რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი ალექსეი ნავალნის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას რუსეთისთვის სანქციების დაწესების საბაბად შეიძლება იყენებდეს.
„არ იქნებოდა ნავალნი და რამე სხვას მოიგონებდნენ დამატებითი სანქციების დასაწესებლად. დასავლელი პარტნიორები გონიერების ჩარჩოებს გასცდნენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სიტყვაზე დაჯერებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ შეიძლება“.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.
“იმედი”