“შესაძლოა, თვითონ ირმა ინაშვილმაც კი არ იცოდეს, რამოდენა მადლი გადავიდა, როგორც მასზე, ისე იმ მიწაზე, სადაც იმოგზაურა!”

როგორც იქნა ,,აღსრულდა“ ჭინკათა  სურვილი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან, უღმერთოთა მიერ ღვთისმშობლის გამოძევებისა! და  იქნა როკვა 600 ალკოჰოლით გაბრუებული, ხაშლამანაჭამი საზოგადოებისა – აბა, რა ეგონათ, უჩვენოდ ვით იმღერს, ნებართვა ვისგან აიღესო?

 

რელიგიის ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი – შეწირული ხატის უკან დაბრუნებისა და პირიქით კი, რამდენიც გნებავთ, მოუპარავთ და წაუღიათ იქნებ ხატის მადლი ჩვენზეც გადმოვიდესო?
რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ღვთისმშობლის უარყოფას, მითუმეტეს  თუ ამას საეკლესიო პირი აცხადებს, ამაზე საფრანგეთიდან გვესაუბრება მეუფე მელქისედეკი (ელიზბარ დიაკონიძე), რომელიც ჭინკათა დაუძინებელი მტერი და მამხილებელი მაშინაც იყო, როცა ისინი საქართველოში მათ მიერ დანთებული ცეცხლის გარშემო სისხლიანი პირისახით როკავდნენ და ახლაც, როცა იგი საქართველოდან შორს იმყოფება….

-ყველაფერს მოველოდი და ამას არა…. სწორედ ამწუთას ველაპარაკებოდი სოხუმის მკვიდრ აფხაზების ოჯახს, რომლებიც ამჟამად პეტერბურგში ცხოვრობენ…ზუსტად ამ თემაზე გვქონდა საუბარი, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში როგორ შებრძანდა ღვთისმშობელი…. კონსტანტინე გამსახურდიას მოვიშველიებ და გეტყვით, რომ მე ,,არც მეფე გიორგის მეხოტბე ვარ და არც კათალიკოსის მგალობელი“ და საერთოდაც, მიუღებელია ჩემთვის ისეთი დითირამბები, რომელიც დღეს დამკვიდრდა, გნებავთ ეკლესიაში და გნებავთ პოლიტიკაში! სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას, მართალ სიტყვას აქვს ძალა და არა ტყუილს, ჰოდა ამიტომაც, არც ირმა ინაშვილს ვეფერები და არც ლომიას, მე ვეფერები თვითონ ფაქტს, რომ ღვთისმშობელმა ღირსჰყო ორივე – მისი მხლებლები ყოფილიყვნენ, როცა აფხაზეთში მიბრძანდებოდა, კონკრეტულ მისამართზე – ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დასაბრძანებლად!

ვისაც არ უნდა წაებრძანებინა ხატი, ოპოზიცია იქნებოდა თუ პოზიცია, კეთილშობილს თუ ავაზაკს, სულ არ მაინტერესებს იმიტომ, რომ სამყაროში შემთხვევითობა გამორიცხულია და სწორედ უფალმა დაუშვა ის, რომ იესოს დედის  ხატი მათ ჩაებრძანებინათ ილორში!

