სამთავრობო “მედასავლეთეებს” მივმართავ!

არაა აუცილებელი, იყო რუსოფილი, რომ მიხვდე – რუსოფობია არის მძიმე დაავადება. ამ დაავადებას ღრმა და გრძელი ფესვები აქვს, მაგრამ ამის გამო ის ”ცხოვრების დღესასწაულად” ვერ იქცევა.

სურათზე: მედასავლეთეების საამაყო ამერიკელი ჯარისკაცები “ქალობანას” თამაშობენ.

 

ესაა დაავადება, რომლის პირდაპირი შედეგი ტვინის დარბილებაა. რუსოფობია ასევე შეიძლება შეადარო შხამს, რომელიც მცირე დოზებში კიდევ ასატანია, თუმცა დოზის უკონტროლო გაზრდისას ნელ-ნელა შეუქცევადად წამლავს ორგანიზმს და ისევ და ისევ ტვინის დარბილებას იწვევს.

რუსოფობია განსაზღვრავს დღეს ქართული პოლიტიკური დღის წესრიგს, ქმნის და ანგრევს კოალიციებს, ზრდის ახალგაზრდა ”ნაცებს” და რყვნის არცთუ ახალგაზრდა ”მედასავლეთეებს”, ცდილობს დაავიწყოს ქართველ ხალხს ნაცისტური რეჟიმის ნამოქმედარი, შეარიგოს ის სააკაშვილთან, დააბრუნოს ის ოფიციალურ პოლიტიკაში. საზოგადოების ლატენტური რუსოფობია რომ არა, სააკაშვილს და მის სექტას ხელისუფლებაში დაბრუნების არც ერთი შანსი არ ექნებოდა. მაგრამ რუსოფობიაზე აღმოცენებულმა ”კოჰაბიტაციამ” უკვე წაართვა საქართველოს შანსი არჩევნების გზით გაეშვა ”ნაცმო” პარლამენტიდან პოლიტიკურ სანაგვეზე. ახლა კი ისინი დაბრუნებითა და რევანშით იმუქრებიან. გაუჩნდათ საფუძველი და იმიტომ!

სამთავრობო “მედასავლეთეებს” მივმართავ: რაც შეეხება ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ვექტორებს – ნუ ულაყებთ ხალხს ტვინს თქვენი ვითომდა ღრმადიდეოლოგიური დასავლური ორიენტაციით! ვიცით, რაც ხართ სინამდვილეში! ნუ გადაგვაყოლეთ თქვენს “ჯიპებს” და ძვირადღირებულ დემაგოგიას – მას ვურიგდებით მხოლოდ თქვენი სიტყვიერი ანტიმიშიზმისა და ანტინაციზმის გამო, მაგრამ ესეც ტყუილი აღმოჩნდა! ბოლო-ბოლო, გამართეთ წესიერი რეფერენდუმი და ხალხმა თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი! ქართული საგარეო ვექტორი საბოლოო ჯამში განსხვავებულ მიმართულებათა ტოლქმედი უნდა გახდეს… ”ნაცების” გაყალბებული არჩევნების დროს ჩატარებული რეფერენდუმი არ ითვლება და ეს თქვენ შესანიშნავად იცით. ამიტომ არავითარი უფლება არ გაქვთ ქართველი ხალხის ნებისადმი აპელირებისა განმეორებითი რეფერენდუმის გამართვის გარეშე!

რაც შეეხება ჯარს: არავის არ შეგვაქვს ეჭვი იმაში, რომ ჯარი საჭიროა და ჯარისკაცს პატივი უნდა ვცეთ. ასევე უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ძალით კავკასიაში არც ერთი პრობლემა არ გადაიჭრება და ქართულ ჯარს დღეს ძალუძს მხოლოდ ახალი ”უფროსი ძმის” პოლიტიკური თუ პოლიციური დაკვეთების შესრულება. იგივე ეხება სომხეთის და აზერბაიჯანის სამხედრო ძალებსაც (იქ შეიძლება სხვა ”უფროსი ძმები” გამოჩნდნენ)… ნუ, შეუძლიათ კიდევ ერთმანეთი ხოცონ, მაგრამ კარგად უნდა შეიგნონ – ამით საკუთარ ხალხებს ახალი უბედურების გარდა ვერაფერს მოუტანენ.

 

 გოგი ლორთქიფანიძე