„ინფიცირებულთა ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დაავადებულთა ზრდასთან. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული”, – “პოს ტვ”-ის ეთერში განაცხადა ინფექციონისტმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
“ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მტარებლობა არ ნიშნავს დაავადებულს, მაგრამ თუ ვირუსმა ორგანიზმში გამოიწვია ამა თუ იმ ეტაპზე სხვადასხვა სისტემის ფუნქციების დიზფუნქცია, უკვე ჩნდება დაავადება კლინიკური მანიფესტაციებით. ერთი რამ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა მიერ აზრი არ შეცვლილა, ესაა ადამიანთა 83% შეიძლება უკვე იყოს ინფიცირებული და არა დაავადებული, დანარჩენ 17 პროცენტში ვლინდება დაავადების სიმპტომატიკა, სადაც კრიტიკული პაციენტი 2-3 პროცენტია, რაც მანამდე 4-5 პროცენტი იყო, დანარჩენ 15 პროცენტში ნაწილდება მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაციენტები.
კორონავირუსს ლეტალური გამოსავალი უფრო ნაკლები აქვს ვიდრე სხვა დაავადებას, ამიტომ ეს გვაფიქრებინებს, რომ დადგება მომენტი, როდესაც ამ ვირუსთან ბრძოლაში მედიკო-ბიოლოგები გაიმარჯვებენ. ეს ვირუსი ისე წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება.
შემუშავდა სახლში მკურნალობის პროტოკოლი, ასევე შემუშავდა პროტოკოლი კლინიკაში მოთავსებული პაციენტების, მეხუთე და მერვე დღეს მათი გადაყვანა სტაციონარიდან საკარანტინო ზონებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი სახელმწიფო შეძლებს და თავის მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლაში მარტო არ დატოვებს“ – მიიჩნევს ლევან რატიანი.
გაზეთი “ალია”, რომელსაც ეს ციტატა მოჰყავს, შეგვახსენებს, რომ მიუხედავად დაპირებისა, ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ არ დაუწყია კვლევა იმის დასადგენად, რამდენი ადამიანი იყო უკვე ინფიცირებული უსიმპტომოდ და დარჩათ იმუნიტეტი.