ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ

ზვიად კირტავა – ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ!

უკანასკნელ დღეებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიზეზებსა და შექმნილ ვითარებაში გამოსავლის გზებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ზვიად კირტავას ესაუბრა.

– ბატონო ზვიად, უკანასკნელ დღეებში საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. მედიკოსები გვარწმუნებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ვირუსის გავრცელების პროცესი კონტროლს ექვემდებარება.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რატომ იმატა ვირუსის გავრცელების შემთხვევებმა მთელ მსოფლიოში და ჩვენთან?

– 11 სექტემბერს მსოფლიოში რეკორდული 310,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ამ მატებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ძალიან მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი ლათინურ ამერიკაში (ბრაზილია, პერუ, მექსიკა, კოლუმბია, არგენტინა, ჩილე), სამხრეთ აფრიკაში და აზიის ქვეყნებში (ინდოეთი, ბანგლადეში, ინდონეზია, პაკისტანი, საუდის არაბეთი, ფილიპინები). ასევე მაღალი მაჩვენებელი სტაბილურად ნარჩუნდება რუსეთში, ირანში და არ ვიცით, რამდენად რეალურია ეს მაჩვენებლები, არაა გამორიცხული, მეტიც იყოს.

ევროპის ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა ზაფხულის პერიოდში შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. ზოგან გაზაფხულის დღიური მაჩვენებლების რეკორდიც კი მოიხსნა, თანაც – რამდენჯერმე – საფრანგეთი (ამჟამად – 10.561, აპრილში იყო 7500), უკრაინა (3144, აპრილში – 578), ისრაელი (4429, მარტში – 765), ჩეხეთი ( 1541, მარტში – 377), რუმინეთი (1504, აპრილში – 523), უნგრეთი (916, აპრილში – 210) პოლონეთი (900, აპრილში – 545), , სხვაგან კი პირველი ტალღის დროინდელი პიკური მაჩვენებლის 50%-იანი დონე გადაილახა – ესპანეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ავსტრია, ბელგია.

საბედნიეროდ, ევროპის ქვეყნებში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას არ მოჰყოლია სიკვდილობის ზრდა, პირიქით, თუ საფრანგეთში აპრილში დღიურად 500-1500 სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა – თუნდა ინფიცირებულთა 30%-ით უფრო მაღალი მაჩვენებლის ფონზე, დღიური სიკვდილობა 25-80-ს შორის მერყეობს, ანუ 15-20-ჯერ უფრო დაბალია.

– რა ხდება? შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში და საქართველოშიც უკვე შეიძლება საუბარი პანდემიის მეორე ტალღაზე? თუ ასეა, რამდენად მომზადებული შეხვდა მსოფლიო და საქართველო ე.წ. მეორე ტალღას?

– მე არ ვიტყოდი, რომ ქვეყნების უმრავლესობაში ეს მეორე ტალღაა. ინფიცირების შემთხვევების ძირითადი მიზეზები არის მკვეთრად გაზრდილი მობილობა – ეკონომიკური აქტივაცია,- მეტი ადამიანი დაუბრუნდა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს, ასევე ტურიზმი, სწავლის დაწყება და – მეტი ტესტირება.

მე არ ვიტყოდი, რომ ქვეყნების უმრავლესობაში ეს მეორე ტალღაა

ფაქტია, რომ მსოფლიოში ახლა გაცილებით მეტი ტესტირება ხდება და თანაც ტესტირების პროფილი ბევრ ქვეყანაში უფრო მასობრივია და არა – საავადმყოფოებში მისულ სიმპტომიან პაციენტებზე ორიენტირებული – როგორც ეს გაზაფხულზე ხდებოდა.

თანაც, როცა ჩვენ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ვსაუბრობთ ახალი ანტირეკორდების დამყარებაზე, არ ვითვალისწინებთ ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს – როგორია ტესტების პოზიტიური სიხშირე.

ანუ, ჩატარებული PCR ტესტების რამდენი % არის დადებითი. თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ მდგომარეობა ევროპის შიგნითაც კი განსხვავებულია. გერმანიაში და სკანდინავიაში, მიუხედავად იმისა, რომ ივლის-აგვისტოდან დადასტურებული შემთხვევები იქაც იზრდება, პოზიტიური ტესტები მხოლოდ 0.1%-ია (მაისში კი 1%-დან 4%-მდე იყო), მაშინ, როცა რუმინეთში – 5.8% (მაისში – 3.6%), ჩეხეთში – 5.4% (მაისში – 1%), ესპანეთში – 9.4% (მაისში – 3%), ხოლო უკრაინაში – 10.6%, (მაისში – 8%).

ჯანმო თვლის, რომ თუ დადებითი ტესტირების მაჩვენებელი 5%-ზე დაბალია, ეს დამატებით კიდევ ერთი ინდიკატორია, რომ ქვეყანაში ინფექციის კონტროლი კარგად ხდება.

ჯანმო თვლის, რომ თუ დადებითი ტესტირების მაჩვენებელი 5%-ზე დაბალია, ეს დამატებით კიდევ ერთი ინდიკატორია, რომ ქვეყანაში ინფექციის კონტროლი კარგად ხდება

ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია მექსიკასა (47%), არგენტინასა (53.7%), ბოლივიასა (33%) და პარაგვაიში (28%), რაც ტესტირების გაცილებით გაფართოების აუცილებლობაზე მიუთითებს.

საქართველოში, მარტ-აპრილში ტესტირების დღიური მაჩვენებელი 200-300 იყო, ხოლო ახლა 8,000-9,000 მდეა. ასე რომ ახლა დღიურად აღმოჩენილი 150-165 შემთხვევა ტესტების პოზიტიურობის მხოლოდ 1.6%-ია, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო გაზაფხულზე საშუალოდ 5-10 შემთხვევა ნიშნავდა 2-4% პოზიტიურ ტესტს (ასე რომ მაშინაც ვაკმაყოფილებდით ადექვატური ტესტირების საჭირო დონეს).

– ვიცით, რომ ახლა საქართველოში ტესტირებებს მობილური ლაბორატორიები ატარებენ. ხელისუფლების ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ტესტირებულთა რაოდენობის გაზრდამ ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდა აჩვენა. ცხადია, 12000 ტესტირებულიდან მეტი ინფიცირებული დადგინდებოდა, ვიდრე 9 ათასი ტესტირებულიდან და ასე შემდეგ.

ოპოზიცია ხელისუფლებას იმასაც საყვედურობს, რომ აპრილ-მაისში, როცა ვირუსის მატარებელთა რიცხვი დღეში 20-30-ს არ აღემატებოდა, ხელისუფლებამ მთელი ქვეყანა დაკეტა და ეკონომიკა დაღუპა და ქულები ჩაიწერა და თან ამტკიცებდა, კორონა დავამარცხეთო.

ოპოზიციის მტკიცებით, ახლა რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, თავად ხელისუფლებას აწყობს ვირუსის მაჩვენებლის მაღალი მაჩვენებელი – შეშინებულ- დაზაფრული ხალხი და ოპონენტების არასრულფასოვანი საარჩევნო კამპანიები. რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ბრალდებები და კრიტიკა?

– საქართველოს მიდგომა პანდემიის მართვის მიმართ არასდროს ყოფილა განსხვავებული მსოფლიოში ძირითადად მიღებული მოდელისაგან – „პირველ რიგში – მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ – ეკონომიკა“.

ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ესპანური გრიპის (Spanish flu, „ისპანკა“) პანდემიამ უჩვენა, რომ ამერიკის ის ქალაქები, სადაც კარანტინი, დისტანცირება და ნიღბების გამოყენების წესი ადრე და მკაცრად დაიცვეს (მაგ. ქ. სენტ ლუისი), გარდა სიკვდილობის დაბალი დონისა, იმითაც გახდნენ გამორჩეულნი, რომ იქ პანდემიის შემდგომ ეკონომიკური აქტივობის აღდგენა გაცილებით მალე მოხდა, ვიდრე იქ, სადაც ეს ზომები დააგვიანეს (მაგ. ფილადელფია).

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას თავიდანვე რამდენიმე ქვეყანამ – დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, აშშ-მ, შვედეთმა გადაწყვიტეს მოსახლეობის დიდი ნაწილის დატოვება „არც თუ ისე ფატალური“ ინფექციის პირისპირ ე.წ. „ჯოგური“ (პოპულაციური) იმუნიტეტის თანდათან განვითარების მოლოდინში.

მაგრამ მკაცრი და ტრაგიკული რეალობის ფონზე მარტის ბოლოდან საკარანტინო ზომები (ლოქდაუნი) და სკოლებში სწავლების შეზღუდვა ყველა ამ ქვეყანაში განხორციელდა (გერმანიაში – 6 რეგიონში, თუმცა სკოლები და საბავშვო ბაღები ყველგან დაიხურა და მკაცრად შეიზღუდა შეხვედრები) – გარდა შვედეთისა, რომელმაც შემდეგ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა ევროპაში როგორც ინფიცირების, ასევე, განსაკუთრებით, სიკვდილობის ლამის ყველაზე მაღალი (მეორე) მაჩვენებლის გამო.

ივლისში შვედეთში და ესპანეთში ჩატარებულმა ფართო პოპულაციურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „ჯოგური“იმუნიტეტის მოლოდინი არ გამართლდა – ანტისხეულების და ლიმფოციტების მაჩვენებლები იმუნურ პასუხს აჩვენებდნენ მოსახლეობის მხოლოდ 4%-14%-ში, რაც ნაცვლად სასურველი 70%-ისა.

მეტიც, ეს იმუნური ცვლილებები ჯერ კიდევ არ ნიშნავს მყარ იმუნიტეტს, გამოირკვა, რომ კორონავირუსის მანეიტრალიზებელი ანტისხეულები რამდენიმე კვირაში ან თვეში შეიძლება გაქრეს.

ის რომ საქართველოს მთავრობამ გაზაფხულზე ადრეული და მკაცრი ეპიდემიოლოგიური კონტროლი და თანმდევი შეზღუდვები დააწესა, იყო მსოფლიოში აღიარებული მიდგომის გაზიარება – შეიძლება, ცოტა უფრო მეტი გადაზღვევით – „თავს სინანული ვარჩიეთ ბოლოჟამს დანანებასა“. შედეგი იყო არა მარტო დაბალი გავრცელება, არამედ ყველაზე დაბალი სიკვდილობა.

