მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში მობილიზებულია საწოლების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე საჭიროა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„როცა ორნიშნა რიცხვები გვქონდა, 460-500 საწოლამდე იყო საუბარი, დღეს გახდა სამნიშნა რიცხვები და საწოლების რაოდენობა გასამმაგდა. თუ საჭირო იქნება, ავა 3 000-მდე. პარალელურად შეიქმნა სასტუმრო-ჰოსპიტლები, სადაც მოხდება მსუბუქების და ასიმპტომურების გადაყვანა. მსოფლიოში გამოცდილება ასეთია, რომ მსუბუქი და ასიმპტომური პაციენტების მკურნალობა მიდის ბინაზე. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ამ ეტაპზე გვაქვს საშუალება, რომ როგორმე დაავადების პრევენცია მოვახდინოთ, ანუ დაავადების გავრცელება არსებულ სიტუაციაში იყოს მინიმიზირებული, რადგან პაციენტების გადაყვანა ნებისმიერ სივრცეში, საკარანტინო იქნება, ჰოსპიტალი, თუ ჰოსპიტლის შემდეგ სასტუმრო ჰოსპიტალი, არის საფუძველი, რომ შემდეგში დაავადების გავრცელება დავბლოკოთ.
ვიდრე შეგვეძლება, რომ სტაციონარსა და სასტუმრო-სტაციონარში გავაგრძელოთ პაციენტების მოვლა, გაგრძელდება. არამგონია, ქვეყანაში იყოს ისეთი რაოდენობა, რომ ვერ მოვახერხოთ სიტუაციის დასტაბილურება, თუნდაც აჭარის სწრაფი ლოკალიზება. დანარჩენები, ხედავთ ლოკალიზებულია, იმერეთი, გურია, სამეგრელო. მონაცემების განსაკუთებული ზრდა არ შეინიშნება.
ძირითადად საყურადღებო არის აჭარა, რადგან დიდი მობილობა იყო. აჭარის შემთხვევები მყარია, მუდმივობას ინარჩუნებს და ალბათ მომავალში არა გაზრდისკენ, არამედ შემცირებისკენ წავა. ამ ეტაპზე მობილიზებულია საწოლების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე გვჭირდება. არსებობს საწოლების ის რაოდენობა, რაც ამ პაციენტების მართვას უმტკივნეულოდ განახორციელებს. არსებობს სტაციონარები, რომლის გადაკეთება კოვიდ-ცენტრებად არ არის რთული, ეს შეიძლება მოხდეს სულ 2-3 დღეში, თუ ამის საჭიროება დადგება “, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”