სერგეი ლავროვი: “ქართველი ხალხი ბრძენია, ქართველებს უყვართ სიცოცხლე, ჩვენს შორის ბევრი თანხვედრაა!”

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა RTVI-ზე სერგეი ლავროვის ინტერვიუ თინა კანდელაკთან. ინტერვიუს დასკვნითი ნაწილი საქართველოს ეხებოდა. “როგორც ქართველმა, საქართველოზე უნდა გკითხოთ” – თქვა კანდელაკმა, – “უკვე მეორე თაობა გაიზარდა საქართველოში, რომელმაც არ იცის რუსეთი. როდის მოიხსნება საქართველოსთან სავიზო რეჟიმი?”

 

სერგეი ვიქტორის ძე ლავროვი, თანამედროვეობის გამოჩენილი რუსი დიპლომატი უზარმაზარი გამოცდილებით, საქართველოსთან მიმართებით რაღაც ცოტა მიამიტობით, ცოტაოდენი აღტაცებით საუბრობს ხოლმე – ეს ჩემი დაკვირვებაა და ამჯერადაც, ლავროვის მხრიდან ასეთი დამოკიდებულების მოწმე გავხდი. ლავროვის პასუხში აშკარა ოპტიმიზმი გამოიხატა. გადმოვცემ საკმაოდ ვრცელ ციტატს (5 წუთზე მეტი ისაუბრა საქართველოზე), აი რა თქვა ლავროვმა (მცირე შემოკლებით, მაგრამ აზრის სრული დაცვით):

“ქართველებს რუსეთის მონახულება ვიზით ახლაც შეუძლიათ, შეზღუდვები ვიზის მისაღებად თითქმის აღარ არსებობს. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, როგორც იცით, ერთი წლის წინ ჩვენ თანახმანი ვიყავით, მოგვეხსნა სავიზო რეჟიმი, სულ რამდენიმე კვირაში უნდა მომხდარიყო ეს. მაგრამ ხელი შეგვიშალა ვითარებამ, რომელიც მართლმადიდებელი ხალხების საპარლამენტო ასამბლეის რუსულ დელეგაციასთან დაკავშირებით შეიქმნა, როდესაც დელეგაცია მოიწვიეს, ჩასვეს სავარძლებში და შემდეგ ამის გამო ძალა გამოიყენეს. მიუხედავად ამისა, საქართველოსთან ჩვენ მაინც გვექნება კარგი ურთიერთობა; ვხედავ, რომ საქართველოში ესმით რუსეთთან ურთიერთობების აუცილებლობა და ის, რომ საქართველო ამჟამად მოწყვეტილია თავის ბუნებრივ განვითარებას. პოლიტიკურ ისტებლიშმენტშიც აცნობიერებენ ამ ფაქტორს. მართალია, ის პარტიები, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსეთთან ნორმალიზაციას უჭერენ მხარს, შედარებით მცირე მასშტაბისანი არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე და ურთიერთმიზიდულობა. პროვოკატორები, რომლებსაც არ სურთ საქართველოს დაბრუნება რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების გზაზე, შერცხვენილ იქნებიან…

საქართველოს გამოყენება უნდათ რუსეთის წინააღმდეგ, როგორც უკრაინას იყენებენ. …ჩვენ არასოდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ გვქონია ფარული ზრახვები. გახსოვთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს – ამერიკელები ახდენდნენ იმ ამბების წინ ქართული ჯარის მომზადებას, შეიარაღებას და მათ კარგად იცოდნენ სააკაშვილის თავშეუკავებლობის შესახებ, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა მანამდე მიღწეული შეთანხმება და დანაშაულებრივი ბრძანებები გასცა. … შემდეგ ცდილობდა, ჩვენთვის დაებრალებინა ეს ყველაფერი…

მე კარგად ვიცი, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, ქართველებს უყვართ სიცოცხლე, ისევე, მის ისეთსავე გამოვლინებებში, როგორც რუსეთის ხალხებს – ვიცი, რომ ძალიან ბევრი თანხვედრაა ჩვენს შორის (იღიმის)… ქართველები დაძლევენ არსებულ ანომალურ ვითარებას და ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ადამიანურ დონეზე”.

როგორც ამ ციტატიდან ვხედავთ, ლავროვი რაღაც პატარა პარტიებსაც ამჩნევს საქართველოში, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაზე საუბრობენ. ჩემი შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი და მიდგომა, როგორ უნდა ითანამშრომლოს რუსეთმა ამ პარტიებთან და ზოგადად, ჯანსაღ ძალებთან საქართველოში, მაგრამ ასეთი მზადყოფნა არის, თუკი საქართველოდან მეტი გამბედაობა და მეტი პრინციპულობა იქნება. ამ გამბედაობასა და პრინციპულობაში ვგულისხმობ, რომ უარი უნდა ითქვას რუსეთის მუდმივად “ოკუპანტად” მოხსენიებაზე, რაც ისედაც უნაყოფოა და უკვე თორმეტი წლის მანძილზე დაამტკიცა თავისი კონტრპროდუქტიულობა. ნაცვლად ლანძღვა-გინებისა, უნდა მოხდეს მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი, რომ დაიწყოს ფართომასშტაბიანი ასიმეტრიული მოლაპარაკებები, რომლებზეც რუსეთის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან, საქართველოს მხრიდნა კი – ზემოთ ნახსენები პარტიებისა და კეთილგანწყობილი ქართული საზოგადოების წარმომადგენლები!

გულბაათ რცხილაძე

P.S. იხ. ვიდეო: