ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ ამბობს, რომ იგი ღონისძიებას ხელისუფლებისთვის პატივის მიგების მიზნით დაესწრო.
“ჩვენ შევხვდით ხელისუფლებას. პატივი უნდა მივაგოთ პრემიერს, დედაქალაქის მერს. ამიტომ ვიყავით. ეს ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა. ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებს ხელისუფლება. ეს პირველი საუკუნიდან ასეა” – განუცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.
გუშინ ბაგრატის ტაძართან ქართული ოცნების ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატის ზაზა ლომინაძის და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენა მიმდინარეობდა. ღონისძიებას ქვეყნის პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერი კახი კალაძეც ესწრებოდნენ.
ბაგრატის ტაძარში პარტიის პრეზენტაცია 1-ელ სექტემბერს “პატრიოტთა ალიანსმაც” გამართა. მაშინ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრება იყო და პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველთან შეხვედრა, რომელიც ტაძრის ეზოში გაიმართა, ეპარქიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
წყარო: ghn.ge