“დადგება დრო, როცა სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმები ერთად გასამართლდებიან!”

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმისგან რეპრესირებულ მოქალაქეებს სიცოცხლის რისკით იცავდა და ამის გამო მსოფლიოში აღიარებული უმაღლესი ჯილდოთი დაჯილდოვდა, დღეს აცხადებს, რომ „ქართული ოცნებაც“ რეჟიმს წარმოადგენს და მას პირადად სდევნის!

 

რა გარემოებამ მიიყვანა ზაზა ხატიაშვილი ასეთ სკანდალურ განცხადებამდე? ძველ მეგობარს ოფისში ვეწვიე და ზეპარტიულ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ პოზიციის ექსკლუზიურად დაფიქსირება შევთავაზე. დაუფიქრებლად დამთანხმდა სკანდალურ ინტერვიუზე, ოღონდ მთხოვა, მისი პოზიცია შეულამაზებლად მიმეტანა „ასავალ-დასავალის“ მრავალათასიან მკითხველამდე:

– დიახ, მე ვარ ის ადამიანი, ვისაც სააკაშვილი მოსაკლავად დასდევდა. დიახ, მე ვარ ის ადამიანი, ვინც ნაცების რეჟიმს არჩევნები მოუგო, ვიდრე „ქართული ოცნება“ ჩანასახშიც არ არსებობდა, როცა 2009 წლის 27 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად ამირჩიეს. პირველი, რაც გავაკეთე, დავიწყე ბრძოლა უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატების გასათავისუფლებლად. ადვოკატების საქმიანობაში რეჟიმის მხრიდან ხელის შეშლის უამრავი ფაქტის გამო მე მივმართე ევროკავშირის პრეზიდენტს, ჟოზე მანუელ ბარუზოს, მოვთხოვე სააკაშვილის, მერაბიშვილის და ადეიშვილის „პერსონა ნონ გრატად“ მიჩნევა. ამასთან, დიდ რვიანში ვუჩივლე რეჟიმის პირველ პირებს, რადგან მილიონი ევრო შემომთავაზეს გაჩუმების სანაცვლოდ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ თანხას ჩემი ლიკვიდაციისთვისაც გადაიხდიდნენ. ადამიანის უფლებების სფეროში ევროკომისარმა, თომას ჰამერბერგმა საჯაროდ განაცხადა, რომ სიკვდილის საფრთხე მემუქრებოდა.  მსოფლიოს დემოკრატიული ძალები დადგნენ ჩემს გვერდით. მსგავსი მხილება რეჟიმისა – მსოფლიოს არ ახსოვს! მითი, თითქოს სააკაშვილი „დემოკრატიის შუქურა“ იყო, პირველმა მე გავაცამტვერე!

 – ამას ახლა რატომ იხსენებთ?  

იმიტომ, რომ როცა ასეთ პირობებში მე სააკაშვილის რეჟიმს სიცოცხლის რისკით ვებრძოდი, ამ რეჟიმის მთავარი დამფინანსებელი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი! სააკაშვილი და ივანიშვილი მაშინ იყვნენ ერთად! რეჟიმის პროკურორებს, ვინც უდანაშაულო ადამიანებს გამოგონილ ბრალდებებს უთხზავდნენ, ხელფასს ბიძინა ივანიშვილი უხდიდა! შემდეგ, როცა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მე ვითხოვდი, რომ ეს დამნაშავე პროკურორები, რომლებიც რეჟიმის დროს მოქალაქეებს საპროცესო გარიგების მიზნით ფულს სძალავდნენ – საბრალდებო სკამზე დაესვა. გაესამართლებინა ის პროკურორები, რომელთან ვიზიტის შემდეგ მოქალაქეები ნახულობდნენ „კეთილ სიზმარს“ და თავიანთ ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიდნენ… ამავე დროს კი, მათი მშობლები ან შვილები იყვნენ დაკავებულები, პროკურატურის მიერ და თუ მათი ოჯახის წევრი სახელმწიფოს ქონებას არ „აჩუქებდა,“ მათ ნარკოტიკებს უდებდნენ, ციხეში გადაყავდათ და სქესობრივადაც ძალადობდნენ! მე ვითხოვდი, გასამართლებულიყო მურუსიძე, რადგან მანამდე არ განიხილა წამების ერთ-ერთი საქმე, ვიდრე ნაწამებს სხეულზე წამების კვალი არ გაუქრა. არადა,  ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა თუ არა, მურუსიძის დასჯის ნაცვლად, ბედნიერი სახით გამოაცხადა – ეს რა კაცი გავიცანიო!

