ბელარუსის საკითხზე გაერო-ს  რეზოლუცია იურიდიულად ბათილად ითვლება- რუსეთის საგარეო უწყება 

მოსკოვი ნეგატიურად აფასებს გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ ბელარუსის საკითხზე მიღებულ რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს რეზოლუცია საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება და იურიდიულად ბათილად ითვლება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ბელარუსის საკითხზე გაიმართა „მორიგი ცალმხრივი და პოლიტიზირებული დისკუსია, რომლის მიზნები „ძალიან შორს იყო ადამიანის უფლებებზე რეალური ზრუნვისგან.“

„არც გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს და არც ინდივიდუალურ ქვეყნებსა და ჯგუფებს უფლება არ აქვთ, გაერო-ს წევრ სახელმწიფოებში ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაფასონ. იძულებულები ვართ განვაცხადოთ, რომ დასავლეთის ქვეყნები კვლავ შეეცადნენ, ადამიანის უფლებების საბჭო ცალკეულ ქვეყანაში ხელისუფლების დელეგიტიმიზაციისთვის გამოეყენებინათ. ასეთი ქმებებები ძირს უთხრის გაერო-ს რეპუტაციას ადამიანის უფლებების დაცვის განზომილების თვალსაზრისით,“- აღნიშნულია განცხადებაში.

“აიპიენი”