“ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში სულ 5 ქალი მოხვდა. მათგან ერთ-ერთი კი დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძეა, რომელიც პარტიამ მე-10 ნომრად დაასახელა.
ცნობისთვის, ბითაძე “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის რანგში, 2014 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან კი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
2020 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მერის მოადგილის პოზიციაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 73 800 ლარი; ხოლო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორობისას – 15 196 ლარი შეადგინა.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა მაია ბითაძე უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს. მსუბუქი ავტომობილი Mercedes-ი მისი შვილის სახელზე ფიქსირდება. ამასთან, მისი ერთ-ერთი შვილი ფლობს „შპს საიდქიქის“ 100%-იან; Sidekick Global LLC-ს 25%-იან და შპს „ჯკს-ს“ 33%-იან წილებს, თუმცა, არცერთი კომპანიის საქმიანობით მიღებული შემოსავალი მას არ უფიქსირდება დეკლარაციაში.
რაც შეეხება „ოცნების“ სიის მე-10 ნომრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მაია ბითაძეს საბანკო ანგარიშებზე – 2 872 ლარი და 2 436 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი – 30 000 ევრო და 25 000 ლარი ჰქონდა.
წყარო: fortuna.ge