 – რით ხსნით ბიძინა ივანიშვილის ასეთ განწყობას? 

– ახალმა ხელისუფლებამ იუსტიციის მინისტრად დანიშნა თეა წულუკიანი, რომელსაც სისხლის სამართლის სფეროში განათლება არ ჰქონდა. სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავე პროკურორებს ხელს დღემდე თეა წულუკიანი აფარებს! 25 ათასამდე მოქალაქეს საჩივარი შევიდა პროკურატურაში, დამნაშავე პროკურორებს მხილების და დასჯის მოთხოვნით, მაგრამ წულუკიანმა დაღუპა ჩააქრო იმედი, რომ დამნაშავე პროკურორები ოდესმე პასუხს აგებენ! თავიდან მან განაცხადა, რომ მართლმსაჯულებაში ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას აპირებდა, მაგრამ მალევე მომჩივნებს ამცნეს, რომ კომისია აღარ შეიქმნებოდა, ხოლო მათ საჩივრებს განიხილავდნენ პროკურორები…. და, ჰოი, საოცრებავ! საქმეები დაეწერათ იმავე პროკურორებს, ვისაც ეს მოქალაქეები უჩიოდნენ!

ციხეებში პატიმრების გაუპატიურების თემით მოვიდა ხელისუფლებაში ივანიშვილი, მაგრამ მისი პირველი ნაბიჯი გახლდათ სასჯელაღსრულებაზე ზედამხედველი პროკურორ რიჟამაძის დაწინაურება, რომელიც დღესაც სუს-ში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს! ფაქტობრივად, ივანიშვილის რეჟიმმა დამნაშავე პროკურორები სასჯელისგან გადაარჩინა და საკუთარ სამსახურში ჩააყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვა, როგორი ერთგულებითაც ისინი სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ, ახლა მას მოემსახურონ, რაც მათთვის პასუხისმგებლობის აცილების მთავარი გარანტი იქნება. რაც შეეხება წულუკიანს – მან იმ პირებსაც დააფარა ხელი, რომლებზეც ივანიშვილისგან მითითება არ ჰქონია. მაგალითად, თავად სააკაშვილს, რომელსაც ჩადენილ უმძიმეს ძალადობრივ დანაშაულებზე კი არა, შამპუნების და კოსტიუმების მოპარვისთვის წაუყენა ბრალი და ამგვარად, საფუძველი შექმნა, მავანთ ეს სასაცილო ბრალდება ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნად მოენათლათ!

 – განა, ეს მაგალითები საკმარისია, რომ ახალი ხელისუფლებას „რეჟიმი“ უწოდოთ?

– დიახ, ივანიშვილის ხელისუფლება სააკაშვილზე უარესია. გაიხსენეთ „ბავშვთა სამყაროს“ გადაწვა. ექსპერტიზის დასკვნა დაიდო, რომელიც ღაღადებდა, რომ ხანძარი ნავთობპროდუქტების შეგნებულად დასხმის შედეგად გაჩნდა. რვაასამდე  ადამიანი, ვისაც ნაკოწიწები ქონება გაუნადგურდა, ქუჩაში გამოვიდა, ობიექტური გამოძიების მოთხოვნით. ვინმემ გამოიძია ეს ამაზრზენი დანაშაული?  სააკაშვილის რეჟიმის დროს დაპატიმრებული და  ნაწამები ათასობით ადამიანის საქმე პროკურატურის თაროებზე რომ შემოდეს, მარტო იმიტომ, რომ დამნაშავე პროკურორებისთვის, ვინც ამჟამად ივანიშვილს ემსახურებიან – დამსახურებული სასჯელი აერიდებინათ – სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ეს უდიდესი აფერა არ მეტყველებს, რომ დღესაც რეჟიმი მართავს ქვეყანას? განა ვერ ხედავთ, რომ ივანიშვილიც იმავე ცოცხით გვის, რომელიც სააკაშვილს ეპყრა ხელთ?  ის პროკურორები, რომლებიც ზაზა, მე და თქვენ დაგვდევდნენ – ისევ თანამდებობებზე რომ არიან, რატომ თვლით, რომ რეჟიმი დასრულდა? წულუკიანმა ხომ ზუსტად იცის, რომელი პროკურორები აპატიმრებდნენ ბიზნესმენებს ერთადერთი მიზნით, რომ მათთვის ქონება წაერთმიათ? რატომ არაფერს აკეთებს დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად?  პირდაპირ ვდებ ბრალს – წულუკიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც გამიზნულად განარიდებს დამსახურებული სასჯელებისგან დამნაშავე პროკურორებს! ხოლო ივანიშვილის რეჟიმი ფინანსურად სპობს ნებისმიერ ბუნებრივ ოპოზიციურ წარმონაქმნს, რათა მთავარ ოპონენტად ნაცები და გიგა ბოკერია იყოლიოს. ამიტომ, ივანიშვილის რეჟიმი მოსაშორებელია!

