სებ-ი მიკრობანკებისთვის ახალ კანონმდებლობას ამზადებს …

საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკების შესახებ კანონმდებლობის მომზადებაზე მუშაობს.

დღეს სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით მიკროსესხების ბაზარი უფრო ორგანიზებულ სახეს მიიღებს.

გვენეტაძის თქმით, მიკრობანკების სტატუსის მიღების შემდეგ გაიზრდება იმ დეპოზიტარების სახსრების დაცულობა, რომლებმაც მისო-ების მიერ შეთავაზებულ, დეპოზიტების მსგავს ინსტრუმენტებში განახორციელეს თანხების ინვესტირება. ამასთანავე, ამ საფინანსო დაწესებულებებზე დეპოზიტების დაზღვევის სისტემაც გავრცელდება.

“როდესაც ვსაუბრობთ მიკრობანკებზე, ეს იქნებიან ის კომპანიები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ძირითადად მიკროსესხებზე, ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე, აგროსესხებზე, მცირე ბიზნეს სესხებზე. მათ ექნებათ პირდაპირი წვდომა ეროვნულ ბანკთან, ასევე, მათ შეეძლებათ, რომ ჩაერთონ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი სამუშაო არის ჩასატარებელი; დაწყებული გვაქვს განხილვა სექტორთან, განხილვა იქნება საჭირო პალრამენტთან, ამის შემდეგ კი, იქნება შეთავაზებული პაკეტი, რომელმაც საშუალება უნდა მოგვცეს, რომ ეს შემდეგი ეტაპი რეფორმისა განხორციელდეს. იმ ნიშიდან გამომდინარე, რომელიც მისო-ებს აქვთ, ვფიქრობ, ისინი კომერციულ ბანკებს, ასე ვთქვათ, კონკურენციას არ შეუქმნიან, თუმცა მათ ექნებათ თავიანთი ნიშა და იმ თავიანთ ნიშაში უფრო გაძლიერდება კონკურენცია, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია” – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორის ბაზარზე 40-მდე მოთამაშე საქმიანობს. 2020 წლის ივნისის მდგომარეობით, მისო-ების ჯამური აქტივების ღირებულება 1.3 მილიარდი ლარი იყო. 2020 წლის პირველ 6 თვეში სექტორის ჯამურმა ზარალმა 29 მილიონი ლარი შეადგინა.

წყარო: newposts.ge