„ალიას“ ესაუბრება პროფესორი, პიარტექნოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის ყოფილი მოადგილე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი, მწერალი, ლალი მოროშკინა.
– რა არის თქვენთვის კორონავირუსი და მასთან ბრძოლის რომელი გზა მიგაჩნიათ ოპტიმალურად?
– ჩემთვის ეს არის ჩვეულებრივი, სეზონური გრიპი. შვედური მოდელი იყო ძალიან კარგი, თუმცა, თავის დროზე, იგი ევროპამ არ გაიზიარა და ახლა წერენ ევროპულ საიტებზე, რომ შვედური მოდელი იყო გასაზიარებელი. ბევრი ქართველი ექიმიც ამბობს უკვე, რომ სჯობდა თავის დროზეც არ ჩავკეტილიყავით, რადგან ყველა სეზონურ გრიპს ახლავს თავისი მუტაცია და გაცილებით უფრო დასუსტებულს მივიღებდით ახლა. ერთი რაც კარგია, ყველა ექიმი ამბობს, რომ არ არის განგაშის საფუძველი, რასაც მე დიდი ხანია ვამბობდი.
– თავიდან ასე არ ამბობდნენ, მახსოვს პერიოდი, როცა მცირე მატებაც კი საგანგაშო იყო და კუბოები გვესმოდა მხოლოდ…
– ჩვენ უნდა აგვერჩია ორი გზა, ერთი არის გზა აშშ-ს პრეზიდენტის, რომელმაც უარი თქვა ჯანმოს რეგულაციებზე და შეუწყვიტა მას დაფინანსება და მეორე ჯანმოს პროტოკოლის გზით ცხოვრება. ჩვენ ავირჩიეთ მეორე გზა და დავიცავით ეს პროტოკოლი. ეს არის ელემენტარული არითმეტიკა, მაშინ რომ ჩაგვეტარებინა ათასობით პისიარ-ტესტი, მივიღებდით ასევე ასობით დაავადებულებს. სამწუხაროდ, დაშვებული იქნა უამრავი შეცდომა. როდესაც შენ კერძო სკოლებს ეუბნები, რომ უნდა გაიხსნას და სწავლის დაწყების წინ კეტავ, ეს ნიშნავს იმას, რომ მშობლებმა ათასობით ევრო უკვე გადაიხადეს, ზოგმა ვალი აიღო და ისე გადაიხადა, მათი შვილები კი სახლებში სხედან. ჩვენ შეიძლება მივიღოთ კერძო სკოლების ტოტალური დაცარიელება. ჩვენ არ მოვუსმინეთ ყველა ექიმს და ვიზიარებდით მხოლოდ 2-3 ექიმის აზრს. დღეს უკვე გამოიკვეთა, რომ ლევან რატიანი სხვა აზრზეა, უფრო მხცოვანი ექიმები სხვა აზრზე არიან და კიდევ უფრო ახალგაზრდა ექიმები, როგორიცაა, მაგალითად, გიორგი კანდელაკი – სრულიად სხვა აზრზე. დღეს მივიღეთ რა – 200 კაცზე მეტი დაკავებულია პარიზში, დაანგრიეს საპროტესტო აქციებით საფრანგეთი, ისრაელი, საპროტესტო აქციების ალშია, გერმანიაში მილიონიანი გამოსვლებია, საბერძნეთშიც ასევე – იმის მაგიერ, რომ ახალი სასწავლო წლიდან დაგვეწყო ნორმალური ცხოვრება, სამწუხაროდ, ჩვენც წავედით საპროტესტო გზით. მასშტაბური აქციაა დაანონსებული 15-ში, 17-ში, მეცოდება ჩემი ქვეყანა ამდენი აქციებისთვის.
– ლევან რატიანმა პოზიცია შეიცვალა, თუმცა, სააღდგომოდ, კარგად გვახსოვს მისი დამოკიდებულებაც, დახრჩობით სიკვდილით დაშინების მცდელობაც და აღიარებაც, რომ ამ განცხადებების პარალელურად, თავად ჩუმად დადიოდა თურმე ტაძარში.
