ღვინის ეროვნული სააგენტოს 16 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში გადამუშავებულია 60 ათას ტონამდე ყურძენი: 42 ათასი ტონა “რქაწითელი”, 11 ათასი ტონა “საფერავი”, 1,4 ათასი ტონა “კახური მწვანე” და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძნის გადამუშავების დღე-ღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს იმას, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია.
ყოველდღიურად, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 40-50 დიდი და საშუალო ღვინის კომპანია.
ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 260 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში კი უკვე ჩართულია ღვინის 80 საწარმო.
“რთველი 2020”-ის ფარგლებში, კახეთში ყურძნის მოსავლის საპროგნოზო რაოდენობა 300 ათასი ტონაა.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “რქაწითელისა” და “კახური მწვანის” ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც:
1. შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა “რქაწითელის” ან “კახური მწვანის” ჯიშის ყურძენს.
2. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ “რქაწითელზე” და 1 კგ “კახურ მწვანეზე” – 0,30 ლარი.
წყარო: itv.ge