– მაგრამ, რა ქნას საზოგადოებამ, რომელსაც ისევ ნაცებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უწევს არჩევანის გაკეთება? 

–  ივანიშვილი სარგებლობს იმით, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ხალხს ეზიზღება. აქ არის ძაღლის თავი დამარხული, რადგან იქამდე, ვიდრე დამნაშავეებს „ოპოზიცია“ ჰქვიათ, ხალხი მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს. მაგრამ ასპარეზზე უკვე გამოდიან ისეთი ძალები, რომლებსაც საარჩევნო ბარიერის გადალახვა შეუძლიათ. ჩემი აზრით, ხალხმა იმგვარად უნდა გააკეთოს არჩევანი, რომ ნაცებისგან და  „ქართული ოცნებისგან“ გამოსულ არცერთ ძალას მხარი არ დაუჭიროს, რადგან მურუსიძე შექმნა სააკაშვილის რეჟიმმა, ხოლო ივანიშვილის რეჟიმმა მას უკვდავება მიანიჭა, როცა ქართველ ხალხს 45 წლის ვადით თავზე დაასვა! საქართველოს მე, ზაზა ხატიაშვილმა – ვაჩვენე ბრძოლის მაგალითი, როცა სტრასბურგში შიმშილობის აქცია გამოვაცხადე და ევროსაბჭოში სამი მოსამართლის დაბლოკვის პრეცედენტი შევქმენი. არადა, ბოლო 50 წლის მანძილზე მხოლოდ ორი მოსამართლის დაბლოკვა ახსოვს ისტორიას! საქართველოს, რა ხანია, ერთი და იგივე კასტა უდგას სათავეში. როდემდე შეიძლება, ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში არც ხელისუფლება იცვლებოდეს და არც ოპოზიცია?! განა ეს რეჟიმი არ არის? რეჟიმი, რომელიც, არ სდევნის ჯალათებს, სამაგიეროდ, მდევნის მე, ვინც ძალმომრეობის წინააღმდეგ სიცოცხლით გავრისკე, რისთვისაც ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ ლითენის სახელობის უმაღლესი ჯილდოთი დამაჯილდოვა!

 – ვინ იყო ლითენი და რით არის საინტერესო მისი სახელობის ჯილდო? 

– ჰიტლერის მიერ ნაწამები ჰანს ლითენი გერმანიის ადვოკატთა ისტორიაში უდიდესი პიროვნებაა, რომლის სახელს ატარებს ბერლინის ადვოკატთა ასოციაცია. 1931 წელს ლითენმა დაკითხა თვით ჰიტლერი, რადგან იცავდა იმ პირის უფლებებს, რომელიც ჰიტლერის ბრძანებით ააფეთქეს. მან  გამოააშკარავა, რომ ჰიტლერი ხელისუფლებაში მოდიოდა ადამიანის მკვლელობით, რაც იმის წინაპირობა იყო, რომ მკვლელობები რეპრესიები და ტერორი მასშტაბურ ხასიათს მიიღებდა და მართლაც ასე მოხდა. ლითენი ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლისთანავე დაიჭირეს და 5 წლის განმავლობაში დაუნდობლად აწამეს – აგენტობას აბრალებდნენ. საბოლოოდ, მან თავი ჩამოიხრჩო, თუმცა ბრალდება არ აღიარა! 2011 წელს ამ კაცზე, რომელმაც ჰიტლერი ამხილა – ფილმი გადაიღეს, რასაც ფურორი მოჰყვა.

