრომდე იგი ჯანმრთელობას არ უჩიოდა, თუმცა გუშინ სუნთქვის გართულების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მას ფილტვის ინფექცია აქვს.

„პანდემიის“ დროს ჟისკარ დ’ესტენი საოჯახო სასახლიდან არ გამოსულა, თუმცა გასულ კვირაში თავისი ყოფილი თანამშრომლის დაკრძალვას დაესწრო. მაისში კი პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მის მიმართ, რადგან 94 წლის ყოფილი პრეზიდენტი ქალის სექსუალურ „შევიწროებაშია“ ეჭვმიტანილი. ჟირკარ დ’ესტენის მიმართ ბრალდებებით გამოდის გერმანელი ჟურნალისტი ქალი, რომელსაც, ამ ქალისვე სიტყვებით, 2018 წლის ბოლოს ჩაწერილი ინტერვიუს დროს ხელს ჰკიდებდა თეძოებზე.
ეს აბსოლუტურად სერიოზული ინფორმაციაა და ქართველ მკითხველს „ფეიკი“ არ უნდა ეგონოს. დიახ, იმ მომენტში 92 წლის კაცს თურმე „სექსუალურად შეუვიწროებია“ გერმანელი ჟურნალისტი და ამ ქალბატონმა ამის შესახებ 2020 წელს ატეხა განგაში.

შესაძლოა, ჟისკარ დ’ესტენს არ პატიობენ იმას, რომ 2012 წელს ვლადიმირ პუტინის პირადი მიწვევით იმყოფებოდა ბოროდინოს ბრძოლის 200 წლის აღსანიშნავად. პრეზიდენტის და ექს-პრეზიდენტის რანგში ვალერი ჟისკარ დ’ესტენი სსრკ-სა და რუსეთში 10-ჯერ მაინც არის ნამყოფი. 2014 წელს კი მან მხარი დაუჭირა ყირიმის დაბრუნებას რუსეთის შემადგენლობაში. მაშინ ჟისკარ დ’ესტენმა აღნიშნა:

„ყირიმი რუსეთმა ორი საუკუნის წინ, ეკატერინა მეორის დროს დაიპყრო. ხრუშჩოვმა გაუგებარი მიზეზებით ეს მიწა უკრაინას გადასცა. მე მახსოვს, მაშინ ძალზე ახალგაზრდა ვიყავი და გავიფიქრე – ეს რა არის?“