ის რომ საქართველოს მთავრობამ გაზაფხულზე ადრეული და მკაცრი ეპიდემიოლოგიური კონტროლი და თანმდევი შეზღუდვები დააწესა, იყო მსოფლიოში აღიარებული მიდგომის გაზიარება – შედეგი იყო არა მარტო დაბალი გავრცელება, არამედ ყველაზე დაბალი სიკვდილობა

რაც შეეხება ტესტირების მაჩვენებელს, უკვე მაისიდან საქართველოში 100,000 მოსახლეზე იმდენივე ტესტი კეთდებოდა, რაც სამხრეთ კორეაში, და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ კორეა, ტესტ-სისტემების მხრივ, პიონერი და ლიდერი ქვეყანაა.

თუ საქართველო შვედეთის მსგავს მიდგომას აირჩევდა, არ დაკეტავდა საზღვრებს და არ შეზღუდავდა ეკონომიკურ აქტივობას, ამას, სავარაუდოდ, მოჰყვებოდა გაზაფხულზე ათასობით ინფიცირებული და მრავალი ასეული გარდაცვლილი.

დიდი შანსია, რომ ქვეყანას, რომელსაც მასშტაბური ტესტირების, კოვიდ-ცენტრების და ცხელების ცენტრების, ცხელი ხაზის და პირველადი ჯანდაცის სისტემის გამართვისთვის და კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებისათვის ერთ თვემდე დასჭირდა, ვერ გაეძლო ინფიცირებულთა მზარდი ნაკადისთვის და იმის მსგავსი ან უარესი კოლაფსი მიგვეღო, როგორ იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, აშშ და დიდი ბრიტანეთის გაცილებით უფრო გამართულმა, თითქოს ბრწყინვალედ მომზადებულმა და კარგად დაფინანასირებულმა სისტემებმა მიიღეს, როცა უცნობ საფრთხეს დაუპირისპირდნენ.

ასეთ შემთხვევაში, როგორ გვგონია, ტურიზმი და ეკონომიკა კარგად იმუშავებდა? ძალიან დატვირთული იქნებოდა ჩვენი სასტუმროები? ან რას მოიტანდა რუსეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან მასობრივი ტურიზმი, როცა ეს ქვეყნები მსოფლიოში ლიდერობდნენ ინფიცირებულთა რიცხვით? ბევრი მშობელი გარისკავდა შვილების სასწავლებლებში გაშვებას? და ოპოზიციური პარტიები გამართლებულად ჩათვლიდნენ ხელისუფლების მიერ ეკონომიკაზე უპირატეს ზრუნვას?

მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რომ არ ჩათვლიდა, მგონი, ეჭვი არ გვეპარება. და ასი- და ათასკაციანი ქორწილების ნატრული პატარძლების და რესტორატორების გასაგონად უნდა ვთქვათ, რომ მსგავს ტაქტიკას (პანდემიის დროს კი არა, ისედაც) არცერთი „შვედური მოდელი“ არ ამართლებს…

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დღემდე მოქმედებს შეხვედრების და ღონისძიებების გაცილებით მოკრძალებული სტანდარტი – 10-25 ადამიანი. ხოლო ისრაელი სრული განმეორებითი ლოქდაუნის მიჯნაზეა.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დღემდე მოქმედებს შეხვედრების და ღონისძიებების გაცილებით მოკრძალებული სტანდარტი – 10-25 ადამიანი. ხოლო ისრაელი სრული განმეორებითი ლოქდაუნის მიჯნაზეა

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების განცხადებით, ამჟამად, მსგავსად ევროკავშირის ქვეყნებისა, არ იგეგმება არავითარი ჩაკეტვა და ლოქდაუნი. პირიქით, კლასტერების ეპიდკვლევების წარმატების კვალობაზე დაგეგმილია სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში ჩვეულებრივი რეჟიმის აღდგენა. სრული ტემპით მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, და ტურიზმის შეზღუდვაც არ მოიაზრება, მთავარია, ტურისტულმა, ვაჭრობის, ტრანსპორტის და კვების ობიექტებმა თავად დაიცვან ელემენტარული სიფრთხილის რეკომენდებული ზომები.

იმედია, ახლანდელი პიკი ზრდას აღარ გააგრძელებს, და მართული ინფიცირების და დაცული რეკომენდაციების ფონზე რეგულაციები ისევ შერბილდება – გონივრულ დონემდე.

ტესტირება წინა თვეებშიც იყო უკვე 7,000-მდე. ახლა ტესტირება გადანაცვლდა კლასტერების ახლოს, რაც ასევე მიღებული საერთაშორისო ტაქტიკაა და ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უკვე რამდენიმე თვეა, წარმატებით და შესაშური მონდომებით ახორციელებს.

ტესტირება წინა თვეებშიც იყო უკვე 7,000-მდე. ახლა ტესტირება გადანაცვლდა კლასტერების ახლოს, რაც ასევე მიღებული საერთაშორისო ტაქტიკაა და ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უკვე რამდენიმე თვეა, წარმატებით და შესაშური მონდომებით ახორციელებს

ბათუმის ბულვარში, იმერეთში, გურიაში მობილური ლაბორატორიების ამოქმედება მოჰყვა რამდენიმე დღის განმავლობაში აჭარაში „დონას“, ხოლო შემდეგ თბილისის ქორწილის კლასტერების (ქუთაისის 32-ე სკოლა და სხვ.) აღმოჩენას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაიზარდა ტესტირების მიმართ ადამიანების მოთხოვნაც – „დონას“ კლასტერმა გაზარდა მოსახლეობის სიფრთხილე და ბულვარში გაშლილ ლაბორატორიებთან რიგი დადგა.

