დაღუპული იმ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი იყო, რომელიც გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. მომხდარის დეტალებს პოლიცია ადგენს.
ვარკეთილში საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ავტოავარია ვარკეთილში მოხდა. არსებული ინფორმაციით დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა.
ქალი – მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. დაშავდა სატვირთო ავტომობილის მძღოლიც. სხეულის დაზიანებებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება მიმდინარეობს საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
შსს–ს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის ექვს თვეში საქართველოში ავტოავარიებში 203 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათი – ბავშვი. სულ მოხდა 2 270 ავარია მძიმე შედეგებით, რასაც სისხლის სამართლის სასჯელი მოსდევს. ავარიების ნახევარი თბილისზე მოდის.
“სპუტნიკი”