ირანი აშშ-ს აფრთხილებს „სტრატეგიული შეცდომა“ არ დაუშვას

ირანი აშშ-ს აფრთხილებს, რომ „სტრატეგიული შეცდომა“ არ დაუშვას. შესაბამისი განცხადება ირანის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალი რაბიეიმ, პრესკონფერენციაზე გააკეთა, რითიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ამერიკის პასუხი ირანის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმაზე 1000-ჯერ უფრო მძლავრი იქნება.

 

„სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილება რეგიონში გვიჩვენებს, რომ შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება დამახინჯებულ ცნობებს და ამ საფუძვლებზე დაიწყეს ომები ავღანეთსა და ერაყში. სამწუხაროდ, აშშ-ის და მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის მიდგომებს მიღწევები არ ჰქონია და მხოლოდ მშვიდობას არღვევს რეგიონსა და მსოფლიოში. ჩვენი გენერალი (ყასიმ სულეიმანი) მშვიდობის სიმბოლო იყო და ის ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. აშშ-მ მოკლა მშვიდობის ეს სიმბოლო რეგიონში. ეს სამარცხვინო ფაქტი უბრალოდ ვერ გაქრება. ირანელი ერი არასდროს დაივიწყებს ამ ქმედებას. ვიმედოვნებთ, რომ აშშ არ დაუშვებენ რაიმე სტრატეგიულ შეცდომას და თუკი დაუშვებენ სტრატეგიულ შეცდომას, ირანს ექნება მათთვის შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, დღეს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ირანი, ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმას განახორციელებს, აშშ მას საპასუხო, 1000-ჯერ მძლავრი თავდასხმით უპასუხებს.

ცნობისათვის, ორი დღის წინ გამოცემა Politico-მ აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით ირანის მთავრობა სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩის მკვლელობის მცდელობის საკითხს განიხილავდა.

“აიპიენი”