– რადგან დღეისათვის დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარას უკავშირდება ლოგიკური იქნება თუ ვიკითხავთ – ინფიცირების რისკი რამდენად უკავშირდება პლაჟებზე ხალხის სიმრავლეს?

და კიდევ – თქვენი აზრით, ხომ არ იჩქარა ხელისუფლებამ, როცა ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად მოსახლეობას დასასვენებლად საქართველოს საკურორტო ობიექტებზე დასვენებისკენ მოუწოდა?

– აშშ СDC ჩვეულებრივ სიფრთხილეს ურჩევს ყველას – 2 მეტრიანი დისტანცირება, ნიღაბი (ხმელეთზე ყოფნისას) და სანიტაიზერები. თუმცა, ჯერჯერობით არ არის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ პლიაჟებზე ინფიცირების რისკი ძლიერ იზრდება. ბრიტანეთის 20 პლიაჟიდან მხოლოდ 6-ზე მოხდა ინფიცირების შემთხვევების მცირედი მატება დამსვენებელთა რიცხვის მკვეთრი ზრდის შემდეგ.

მაგრამ პლიაჟებზე დასვენების პარალელურად ტურისტები იკრიბებიან კაფე-ბარებში, დისკოტეკებზე, რესტორნებში, დაბადების დღეებზე თუ სხვა მიზეზით – აქ კი გადადების გაცილებით მეტი შანსია, მით უფრო, რომ ალკოჰოლის მოხმარება ინფიცირების რისკს ზრდის, ხოლო სიფხიზლეს – აქვეითებს და დისტანცირების დაცვაც აღარ ხდება.

საქართველოს ტურისტული სეზონიც ჯერჯერობით ამის საკმარის დასაბუთებას იძლევა – საკონდიტრო, ქორწილი, დაბადების დღეები, რესტორნები, ასევე – სხვადასხვა სახის მაღაზიები, სადაც წესებს და რეგულაციებს აღარ იცავენ…

რაც შეეხება ტურიზმისკენ ხელისუფლების მოწოდებას – პანდემია მძიმე საფრთხეა – ორლესული მახვილია. მაქსიმალური შეზღუდვა ეკონომიკას აჩერებს და ხანგრძლივ პერსპექტივაში დამღუპველია. ხოლო მობილობის ზრდა, ტურიზმი და სწავლის განახლება ყოველთვის უკავშირდება ინფიცირების ხელახლა ზრდის რისკს.

პანდემია მძიმე საფრთხეა – ორლესული მახვილია. მაქსიმალური შეზღუდვა ეკონომიკას აჩერებს და ხანგრძლივ პერსპექტივაში დამღუპველია

როცა ხელისუფლებამ ხალხს შიდა ტურიზმისკენ მოუწოდა, არავის უთქვამს, რომ ნიღბის გამოყენება, დისტანცირება და მასობრივი სიფრთხილის აკრძალვა საჭირო აღარ იყო. პირიქით, სიფრთხილის ზომების დაცვაზე ყოველთვის იყო აქცენტი.

– სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდებით სავსე იყო კაფე-ბარები. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს გავრცელებულ აზრს იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდებს შორის ინფიცირების რისკი დაბალია?

– ეს მართალია, თუ ასაკობრივ ჭრილში შევადარებთ გაზაფხულის ინფიცირების მაჩვენებელებს. ამავდროულად, ახალგაზრდებში მსუბუქი და უსიმპტომო ფორმები უფრო ხშირია. ხოლო ზაფხულში ხანშიშესულ პირს, რომელიც ნიღაბს რეგულარულად ატარებს და გადაჭედილ ბარებში ან ქორწილებში არ დადის, შეიძლება, უფრო დაბალი რისკი ჰქონდეს, ვიდრე ახალგაზრდას, რომელიც მასობრივ შეკრებებზე ყოფნისას ნიღაბზე და დისტანცირებაზე უარს ამბობს.

ზაფხულში დაფიქსირდა ახალგაზრდებში ინფიცირების მაჩვენებლების გარკვეული მატება ლუქსემბურგში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ესპანეთსა და საფრანგეთში.

ჯორჯიის შტატში თინეიჯერთა საზაფხულო ბანაკში მოსწავლეთა და მასწავლებელთა 75% დაინფიცირდა დისტანცირების და ნიღბების უგულებელყოფის გამო.

მართალია, ინტენსიური დახმარების განყოფილებაში მოთავსებულთა შორის ახალგაზრდები მხოლოდ 5%-ს შეადგენს, ფრანგი მკვლევარები იმასაც აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდებში ინფექციის მსუბუქი გამოვლინებები უფრო დიდხანს – ხანდახან სამ თვემდეც კი რჩება.

მართალია, ინტენსიური დახმარების განყოფილებაში მოთავსებულთა შორის ახალგაზრდები მხოლოდ 5%-ს შეადგენს, ფრანგი მკვლევარები იმასაც აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდებში ინფექციის მსუბუქი გამოვლინებები უფრო დიდხანს – ხანდახან სამ თვემდეც კი რჩება

– რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა ილუზიას, რომ ჩვენ შევძელით პანდემიის დამარცხება?

