TikTok-ის აპლიკაცია შეერთებულ შტატებში 12 ნოემბრიდან დაიბლოკება

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გეგმავს ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციების TikTok-ისა და WeChat-ის აპლიკაციების დაბლოკვას.

გავრცელებული ცნობით, WeChat-ი კვირას, 20 სექტემბერს დაიბლოკება, ხოლო TikTok-ი 12 ნოემბერს.

გადაწყვეტილების შესახებ შტატების სავაჭრო დეპარტამენტმა განაცხადა.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩინური კომპანიები საფრთხეს უქმნიან ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და ვინაიდან მათ წვდომა აქვთ მილიონობით ამერიკელი პირად ინფორმაციზა, რაც შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვისაც.

შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს, ინდოეთმა აკრძალა 59 ჩინური პროგრამა, მათ შორის TikTok, UC Browser და WeChat მესინჯერი.

ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს პროგრამები საზიანოა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მთლიანობისთვის, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის.

ჩინური კომპანიის Bytedance-ს აპლიკაცია TikTok მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი იძლევა აპლიკაციაში ვიდეოების დამუშავების შესაძლებლობას. მისდამი განსაკუთრებული ინტერესი პანდემიის დროს გაჩნდა.

ცნობილმა ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა სახის გასართობი ვიდეოების განთავსება, რამაც აპლიკაციის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა. აპლიკაცია საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წყარო: cyc.ge