 – ამ ჯილდოს კავალერად თქვენ რატომ გამოგარჩიეს?

-მოხდა იშვიათი მოვლენა – ბრიუსელში დამაჯილდოვეს უმაღლესი ჯილდოთი, რომელიც ლითენის სახელს ატარებს. აღნიშნულ ჯილდოს  ყოველწლიურად ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სამართლის საბჭოში გაერთიანებულ მილიონ ადვოკატს შორის მხოლოდ ერთადერთს გადასცემენ.   2018 წლის 5 თებერვალს, როცა უკვე აღარ გახლდით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ლითენის გარდაცვალების 80 წლისთავზე გერმანიაში მიმიწვიეს. იქ ბრძანდებოდა შვეიცარიიდან საგანგებოდ ჩასული ლითენის ძმისშვილიც. მე, ზაზა ხატიაშვილი – გამომაცხადეს ჰანს ლითენის მემკვიდრედ, მისი სურათი დამაკავებინეს და საპატიო აუდიტორია – გერმანელი პარლამენტარები და მთავრობის წევრები – ფეხზე მდგარნი მიკრავდნენ ტაშს იმისთვის, რომ ადვოკატების დასაცავად სიცოცხლეს ვწირავდი!

ეს ფაქტი გაშუქდა მთელს ევროპაში, ხოლო საქართველოში მიიჩქმალა და ესეც იმის ნათელი მაგალითია, რომ სამშობლოში ვიდევნები „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ! ჩემს მსგავსად, დაუფასებელი და დევნილია სამოქალაქო საზოგადოების უმრავლესობა, ვინც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ თავს სწირავდა. თუნდაც „ასავალ-დასავალი“ და მისი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი, რომელიც ლიკვიდაციის აშკარა საფრთხის მიუხედავად, დაუნდობლად ამხელდა ნაცების დანაშაულებს. აკი, თვით სააკაშვილი დღემდე აღიარებს, რომ იგი დაამარცხა „ასავალ-დასავალის“ პროპაგანდამ! თავგანწირული ადამიანები უკანა პლანზე ჰყავთ გადაყვანილი, სამაგიეროდ, ასპარეზს აძლევენ ჯალათ პროკურორებს და მოსამართლეებს, რომლებიც ადრე სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ, ამჟამად კი, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ფავორიტები არიან!

 – წყეული კოაბიტაცია… 

– ამას უკვე კოაბიტაცია აღარ ქვია, დამნაშავეებისთვის ხელის დამფარებელი – თავადაც არანაკლები დამნაშავეა და, თუ ადრე ვამბობდი, რომ სააკაშვილის რეჟიმი ნიურნბერგის პროცესის ანალოგიურად უნდა გასამართლდეს მეთქი, ახლა გარწმუნებთ, დადგება დრო, როცა სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმები ერთად გასამართლდებიან! სრულებით ვეთანხმები ერთ ცნობილ გერმანელ უფლებადამცველს, რომელმაც მითხრა – გერმანია დღეს წარმატებული ქვეყანა ვერ იქნებოდა, თუ არ გაასამართლებდა იმ მოსამართლეებს და პროკურორებს, რომლებიც ფაშიზმს და ნაციზმს ემსახურებოდნენო…  ვერც საქართველო შედგება სახელმწიფოდ, ვიდრე ნაცისტ პროკურორებს და მოსამართლეებს დამსახურებულ სასჯელს არ მიაგებს!  ვიდრე ლაშა ნადარეიშვილის და ჩემი მსგავსი ადამიანები ქმნიან ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, ჯერ კიდევ არის პერსპექტივა, რომ ნიურნბერგის ქართული პროცესი შედგება!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: „ასავალ-დასავალი“

“თვალსაზრისი”