ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის საზღვრებს გარეთ და სწორედ საქართველოში. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნაზე განაცხადა, რომელიც ბათუმში ტარდება.
“მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული, წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი და მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება.
ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის საზღვრებს გარეთ და სწორედ საქართველოში.
ამ გადაწყვეტილების მიღებაში აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნებთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღვნის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს, რისთვისაც მსურს მას პირადად მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებულად დასაფასებელია დელეგაციების ასეთი წარმომადგენლობითი დასწრება მსოფლიოში არსებული შეზღუდული გადაადგილების პირობებში.
დღესდღეობით, ტურიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ იმ სექტორს, რომელსაც პანდემიის გავრცელების გამო, მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ზიანი მიადგა. თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისულმა პერიოდმა, საქართველოში ტურიზმის სექტორი ასევე დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით, საქართველო, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და რაც მთავარია, ტურიზმის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 8.1% გახდა.
მხოლოდ 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული რაოდენობა – 9,4 მლნ ვიზიტორი მიიღო, რაც 3 700 000-იანი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა. აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში, რაც ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას, ასევე, ტურიზმის სექტორის განვითარებას. გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას აქტიური კამპანიების განხორციელებითა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებით, ვზრუნავთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ქვეყანაში უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე, ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ხელშეწყობაზე, ვქმნით ახალ ტურისტულ პროდუქტებს და ხელს ვუწყობთ ახალი პირდაპირი ფრენების გამართვას, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირებას გლობალურ ეკონომიკაში და ტურისტული ქსელის განვითარებას.
ზემოაღნიშნული ღონისძიებებით და საკუთარი უნიკალურობით საქართველოს ტურიზმის სფერო, არსებული კონკურენციის გამოწვევების თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი და ექნება პრეტენზია, იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა.
საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე ორი უმთავრესი მიზანი დაისახა – საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვა და ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, სანამ გლობალურად ტურიზმის სექტორის აღდგენის ტენდენციები არ გაჩნდება. ჩვენ ტურიზმის სექტორს გვერდით ვედექით და დავუდგებით სხვადასხვა პროგრამებით, შეღავათებით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებებით თუ სხვა ინსტრუმენტებით.
საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი.
პოსტკრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია, ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, ეკონომიკური კრიზისი, პანდემია, ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად.
დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს და ღონისძიება წარმატებით ჩაივლის. გისურვებთ წარმატებას, ეფექტურ ღონისძიებებს და მუშაობას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის!
“აიპრესი”