რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ამის შესახებ Meduza წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ნავალნი ამ პრესტიჟულ ჯილდოზე „აღიარებული უნივერსიტეტების პროფესორებმა წარადგინეს, რომლებიც რუსეთს სწავლობენ“. მათი ზუსტი სახელები უცნობია.
ჯილდოს მისაღებად ნავალნი კონკურენციას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიას, აშშ-ის, სერბეთისა და კოსოვოს მთავრობებსა და კიდევ 300-მდე პრეტენდენტს გაუწევს.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადსტურეს.
“იმედი”