არჩილ თალაკვაძე – რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას

“რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას.

 

მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან არც ერთი მნიშნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ჩვენი ქვეყანა, რუსეთი ცდილობს მით მეტად შეუშალოს ხელი ამ წარმატებებს, მათ შორის, დეზინფორმაციით. არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

„რაც შეეხება დღეისათვის არსებულ ფორმატებს, ეს არის ჟენევის ფორმატი, საერთაშორისო ფორმატები, სადაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა – ვხედავთ, რომ არც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტებთან დაკავშირებით, არც სხვა საკითხებზე რუსეთის მხრიდან არ ყოფილა არც ერთი მნიშნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, შესაბამისად, მხოლოდ განცხადებები ვერ ცვლის იმ მძიმე ფონს, რაც სამწუხაროდ ორივე ოკუპირებულ რეგიონში გვაქვს – ეს არის ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, ის ინციდენტები და პროვოკაციები, რასაც რეგულარულად აქვს ადგილი. რაც შეეხება რუსეთის შესაძლო ინტერესებს საქართველოში, რა თქმა უნდა, ახალი არ არის, რომ რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას – რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ჩვენი ქვეყანა, მით მეტად ცდილობს შეუშალოს ხელი ამ წარმატებას. ამას აკეთებს დეზინფორმაციით, მასთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურებით, მათ შორის პოლიტიკაში. ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პროდასავლური პოლიტიკა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილებაზე დეზინფორმაცია ვერ მოახდენს გავლენას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“აიპიენი”