– ლევანმა ყველაზე ვაჟკაცური პოზიცია დაიჭირა, რადგან შემდეგ ბევრი სიმართლე თქვა. მე ვფიქრობ, ექიმი პირველ რიგში, სიტყვით უნდა კურნავდეს და შემდეგ მედიკამენტებით.
– მიუხედავად იმისა, რომ მრევლს უგუნური ეძახეს, ქვეყანა ჩაკეტეს, ტურისტი არ შემოუშვეს ამ ე.წ. „მეორე ტალღის“ შიშით, ახლა ვიგებთ, რომ ამ მეორე ტალღისთვის არაფერი გაკეთებულა, საავამდყოფოები არ გარემონტებული, არ აღჭურვილა, ექიმები ან არ გადამზადებულა, ან ცუდად გადამზადებულა, ფაქტია, რომ ინფიცირებულთა საკმაოდ დიდი წილი მოდის მედიცინის მუშაკებზე. რა არის ეს, არ აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო, ვერ აკეთებს, სინამდვილეში არ ეშინია ვირუსის გავრცელების და ჩვენ გვატყუებს? ხალხს აქვს ეს სრულიად ლოგიკური კითხვები.
– კი, ეს შეკითხვები არ იქნებოდა რომ შეგვძლებოდა ონლაინ რეჟიმში თვალყური გვედევნებინა, კარგი, ჯანსაღი კონფერენციების, სადაც მოვისმენდით ყველა ექიმის აზრს, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფი ექიმების ჩათვლით. დღეს როცა ბატონი ცერცვაძე უპირისპირდება სერგეენკოს და სერგეენკო მაჟორიტარი დეპუტატია საბურთალოს რაიონის, მე კითხვის ნიშანი მიჩნდება… ისევ იმაზეა საუბარი, ვინ დააქცია ჯანდაცვის სისტემა და ამას ექიმები ერთმანეთს ტალახივით ესვრიან, ეს ძალიან არასასიამოვნო საყურებელია. მე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაქვს შეკითხვა, რა ხდება თქვენ სისტემაში? ერთ გუნდში უნდა იყოთ და ამ დროს რატომ ასხამთ ლაფს ადამიანს, რომელიც მაჟორიტარობის დეპუტატია და ამით მის რეიტინგს დაბლა წევთ? რაშია საქმე? კითხვები იმაზე მეტია, ვიდრე პასუხები.
– დავით სერგეენკო ზუსტად მმართველმა გუნდმა ჩამოაშორა ჯანდაცვის მინისტრის სკამს და იქნებ, მართლაც დააქცია ჯანდაცვის სისტემა? ეს კითხვაც არსებობს…
– ეგ კითხვა რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა მაჟორიტარად წარდგენილი ისეთ დიდ და საჭირო, მოსაგებ უბანში, როგორიც არის საბურთალო, მე ასე ვფიქრობ და როგორც მოქალაქეს, არ უნდა მრჩებოდეს ამდენი უპასუხო შეკითხვა. ისიც მაინტერესებს, თუ 7-8 კაცი ქმნიდა პრობლემას და ვიკეტებოდით 2-3 თვით, უკვე სამრიცხვიანი ციფრი რატომ აღარ არის საშიში? თუ მუტაცია განიცადა, მაშინ სკოლებს რატომ კეტავ? საუბარია იმაზეც, რომ სავაჭრო მოლები დაიხურება და დიდი მაღაზიები, მაშინ როცა სავაჭრო მოლების მფლობელები, ითხოვენ 5 000, 10 000 დოლარის ოდენობის იჯარის გადახდას მაღაზიებისგან – როგორ და საიდან გადაიხადონ? სახლები აქვთ ჩადებული ადამიანებს, ყველაფერს ერთად კარგავენ. იგივე რესტორნები – თუ გავხსენით, ვამუშაოთ, თუ არადა, საერთოდ არ გაგვეხსნა. გახსნეს, მოიმარაგეს პროდუქტი, იყიდეს რეგულაციებით განსაზღვრული ნივთები, სადეზინფექციო ხსნარი, დენზობარიერები და ასე შემდეგ. მე წელს სიღნაღში ვერ გავხსენი სასტუმრო, იმის თანხაც არ მქონდა, რომ ეს ყველაფერი შემეძინა. ვინც გახსნა, იმ ადამიანებს ვესაუბრე და უკიდურესად გამწარებულები არიან, ესეც ბანკის სესხით გააკეთეს. ყველას მოგვივიდა მესიჯები, ბანკი ოქტომბრიდან უკვე ითხოვს გადასახადს. სისტემა უნდა იყოს ყველაზე ერთნაირად მორგებული, სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს ერთ აზრზე, სწორედ ამისთვისაა საჭირო ყველა ექიმის აზრის მოსმენა და არა 2-3 ექიმის, რომლებიც საოცრებებს საუბრობენ. ვერასოდეს დავივიწყებ იმნაძის კუბოებს.
