ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების სცენარს დასავლეთი ათი წლის განმავლობაში ამზადებდა.
„მოდით, ყველა მოთამაშის სახელი დავასახელოთ. გლობალური ცენტრების დონეზე ეს, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებია. უფრო კონკრეტულად კი ე.წ. დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდების ქსელი. ევროპის დონეზე აქტიურად მოქმედებდნენ ამერიკის მოკავშირეები: პოლონეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი და სამწუხაროდ, უკრაინა“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ბელარუსის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ გეგმაში თითოეული ქვეყანა თავის როლს ასრულებდა.
„ჩეხეთი სარესურსო ჰაბი იყო, პოლონეთი მედიაარხების ინკუბატორად გამოდიოდა, უკრაინა კი, ჩვენი მხარდაჭერის მიუხედავად, პოლიტიკური პროვოკაციების არენად იქცა“, – დასძინა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.
17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“. მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.
“იმედი”