წარმოდგენაც კი არ შეუძლია არც აფხაზსა და არც ქართველ მცირედმორწმუნეს, რამხელა მადლი შევიდა აფხაზეთში, წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ და ეს რომ მართლა ასეა, ამას ძალიან მალე დაინახავს ყველა!
თქვენ წარმოგიდგენიათ? ღვთისმშობელმა ინება, ი-ნე-ბა და დაუშვა  ქალის ხელით  გადაადგილებოდა მისი სახლის ერთი ოთახიდან მეორეში, სადაც დიდი ხანია არ შესულა, ისიც მის  წილხვედრში და შესაძლოა, თვითონ  ირმა ინაშვილმაც კი არ იცოდეს (მომიტევოს ასეთი შეფასება) რამოდენა მადლი გადავიდა  როგორც მასზე, ისე იმ მიწაზე, სადაც იმოგზაურა!
მაქვს საშუალება, ქართულ არხებს ვუცქირო და ნერვები მეშლებოდა ამ ვითომ დემოკრატიული არხების თავხედურ კითხვაზე – აბა, კრემლის რომელმა ჩინოსანმა დაგრთო ნება, აფხაზეთში შესულიყავი და ხატი ჩაგეტანაოო? ვიმეორებ – უფალმა და ხატმა არც საზღვარი იცის, რა არის და არც ის  აინტერესებს, ვინ დაეხმარა ინაშვილს ხატით ხელში, ილორამდე რომ ჩასულიყო! უფალმა და დედაღვთისმშობელმა დაუშვეს ეს, უგუნურებო! სწორედ მათ და ვინ ჰკითხავს კრემლს დედამიწის რომელ კუთხეში მოისურვებს კიდევ გადაადგილებას? თავად უფალმა ინება, ღვთისმშობელი წაბრძანებულიყო ხილულად ხატისა, იმიტომ რომ ჯერ მეორედ მოსვლის ჟამი არ დამდგარა, როცა მთელი სიდიადითა და ბრწყინვალებით დაუდგება წინ თავის შვილებს! გეყურებათ? სახად ხატისა წაბრძანდა და დაბრძანდა იქ, სადაც მისი შვილებია და მიაწოდა რწმენა – მე აქ მოვედი ძმების შესარიგებლად, ჩემო შვილებო და მობრძანდით ჩემთანო!!!
ვიღაცა ორი ან სამი საცოდავი არსება, უტვინო, უგუნო ეწინააღმდეგება ამას? ანდა რას ნიშნავს ბესარიონ აპლიას განმარტება – ეს ხატი არ არის,  ეს არ არის ხატმწერის დაწერილი,  არის აპლიკაცია და  არ მივიღებთოო? აპლიკაცია თვითონ არის, გვარიც კი აპლი-თი ეწყება და  აქედან მინდა შევაგონო, როგორ, პატარა ქაღალდის ნაგლეჯზე გამოსახული ღვთისმშობლის მირონმდინარე  სასწაულის შესახებ, არაფერი გაუგია თუ აფხაზეთში დაბრძანებული თითოეული ხატია  ცნობილი ხატმწერებისგან  ბოძებულიი? ანდა,  აფხაზეთში ყველა ოჯახში ორიგინალებია დასვენებული სალოცავ კუთხეში? უამრავი ვიდეო და დოკუმენტური ფილმია გადაღებული  მირონმდინარე ხატებისა, მათი სასწაულების ქმნისა და რას ჰქვია აპლიკაცია? ხატი ხატია, სიწმინდეა და არ აქვს მნიშვნელობა, ის ძვირფას პერანგშია მოქცეული თუ ქაღალდის ნაგლეჯზე!