– ახლაც თქვა, რაც მეტი დაავადდება, მით მეტი მოკვდებაო…
– რასაც იმნაძე აკეთებს, ეს არის ჰიპოკრატეს ფიცზე უარის თქმა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ჩემთვის გაცილებით მისაღებია, მარინა ეზუგბაია, რომელიც ცდილობს დაამშვიდოს მოსახლეობა. არ შეიძლება ექიმი ამ ტონით გესაუბრებოდეს. ჩვენც კარგად ვიცით, რომ შეიძლება ფრჩხილი ჩაგიბრუნდეს და იმისგან მოკვდეს ადამიანი. ადამიანის სიცოცხლე ბეწვის ხიდია და არავინ იცის, დილით რომ გაიღვიძებს, საღამომდე მიატანს თუ არა. შატილის გზაზე რომ 17 ადამიანი დაიღუპა, ახალგაზრდა გოგოები, ჩვიდმეტივე ჯანმრთელი იყო, მაგრამ იღბალმა უღალატათ. შეიძლება არც ერთი ვირუსი არ შეყროდათ ცხოვრებაში, მაგრამ დაიღუპნენ, ტრაგედია მოხდა. ეს ცხოვრება არის დაუწერელი წიგნი და მისი წაკითხვა მხოლოდ ბიბლიით შეიძლება. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ სამწუხაროდ, არ უნდათ სპორტი, არ უნდათ სუფთა ჰაერი, არ უნდათ ჯანსაღი პროდუქტი, ურჩევნიათ ჩაიკეტონ სახლებში, მოწიონ ბევრი სიგარეტი, დალიონ მეტი სასმელი… ვითარდება სპორტი ქვეყანაში? არის რამოდენიმე ცნობილი სპორტსმენი და კლანები და ახალგაზრდებში არ მიდის სპორტის პროპაგანდა, სამაგიეროდ მიდის მოსაწევის პროოაგანდა, ეს მივიღეთ სამწუხაროდ.
– როგორ ცხოვრობდა პანდემიის დროს ლალი მოროშკინა?
– ყოველ დღე პროდუქტებს ვიღებდი და ვარიგებდი იმ ოჯახებში, რომლებსაც უკიდურესად უჭირდათ. 10 კილო დავიკელი, დღის მანძილზე 10-15 კილომეტრს გავდიოდით, მეც და ჩემი ოჯახის წევრები. მარინა სალუქვაძე, ჩემი მეგობარი, ერთადერთი რისთვისაც აღებდა რესტორნის კარებს, იღებდა საკვებს და ურიგებდა გაჭირვებულ ადამიანებს. ვთვლით, რომ ადამიანებს იმედი უნდა მივცეთ. არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ უკეთესობის და არიან ფატალისტები, რომლებიც ხუთჯერ მოგიყვებიან, როგორ მოკვდა ვიღაცა და როგორ იყვნენ პანაშვიდზე, სამაგიეროდ, არასოდეს გეტყვიან, რა ბედნიერი დღე გაატარეს საყვარელ ადამიანთან ერთად. ეს ბუნებაა ადამიანის. ჩვენ ვართ სადღაც 50-კაციანი გუნდი, რომელსაც არ გვეშინია, არაფერს ვითაკილებთ, მივალთ, დავეხმარებით, ზოგს ფსიქოლოგიურად დავეხმარებით, ზოგს ფიზიკურად, ვისაც რა სჭირდება
– გიფიქრიათ თქვენ სასტუმროში საკარანტინო სივრცის მოწყობაზე?