– „გამარჯვების“ ილუზია მართლაც იწვევს რეკომენდაციების დაცვის შესუსტებას და ეს მარტო ქართული ფენომენი არაა. ქვეყნებში, სადაც სამართლიანად ამაყობდნენ მიღწეული პოზიტიური შედეგებით – გერმანია, ჩეხეთი, საბერძნეთი, სლოვენია, საქართველო, ავსტრია – მოსახლეობის დიდ ნაწილში ამან პარადოქსული უკუეფექტი გამოიწვია – თუ საქმე კარგადაა, მაშინ რაღა საჭიროა ეს ამდენი შეზღუდვები?!

თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და პრემიერიც მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ვირუსზე გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია და რომ პირველი ეტაპის კარგ შედეგს გაფრთხილება და რეკომენდაციების დაცვა სჭირდება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და პრემიერიც მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ვირუსზე გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია და რომ პირველი ეტაპის კარგ შედეგს გაფრთხილება და რეკომენდაციების დაცვა სჭირდება

მნიშვნელოვანი ფენომენია დასვენების სეზონის „მომადუნებელი“ ეფექტიც. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, კოვიდ-19-ის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა ფსიქოლოგიური გადაღლაა. ბევრ ადამიანში, მათ შორის – ახალგაზრდებში ხანგრძლივი იზოლაცია და მუშაობის რეჟიმის მკვეთრი და დაუგეგმავი ცვლილება ემოციურ დაღლას და სტრესს იწვევს.

„მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადამაჩვევო“ – არადა, პანდემიამ სწორედ ეს ორმაგი დარტყმა მოგვაყენა – გარდა დაინფიცირების და სიკვდილის შიშისა, ძალიან მძაფრი სტრეს-ფაქტორი აღმოჩნდა გაურკვევლობა.

ამ ფონზე ბუნებაში და რეალურ დასვენების რეჟიმში – ზღვაზე, მთაში, ლაშქრობებში – დაბრუნება აღმოჩნდა ერთი მხრივ საოცარი შვება – უარყოფითი ემოციებისაგან განტვირთვის და ძველ, მონატრებულ რეალობაში დაბრუნების კუთხით.

მაგრამ ძველ რეალობაში დაბრუნების თავბრუსხვევა ამავე დროს სახიფათოცაა – სიფრთხილის ელემენტარული ზომების საერთოდ იგნორირების შემთხვევაში.

აშკარაა, რომ მთელ მსოფლიოში ხელისუფალთ აღარ უნდათ და აღარც შეუძლიათ სრული ლოქდაუნების გამოცხადება, რაც ეკონომიკაზე ძალიან მძიმე დარტყმას უდრის. თან მაშინ, როცა პირველი დარტყმის მოშუშება არ მომხდარა და მიუხედავად ნახევარი ტრილიონი ევროს მობილიზებისა, ევროკავშირის ეკონომიკა 5%-იანი ვარდნის რისკს ჯერაც მოელის.

აშკარაა, რომ მთელ მსოფლიოში ხელისუფალთ აღარ უნდათ და აღარც შეუძლიათ სრული ლოქდაუნების გამოცხადება, რაც ეკონომიკაზე ძალიან მძიმე დარტყმას უდრის. თან მაშინ, როცა პირველი დარტყმის მოშუშება არ მომხდარა და მიუხედავად ნახევარი ტრილიონი ევროს მობილიზებისა, ევროკავშირის ეკონომიკა 5%-იანი ვარდნის რისკს ჯერაც მოელის

გერმანიის, საფრანგეთის და ინგლისის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ სრული კარანტინი არ იქნება. ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ გახსნას აანონონსებს ამერიკის პრეზიდენტი. გასათვალისწინებელია აშშ მოახლოებული არჩევნების გამო პოლიტიკური დაძაბულობის ზრდა და ამ პროცესზე ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების მეშვეობით გავლენის მოსურნე აქტორების სერიოზული მცდელობები და არსენალი.

საბოლოო ჯამში დასკვნა ასეთია – მსოფლიოს დიდი ნაწილი, და მათ შორის ჩვენც, ახლა უკეთ არის მზად პანდემიის მეორე ტალღისთვის, ვიდრე გაზაფხულზე. უფრო ადრეული დიაგნოსტიკა, ტესტირების 10-20-ჯერ მეტი პოტენციალი, ზოგიერთი წამლის, მაგ. დექსამეტაზონის დადებითი ეფექტი, უკვე აპრობირებული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, სამედიცინო პერსონალის უკეთ მზადყოფნა, დაცვის საშუალებებით უკეთ აღჭურვა, შემთხვევის სამართავად სხვადასხვა რგოლებს შორის უფრო გამართული კომუნიკაცია, პერსონალის მეტი გამოცდილება, და ინფიცირებულთა შორის ახალგაზრდების სიჭარბე შემთხვევების ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას და გაცილებით უკეთეს გამოსავალს უკავშირდება.

დასკვნა ასეთია – მსოფლიოს დიდი ნაწილი, და მათ შორის ჩვენც, ახლა უკეთ არის მზად პანდემიის მეორე ტალღისთვის, ვიდრე გაზაფხულზე

მაგრამ, ვირუსი ისევ ჩვენს ირგვლივაა, მოსახლეობის სიფხიზლე დაქვეითებულია, ხალხი გადაღლილია და აპროტესტებს თუნდაც ელემენტარული შეზღუდვების გახანგრძლივებას.

