ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, რომ „ციფრულ რეკლამაში, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო კომიტეტმა შექმნა და რომელსაც ‘დავუბრუნოთ ამერიკას დიდება’ ეწოდება, გამოსახულია წინ მომავალი ჯარისკაცების სილუეტები, რომელთა თავზეც სამი ავიაგამანადგურებელი ჩანს. რეკლამა პირველად 8 სექტემბერს გამოჩნდა და 12 სექტემბრამდე ტრიალებდა“.
რეკლამის მიზანია, შეგროვდეს ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისათვის საჭირო ფულადი თანხები ხალხისადმი პატრიოტული მოწოდების ფონზე, მხარი დაუჭირონ ამერიკელ სამხედროებს.
საინტერესო აქ ის არის, რომ რეკლამაში გამოყენებული თვითმფრინავები რუსული „მიგ-29“-ებია. „ეს დანამდვილებით რუსული МиГ-29 თვითმფრინავებია“ – განუცხადა „პოლიტიკოს“ პიერ სპრეიმ, ამერიკული თვითმფრონავების F-16 და A-10 -ის ერთ-ერთმა დამპროექტებელმა, ხოლო რუსლან პუხოვმა, მოსკოვის სტრატეგიისა ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორმა დასძინა, რომ რუსული თვითმფრინავების გარდა, რეკლამაში რუსული ავტომატიც არის გამოყენებული – მარჯვნივ მდგომ ჯარისკაცს სწორედ АК-74 უჭირავს ხელში.
„მიგ-29“ ორძრავიანი გამანადგურებელი თვითმფრინავია, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნეს და პირველად ჰაერში 1977 წელს აფრინდა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე უფრო გავრცელებული გამანადგურებელი და მისი „სპეციალიზაციაა“ ამერიკულ F-15 და F-16-თან ბრძოლა. ამერიკელებმა რამდენიმე „მიგი“ იყიდეს კიდეც, რათა სწავლებებში გამოეყენებინათ და მისი ფუნქციები უკეთ გაეშიფრათ.
ტრამპის შტაბი რეკლამაში გაპარულ ლაფსუსზე კომენტარს არ აკეთებს. აღსანიშნავია, რომ რუსული ტექნიკა ანალოგიურ რეკლამებში წარსულშიც არის შემჩნეული. შარშან რესპუბლიკელმა ბრაიან მესტმა „ტვტერზე“ რუსული ატომური კრეისერის “Петр Великий” -ის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დაბადების დღეს გილოცავ, აშშ-ის ფლოტო!“
შემდგომში კონგრესმენმა წაშალა თავისი „ტვიტი“.