– ჩემი სასტუმრო ძალიან პატარაა, სასტუმრო ხმამაღალი სიტყვაა, 7 ნომრიანია. სიამოვნებით დავუთმობ, გამოიყენეთ, სულ არ მინდა არაფერი. როდესაც მართლა პანდემიაა, ზოგმა სასტუმრო უნდა დაუთმოს, ზოგმა მანქანა და ზოგმა სახლი. ეს კანონითაა განსაზღვრული. ამაზე უარის თქმა არაადამიანობაა. თუ დასჭირდებოდათ კარანტინისთვის, უსასყიდლოდ დავუთმობდი, მაგრამ არ გავხსნიდი სამუშაოდ. როდესაც საუბარი იყო შიდა ტურიზმზე, აქაც შეცდომა იქნა დაშვებული, შიდა ტურიზმი საქართველოში ნაკლებად მუშაობს, ყველას აქვს თავისი სოფელი, ხალხს ძალიან გაუჭირდა, სასტუმროებზე არ იყო მოთხოვნა წელს. გასაგები იყო, რომ ვერ გავქაჩავდით შიდა ტურიზმს, მაგრამ ახლა შიდა ტურიზმს დააბრალეს ახალი ტალღა. ამ ადამიანებმა მოუსმინეს მთავრობას და თავისი შვილები გახიზნეს მთებში და ისევ მათ დააბრალო, ცოტა უხერხულია. ან, რატომ ვაბრალებთ ადამიანს რომ ქორწილი გადაიხადა და ამის გამო 5 კლასტერი წარმოიშვა, გვეთქვა მაშინ ამ კაცისთვის, ნუ გადაიხდი ქორწილს და არ იზამდა. მე მომცა სახელმწიფომ უფლება და მერე მაბრალებს კლასტერებს – ძალიან ცუდად მოვექეცით ჩვენ მოსახლეობას, უკიდურესად ცუდად.
– 4400 საწოლი გვქონდა სანამ „სახლში დავრჩებოდით“ კოვიდ ინფიცირებულებისთვის, ახლა მინისტრი აცხადებს, რომ 600 საწოლი გვაქვს და მათი უმეტესობა უკვე დაკავებულია, ამიტომ, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს, სავარაუდოდ, სასტუმროებში უმკურნალებს – სად წავიდა ეს საწოლები, ცალკე კითხვაა და როგორ დააკლდა, როცა უნდა მომატებოდა, მაგრამ, რა ხდება, ახლობლების სასტუმროებს ვამდიდრებთ? ხომ ყველამ ვიცით, რომ ყველა სასტუმროს სახელმწიფო უხდის თანხას?