ხელისუფლებას თავიდან მოუწევს ადამიანებთან გამართული და ეფექტური კომუნიკაციით თავდაცვითი მეთოდების აუცილებლობაში მათი დარწმუნება.

– მედიკოსები დიდი ხანია გვახსენებენ, რომ კორონავირუსთან თანაცხოვრობას უნდა მივეჩვიოთ და თან ეს „დიდი ხანი“, შესაძლოა ერთი წელიც გაგრძელდეს. იგულისხმება ის, რომ უკეთეს შემთხვევაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ ამ პერიოდში შეიქმნება და ჩვენამდეც მოაღწევს.

ასეთ ვითარებაში, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კორონავირუსის შემთხვევების მეტად გამოვლენა და მისი მართვა გახდეს შესაძლებელი გამოსავალი რა შეიძლება იყოს? გარდა იმისა, რასაც ჩვენი სამედიცინო სამსახურები აკეთებენ, კიდევ რა უნდა გაკეთდეს?

– ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ. არა ქვეყნის ლოქდაუნი, არამედ კონკრეტული რეგიონებში დროებითი მასირებული ტესტირებები კლასტერების სწრაფად დასადგენად, ორკვირიან ან ერთთვიან პერიოდებში ინფიცირების გაზომვადი ინდიკატორების მიხედვით რეგულაციების ზომიერი ცვლილებები ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.

ასევე საჯარიმო სანქციები იმ წარმოებებში, სადაც რეგულაციების დაცვა არ ხდება, და შეიძლება პირიქითაც – წახალისება იქ, სადაც რეგულაციებს მკაცრად იცავენ. ხომ გასაგებია, რომ „დონამ“ არა მარტო საკუთარი ბიზნესი, მთლიანად ბათუმის და აჭარის ბიზნესი დააზარალა.

ინფექციების კონტროლის წვრთნები, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალში, კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს ონლაინ ტრენინგების ხარჯზე. ისევე როგორც კურსდამთავრებულთა სწრაფად ჩართვა კოვიდ-19 მართვაზე ორიენტირებულ ადგილზე და ონლაინ ტრენინგებში.

სხვადასხვა სამსახურში კოვიდ-თან შემხებლობის მქონე სამედიცინო პერსონალის ერთდროული სამსახური უფრო მკაცრად უნდა შეიზღუდოს, ამავდროულად – წახალისება არ აწყენდათ იმ მედიკოსებს და ეპიდემიოლოგებსაც, რომელთა კისერზეც გადადის სერიოზული ტვირთი და უძილო ღამეები.

სკოლებში ეს ორი კვირა უნდა გამოყენებულ იქნას მასწავლებლების, მანდატურების, დამლაგებლების დამატებითი ინსტრუქტაჟისთვის და მედიაში მშობლების და მოსწავლეების საყურადღებოდ რეკლამირებისათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავადმყოფო საწოლების, აპარატურის და ტესტების ფართო მარაგის შექმნა ოქტომბრისთვის, როცა გრიპიც და სხვა რესპირატორული ინფექციებიც დაგვემატება.

თუმცა, იქნებ, კოვიდ-ის გამო არსებულმა შეზღუდვებმა და მოსახლეობის ჩვევებმა წელს გრიპის შედარებით ნაკლები გავრცელება გამოიწვიოს, მაგრამ დიფერენცირება იქნება ძნელი.

კოვიდ-ის გამო არსებულმა შეზღუდვებმა და მოსახლეობის ჩვევებმა წელს გრიპის შედარებით ნაკლები გავრცელება გამოიწვიოს, მაგრამ დიფერენცირება იქნება ძნელი

სწორი ნაბიჯი მგონია მსუბუქი შემთხვევების მართვის საკარანტინო სივრცეებში გადატანა და 3200-იანი საწოლფონდის ძირითადად საშუალო და მძიმე შემთხვევების სამართავად დატოვება, რაც ჯამში 10-15,000 ინფიცირებულის მართვის საშუალებას მოგვცემს.

გადაზღვევა ვახსენე და ნამდვილად გადაზღვევა იყო ამდენ ხანს მსუბუქი შემთხვევების სტაციონარებში მართვა, თუმცა იმ პირობებში, როცა სასწრაფო დახმარების, ცხელების ცენტრების და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სათანადო გამოცდილება ჯერ კიდევ არ იყო – შეიძლება, ასე ჯობდა.

ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის მიმართ, ერთი მხრივ, ფსიქოლოგიური დახმარების ონლაინ რესურსების ხელშეწყობა, დახვეწა და ხელმისაწვდომობა, რაშიც სპეციალისტების გარდა მედია და სოციალური ქსელები ასევე უნდა მონაწილეობდნენ.

სოციალური პასუხისმგებლობის ისევ უნდა ამაღლდეს. უნდა გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ახლა სახლში ისევ ჩაკეტვა თუ არ გვინდა – ნიღბის ტარება, ხელების ხშირად დაბანა და დისტანცირება – ეს საკუთარი თავის დაზღვევის და ახლობლების გადარჩენის აუცილებელი და არც ისე რთული ზომაა, რათა მარტო ეპიდემიოლოგების და ექიმების იმედად არ ვიყოთ, და რომ მასობრივი წვეულებების, ქორწილების და ქელეხების „ერთგულება“ – უმოკლესი გზა შეიძლება იყოს საავადმყოფოსაკენ.