მართლმადიდებლურ სამყაროში არ არსებობს დეფინიცია – ნამდვილი და არანამდვილი ხატისა, იმიტომ რომ ნამდვილია და ცოცხალია! სხვა მხრივ ვერანაირად ვერ შეისმენდა ჩვენს ვედრებას და ვერანაირად ვერ მოახდენდა უამრავ სასწაულს, გეყურებათ?
მეტსაც გეტყვით, ირმა ინაშვილს ღვთისმშობლის ხატი ილორში დაგორგლილ-გადახვეულიც რომ შეეტანა და იქ პლაკატივით გაეკრა, ისიც მადლის შეტანა იქნებოდა იმიტომ, რომ ხატისთვის ვიზუალურ მხარეს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ის იქ შებრძანდა, შეიტანა უდიდესი მადლი!
ბესარიონ აპლიას ვეკითხები – აბა, ის იყო მადლი, რუსებმა რომ თეთრად გადაღებეს ილორის ტაძარი და რუსულ ეკლესიას დაამსგავსეს? თუ ის იყო მადლი, ეპისკოპოსად რომ აკურთხეს და სინამდვილეში კი დიდ ცოდვაში ჩადგა? თუ ამ სტატიას ვინმე გადაუთარგმნის, ძალიან დამავალებენ და მოვუწოდებ მას სინანულისკენ, რადგან, ამ ნაბიჯით, ხატის დაბრუნებაში თანამონაწილეობით,  მან -უარი თქვა უფალზე! უარი თქვა ქრისტიანობაზე! და არც აღარაფერი ესაქმება ეკლესიაში! სინანულისკენ და ლოცვისკენ მოვუწოდებ, იმიტომ რომ უდიდეს ცოდვაში ჩადგა ფეხი, მიუტევებელ ცოდვაში!!!
ღვთის ანაბარა დავრჩიო, ხომ გაგიგონიათ ასეთი გამოთქმაა? ბესარიონ აპლია და მისი თანამოაზრეები ღვთის ანაბარა კი არა, ღვთის მიღმა აღმოჩნდნენ და თუ უფალი აპატიებს ამ ცოდვას, მხოლოდ უდიდესი მარტვილობის და თვითგვემის შემდეგ…
ახლა აფხაზი  შეგნებული საზოგადოება ძალიან უნდა დაფიქრდეს, უნდათ კი ღვთისა და ღვთისმშობლის დედის უარმყოფელი ე. წ. მორწმუნე  მღვდელმთავარი? ვიცი, რომ ათონის მთაზეც დაგმეს ეს მკრეხელობა და ისიც წავიკითხე, აფხაზეთის ახალი ათონის არქიმანდრიტმა დოროფეიმ, როგორ დაგმო აპლიას და ძმანი მისნის მკრეხელური საქციელი!
მსოფლიო თუ საქართველოს ისტორიას რომ გადახედოთ, არ ახსოვს ნებისმიერ ქრისტიანულ  ქვეყანას, მიბრძანებული ხატი უკან დაებრუნებინოს ვინმეს ტაძრიდან და ეს გაებედოს რომელიმე სასულიერო პირს!!! არ ახსოვს მსგავსი რამ  ქრისტიანულ სამყაროს, -ა-რაა!!!
აი, ხატების მოპარვა, ძალისმიერი მეთოდებით მოპოვება, ყიდვა და მსგავსი რამ კი ბატონო, ადრეც  ხდებოდა და დღესაც! სავსეა რუსეთი საქართველოდან გატაცებული ხატებითა და საეკლესიო წიგნებით! ბიზანტიის ბატონობის დროსაც შემუსრეს და გაიტანეს უამრავი ხატი და ნივთი! სავსეა ვატიკანი მოპარული ქართული ხატებითა თუ ძვირფასი წიგნებით, მაგრამ მაშინ იპარავდნენ, იპარავდნენ იმ იმედით, რომ მათზეც გადავიდოდა მადლი ხატისა თუკი ამ გზით დაბრძანდებოდა საკურთხეველსა თუ მათ საცავებში, ჩვენი სიწმინდეები, გეყურებათ? მადლის ყიდვას და მკრეხელური გზით მოპოვებას საეკლესიო ენით სიმონია ჰქვია და ამ ,,ტიტულსაც“ თავისი ისტორია აქვს… რიგითი  მოგვი, ვინმე სიმონია ქრისტეს ეუბნებოდა, ფულს გადაგიხდი და მოციქულად ჩამწერეო! აქედან მომდინარეობს ამ ცოდვის დამკვიდრებული ტერმინი – სიმონია და დღეს როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოს ეკლესიაში ასეთი სიმონიები ბევრია, იმიტომ რომ თითქოსდა  მადლის სანაცვლოდ,  ხან ანაფორას ყიდულობენ და ხანაც ტიტულებს!

-ღვთისმშობლის ხატი ილორიდან  უკვე  გამოიტანეს და სასაზღვრო პუნქტში დატოვეს, სამწუხაროდ….

და თქვენ რა გგონიათ, რომ ურწმუნოთა ეს საქციელი, რამე ზიანს მიაყენებს ან ღვთისმშობელს ანდა სრულიად საქართველოს? პირიქით, პირიქით, უფალმა დაუშვა, რომ ხილულად გვენახა მადლისა და მკრეხელობის ჭიდილი, მაგრამ დიდება უფალს, ის ჯვარ-ხატები რომლებიც სხვადასხვა დროს გაიტანეს თუ გუშინ  დაგვიბრუნეს, უფრო მეტად  გაძლიერდებიან და აგერ ნახავთ თქვენ, სულ მალე 2-3 წელიწადში როგორ გამთლიანდება საქართველო და მისი მორწმუნე შვილები, როგორ ძმურად გადაეხვევიან ერთმანეთს დედის კალთასთან მუხლმოდრეკილები!!!

-აკი პატრიარქმაც ბრძანა, წუთისოფლიდან იქამდე არ გავალ, ვიდრე უფალი საქართველოს არ გაამთლიანებსო 

…მე პირადად ვესწრებოდი საპატრიარქოში იმ  ტრაპეზს, რომლის დროსაც უწმინდესმა ეს სიტყვები ბრძანა და ამის შემდეგ იმ წირვასაც ვესწრებოდი სადაც აფხაზეთისთვის ილოცა და იქადაგა! კი არ დაიქადნა, იქადაგა და მწამს, რომ მისი ეს წინასწარმეტყველებაც მალე ახდება!!!
ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენთან არს მისი ძე იესო! ჩვენთან არს მაცხოვრის დედა ღვთისმშობელი! შეგვეწიოს მათი მადლი!
ნუ გეშინიათ, ხატის ჩუქება უდიდესი მადლია და თუ ვინმე მასზე უარს იტყვის, უფალი მოჰკითხავს კიდეც!
დალოცვილები იყავით!

ალია