– ნამდვილად, თან სოლიდური ფასებია და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებია ჩართული კარანტინის თემაში. ძალიან არასწორი კუთხით წავედით, რამდენიმე ქვეყანაში აიღეს, სტადიონები დააცარიელეს და იქ ჩადგეს საწოლები, როცა პრობლემა იყო, საქართველოს საიდან ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებში ჰქონოდა კარანტინი? ჩვენნაირი პატარა და ღარიბი ქვეყნისთვის სრულიად შეუფერებელი ფუფუნების ნაბიჯები გადავდგით. ზოგი ადამიანი, რომელიც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მოხვდა, საერთოდ ცხოვრებაში არ იყო სასტუმროში ნამყოფი. რეალურად, დაზარალდნენ პატარა სასტუმროები, რომლებიც ბანკებშია ჩადებული, ჩემი სასტუმროს ჩათვლით, მეც ვეღარ გადავიხდი ბანკის ფულს და თუ გაიყიდება, ვყიდი… ანალოგიურ მდგომარეობაში ყველა პატარა სასტუმრო, სადაც არც საკარანტინო ზონა იყო და ცხადია, ტურისტიც ვერ მიიღო. არ მინდა ჩემ ქვეყანაში დაპირისპირება და ხალხის ქუჩაში გამოსვლა, 17 სექტემბერს დიდი აქცია იგეგმება გიდების, რომლებიც მართლა უპუროდ დარჩნენ, თარჯიმნების, მძღოლების, შეუერთდებიან მაღაზიების, რესტორნების მეპატრონეები და მივიღებთ აღელვებულ, დიდ მასას. რა არის რევოლუციის მთავარი პრინციპი? როცა დაბალ ფენას დასაკარგი აღარაფერი აქვს, გამოდის ქუჩაში! ჩვენ გამოვდივართ ის დაბალი ფენა, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი გვრჩება. არ დავმალავ, მყავს საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მეგობრები, მქონდა შეხვედრები და ვეუბნები მათ, რომ არის ჯერ კიდევ გადარჩენის გზა, მაგრამ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, ის კი არა, რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს კვერი დავუკრათ და გადავარჩინოთ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ადამიანებზე, ხალხზე, რომლებმაც თავისი სახლები გადააკეთეს სასტუმროებად, ბოლო კაპიკებით შეიძინეს მანქანები და გიდებად მუშაობდნენ – ამ ადამიანებს უნდა მოვეფეროთ, თორემ, ვინც ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, იმას კიდევ ერთი ან რამდენიმე ასეთის ასაშენებელი ფული ჯიბეში უდევს… ცხადია, ეს ნორმალურია და ღმერთმა კარგად ამყოფოთ, ეს სეგმენტიც საჭიროა, მაგრამ ისინი არ არიან შენი ამომრჩევლები. კახეთში რომ დიდი სასტუმრო დგას, ეს კახელის სასტუმრო არ არის, არის ჩამოსულის და მე ის კახელი მადარდებს, რომელიც მშიერი დარჩა. მერე ხალხი სვამს კითხვას – აფიორაა? აფიორას იმიტომ არქმევენ, რომ ადამიანები ვერ პოულობენ სწორ სიტყვებს, როგორ დაახასიათონ ასეთი ქცევა მთავრობის. მენეჯმენტი არის არასწორად აწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო წელია, დავთვალეთ და პოლიტიკურ გადაცემას გაცილებით ნაკლები აქვს რეიტინგი, ვიდრე სოციალურ თემაზე გაკეთებულ გადაცემას. ადამიანებს უკვე მობეზრდათ პოლიტიკოსების მოსმენა, წინასაარჩევნო მარათონი, დაიმშა ხალხი, აინტერესებთ სოციალური თემა, პენსია, დახმარება, საბანკო სისტემის თემა და ა. შ.
– ვის მისცემთ 2020 არჩევნებზე ხმას?
– პარტიებიდან „ქართულ ოცნებას“, მაჟორიტარი კანდიდატებიდან, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, წელს, ჩემ ხმას ორ ნაწილად გავყოფ.
– პირველი ტალღის შემდეგ, „ოცნების“ რეიტინგმა ოდნავ აიწია, ნორმალურია, მასშტაბური განსაცდელის დროს ნებისმიერი ხელისუფლების რეიტინგი მაღლდება, ხომ არ ფიქრობს „ოცნება“, რომ თუ ე.წ. „მეორე ტალღა“ ექნება ამ პისიარ ტესტებით, მისი რეიტინგი ისევ აიწევს?