უნდა გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ახლა სახლში ისევ ჩაკეტვა თუ არ გვინდა – ნიღბის ტარება, ხელების ხშირად დაბანა და დისტანცირება – ეს საკუთარი თავის დაზღვევის და ახლობლების გადარჩენის აუცილებელი და არც ისე რთული ზომაა

– ჩვენ გვერდს ვერ აუვლით პანდემიის გამო საგანმანათლებლო სფეროში არსებულ ვითარებას. მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს მხოლოდ ონლაინრეჟიმში განახლდება.

ვიცით, რომ საქართველოში მოქმედმა კერძო სკოლებმა სრულად გაითვალისწინეს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციები და სწავლაც დაიწყეს. ახლა მათაც მოუწევს ისევ ონლაინრეჟიმზე გადასვლა.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ხელისუფლებამ გვიან დაიწყო საჯარო სკოლების მზადება სასწავლო პროცესისათვის. მეტიც, ისინი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ არჩევნებში ჩართულმა სახელისუფლებო გუნდმა ახალ ვითარებაში საჯარო სკოლების ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად ფინანსების დახარჯვა არ მოინდომა.

რამდენად მართებულია ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გადატანასთან დაკავშირებით?

– ყველაზე რთული და მოწყვლადი სფერო – განათლებაა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ ვწერდი, რომ სკოლებში, განსაკუთრებით დაბალ კლასებში ტრადიციული განათლების აღდგენა ბავშვებისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა – ამას იუნისეფი და ფსიქოლოგები მთელ მსოფლიოში მოგვიწოდებენ. მით უფრო, რომ ონლაინ განათლების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ არ გვაქვს ყველგან გარანტირებული.

სამწუხაროდ, ბოლო კვირაში შემთხვევების სწრაფმა მატებამ ეს უკვე გამოცხადებული ტაქტიკა კითხვის ქვეშ დააყენა და ხელისუფლებას ორი კვირით ონლაინ განათლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.

რამდენადაც ვიცი, სკოლებში გარკვეული სამუშაოები ჩატარდა იუნისფეის რეკომენდაციების მიხედვით – როგორც რესტრუქტურიზაციის და რემონტის, ასევე სივრცეების, ნაკადების და ცვლების გაყოფის, რეგულაციების შემუშავების და საინტარული კონტროლის კუთხით და ამაზე განათლების სამინისტრო ინფორმაციებს გვაწვდის.

თუმცა, დიდ ქალაქებში კლასები გადატვირთულია და სხვადასხვა კლასებს შორის კონტაქტირების მეტი რისკი არსებობს, ასევე მეტია იმის რისკი, რომ აჭარიდან და სხვა კურორტებიდან დაბრუნებული ბავშვების ყველაზე მეტი კონცენტრაცია სწორედ აქ იქნებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, სასწავლო პროცესის 2-კვირიანი გადადება გამართლებული სიფრთხილეა.

სასწავლო პროცესის 2-კვირიანი გადადება გამართლებული სიფრთხილეა

იმედია, ამ პერიოდში აჭარის და სხვა კლასტერების კონტაქტების მოძიება, კარანტინში გადაყვანა და საჭიროების შემთხვევაში – ჰოსპიტალიზაცია, – სკოლებში და უნივერსიტეტებში გავრცელების რისკებს შეამცირებს.

ამავდროულად დავაკვირდებით, რა ხდება რეგიონებში, სადაც, როგორც გვითხრეს, უფრო დაბალი რისკების გამო სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში (თუმცა დადგენილი ცვლილებებით) განახლდება.

ევროპის დიდ ნაწილში სასკოლო განათლება ჯერჯერობით სკოლებში, მაგრამ ნაკადების დაყოფის, ნიღბების ტარების და იუნისეფის სხვა დასახელებული რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

თუმცა გასულ კვირაში საფრანგეთმა კვლავ დახურა სკოლები, ისევე როგორც სამხრეთ კორეამ, რომელიც მერამდენედ – გახსნა-დაკეტვის რეჟიმშია. ესპანეთში მშობლების წყვეტენ ბავშვების სკოლაში გაშვებას.

გასულ კვირაში საფრანგეთმა კვლავ დახურა სკოლები, ისევე როგორც სამხრეთ კორეამ, რომელიც მერამდენედ – გახსნა-დაკეტვის რეჟიმშია. ესპანეთში მშობლების წყვეტენ ბავშვების სკოლაში გაშვებას

აშშ ზოგმა შტატმა და კანადის ზოგიერთმა პროვინციამ და ისრაელმა, ამერიკის უნივერსიტეტების დიდი ნაწილი ჰიბრიდულ ან ონლაინ განათლებაზე რჩება, და მსოფლიო სამედიცინო განათლების ორგანიზაციამაც ონლაინ განათლება წამყვან მოდელად ჩათვალა, სანამ ვაქცინა არ იქნება ხელმისაწვდომი. სავარაუდოდ, ეს მომავალი წლის გაზაფხულზე, ან უკეთეს შემთხვევაში – ზამთარშია მოსალოდნელი.

