გამოძიებამ უნდა აჩვენოს, რომ  პუტინი  ნავალნის მოწამვლაზე პასუხისმგებელია- ნავალნის გუნდის წევრი

სათანადოდ ჩატარებულმა რუსულმა გამოძიებამ უნდა აჩვენოს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, კრემლი და უსაფრთხოების სამსახურები ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე პასუხისმგებლები არიან, – ეს განცხადება ნავალნის გუნდის წევრმა გეორგი ალბუროვმა YouTube-ზე გააკეთა.

 

გუშინ, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი ციმბირის ქალაქ ტომსკის სასტუმროს ოთახში მოწამლეს და არა აეროპორტში, როგორც აქამდე ფიქრობდნენ. მათივე თქმით, ნავალნი მას შემდეგ მოიწამლა, რაც ბოთლიდან წყალი დალია.

შეგახსნებთ, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

“აიპიენი”