– მოდით, დავალაგოთ, რა ხდება მსოფლიოში, ჩვენ ხომ არ ვართ ცალკე აღებული ქვეყანა. ჩვენ ვართ ამერიკის სტარტეგიული პარტნიორი. ტრამპმა პირველი რაც გააკეთა, ფედერალური ბანკი აქცია ხალხის საკუთრებად, გამოვიდა ერაყიდან და გამოდის ავღანეთიდან. ტრამპის რეიტინგი უკიდურესად იზრდება, მაგრამ მის წინააღმდეგ იბრძვის სოროსი, რომელმაც ხმამაღალი განცხადება გააკეთა, აუცილებლად მოვკლავ, თუ დავინახე რომ იგებსო, ტრამპის წინააღმდეგ ასევე იბრძვის ბაიდენის კლანი. ჩვენ ახლა ვეწირებით დემოკრატების და რესპუბლიკელების თამაშს. სამწუხაროდ, ჩვენი საპარლამენტო არჩევნები არის მანამდე, ვიდრე ამერიკის. ჩვენი ქვეყნის მმართველები ერთხელ, უკუღმართმა პიარტექნოლოგებმა და უკუღმართმა ლობისტებმა შეიყვანეს შეცდომაში და მიალოცინეს საპრეზიდნეტო არჩევნები ჰილარი კლინტონისთვის. მას შემდეგ ტრამპი ჩვენ მთავრობას არ დალაპარაკებია. ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან მძიმე არჩევანი, ტრამპი გვეუბნება, უარი უთხარით ჯანმოს, მის პროტოკოლებს და მე როგორც კი მოვალ მეორე ვადით პრეზიდენტად, დავსჯი ყველასო – მაგრამ, ვაი თუ ბაიდენი მოვიდა და ჩვენ აქ ტრამპის პოლიტიკა გავატარეთ? ეს ხომ ნიშნავს, რომ ბაიდენი აქ ომს დაიწყებს. ჩვენ რომ არასწორი არჩევანი გავაკეთოთ, ვეღარც პენსიებს დავარიგებთ და ვეღარც ხელფასებს, ყველასთვის ცნობილია, როგორ რეალურ დახმარებას უწევს ამერიკა საქართველოს – აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული. ყველაზე კარგია, ჩვენ როგორც მივდივართ, ასე „ვიყანყალოთ“ ფრთხილად ამერიკაში არჩევნების ჩატარებამდე, ცხადია, ტრამპი მოიგებს და ცხადია, დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება, ვინც იცის ამერიკის შიდა სიტუაცია, ორივე მხარე იარაღდება უკვე და დაველოდოთ, სანამ ისინი დაასრულებენ ამ ყველაფერს და მერე ჩავეხუტოთ ახლადარჩეულ პრეზიდენტს. პირდაპირ ვიტყვი, დამთავრდება ეს კორონამანია, ეს აფროამერიკელების აჯანყება და ყველაფერი, რა წუთშიც გაიმაგრებს ტრამპი პოზიციებს და მერე დაიწყება დაჭერები, აშშ-ში უკვე გაცემულია სანქციები. პომპეო დოჰასში ხვდება თალიბებს. თუ ასე მძვინვარებს დაავადება, რა დროს თალიბებია, რა დროს დოჰასში სტუმრობაა? პომპეო პირბადის გარეშე მართავს შეხვედრებს, ელემენტარულად, ტვინი გავამოძრაოთ და დავინახოთ მსოფლიო პროცესები. დაოსი ითვლება მილიონერების, ეკონომისტების და მსოფლიო თავების შეკრების ადგილად, ეკონომიკური კონფერენცია უნდა გამართულიყო იქ ნოემბერში და გადაიტანეს მაისში. ეს იმას ნიშნავს რომ მაისამდეა ეს მძიმე პროცესი და უყურეთ რა დაარქვეს კონფერენციას – მსოფლიო გადატვირთვა 2020. აი, ეს არის ახსნა!
თამო კეშელავა, ალია №33