ამავდროულად, ბრიტანეთის ხელისუფლება, ისევე როგორც დანიის და ბელგიის, თვლის, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ნაკლებად სასურველია ნებისმიერ სხვა ბიზნესთან შედარებით.

ბრიტანეთის ხელისუფლება, ისევე როგორც დანიის და ბელგიის, თვლის, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ნაკლებად სასურველია ნებისმიერ სხვა ბიზნესთან შედარებით

– „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში, სამი თვის წინ თქვენ თქვით – „მოგვიწევს ცდებისა და შეცდომების მეთოდით ცხოვრება და წინსვლა ასეთი პრინციპით – „ორი ნაბიჯი წინ, გაჩერება, მდგომარეობის გადამოწმება, და შეიძლება, – ნაბიჯი უკან“ და ისევ თავიდან…“ შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ეს პროგნოზი გამართლდა …

– სამწუხაროდ, ეს 100%-ით გამართლდა. კოვიდი არ გვაძლევს ხანგრძლივი სტრატეგიული დაგეგმვის ფუფუნებას. საბედნიეროდ, როგორც სიბნელეში თავიდანაა მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმა რთული, ახლა ჩვენ საკმაოდ ადაპტირებულნი ვართ.

ამიტომ დროზე ადრე სულ ტყუილად მივიწყებული ჩვევები – ნიღაბი, სოციალური დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, საინტაიზერი – უნდა დავიბრუნოთ, მხოლოდ ეპიდემიოლოგების და ექიმების გმირობის იმედად დარჩენას შევეშვათ და მადლობა ვთქვათ, „დარჩი სახლში“ რომ აღარ გვჭირდება.

ეპიდემიოლოგების და ექიმების გმირობის იმედად დარჩენას შევეშვათ და მადლობა ვთქვათ, „დარჩი სახლში“ რომ აღარ გვჭირდება

სხვანაირად, ისევ გავიმეორებ, რომ ვინც წესებს არ იცავს, ყველაზე მეტად თავის თავს, თავის ოჯახს და თავის ბიზნესს ვნებს…

დაბოლოს საკმაო დრო გავატარე შვედეთში და არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება შვედურ მოდელზე. მე ძალიან ვაფასებ ამ ხალხის თვითდისციპლინას და სამოქალაქო პასუხისმგებლობას. მათ ზედმეტი რეგულაციები და შეზღუდვები ნაკლებად ჭირდებათ.

თავიდანვე არ მიმაჩნდა სწორად შვედური მიდგომის ზედმეტი კრიტიკა – დიახ. მათ შეცდომა დაუშვეს – მოხუცებულთა სახლების პერსონალის და მიდგომების ვერგაკონტროლების, და ასევე იმ კუთხით, რომ არ გაითვალისწინეს არამკვიდრი მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების ისეთივე პასუხისმგებლობით დაცვის ნაკლები შანსი, როგორც ამას შვედები აკეთებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან შვედური მოდელი გაზაფხულზე სრული კრახით დასრულდებოდა. სამწუხაროდ, ამ დღეებშიც კი, როცა ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა, ტრანსპორტში ვხედავთ სიტუაციას, რომ 80-95% მკაცრად იცავს რეგულაციებს, ხოლო 5-20%-ს ნიღაბი კისერზე უკეთია და ერთმანეთს ხმამაღლა და ემოციურად ესაუბრება.

სამწუხაროდ, ამ დღეებშიც კი, როცა ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა, ტრანსპორტში ვხედავთ სიტუაციას, რომ 80-95% მკაცრად იცავს რეგულაციებს, ხოლო 5-20%-ს ნიღაბი კისერზე უკეთია და ერთმანეთს ხმამაღლა და ემოციურად ესაუბრება

ასეთი ხუმრობა გამიგია – თვითმფრინავის მგზავრების ძალიან დიდი ნაწილი ათეისტია, მაგრამ ეს მაჩვენებელი მკვეთრად იკლებს ტურბულენტობაში მოხვედრისთანავეო. ხშირად პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექიმები თუ უბრალო მოქალაქეები ეჭვქვეშ აყენებენ კორონავირუსის არამცთუ რისკებს, არამედ არსებობის ფაქტსაც, მაგრამ მდგომარეობა მკვეთრად იცვლება, თუ რომელიმე მათ ახლობელს ვირუსით ინფიცირებას დაუდგენენ.

ყველას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, და გავიმეორებ, ახლა ჩვენთანაც ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმას, რამდენად მოვახერხებთ თვითკონტროლის, ერთმანეთის მოტივირების და სოციალურად გააქტივების შვედური ეტალონის დანერგვას – ექიმებიც, ხელისუფლებაც და საზოგადოების თითოეული წევრი, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავიზიაროთ და კიდევ რამდენიმე თვე გავუძლოთ კორონავირუსის ამ გახანგრძლივებულ გამოცდას, ისე, რომ ეკონომიკის ჩაკეტვა არ დაგვჭირდეს…

საზოგადოების სიმწიფე სწორედ სერიოზული კრიზისის დროს იზომება. დამოუკიდებლობა – კრიზისის დროს ერთად გადარჩენის რეალიზებაში ვლინდება, ხოლო ქვეყნები და ხალხები, ვინც კრიზისების დროს გაერთიანება ვერ შეძლეს, არც არიან დამოუკიდებლები… ან, უბრალოდ, არც არიან… უკვე…

წყარო: ინტერპრესნიუსი