აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდებას, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინასთან დაკავშირებით შიშს ავრცელებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მეცნიერების აზრი უნდა გაითვალისწინოს და ვაქცინის შექმნა არ უნდა დააჩქაროს.
„მე ვენდობი ვაქცინებს, ვენდობი მეცნიერებს, მაგრამ არ ვენდობი დონალდ ტრამპს. აღნიშნულ მომენტში მას არც ამერიკელი ხალხი შეიძლება ენდოს,“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, ვაქცინის დამტკიცება არა დაჩქარებულად, არამედ უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს.
ჯო ბაიდენის განცხადებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაიდენმა და მისმა საარჩევნო შტაბმა „ანტი-ვაქცინური თეორიების“ ხელშეწყობა უნდა შეწყვიტონ. „ისინი წინდაუხედავად საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს”, – აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ 100 მილიონი დოზა, შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გავრცელდეს.
“აიპიენი”