სოფლის მეურნეობა აქ ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეულ ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა მიეხმარება სხვადასხვა პროგრამით, იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე, ისინი ვისაც ამის სურვილი აქვთ; ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხარაგაულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების: პაატა კვიჟინაძისა და კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
„მოგესალმებით, ხარაგაულელებო! ისტორიულად, ამ მუნიციპალიტეტისთვის, რეგიონისთვის, გზას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქ ცნობილი საქარავნე, სავაჭრო გზები გადიოდა. რაც დღეს აქ ხდება და რასაც ყოველდღე ვუყურებთ, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში ვმოძრაობთ, მართლაც შთამბეჭდავია. ამ რეგიონში არსად, მსგავსი სირთულის საინჟინრო ნაგებობები არასდროს აშენებულა. რასაც დღეს აქ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, უაღრესად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, პანდემიისა, ამ მშენებლობაზე, სამუშაოები არც ერთი დღით არ შეჩერებულა. ჩვენ ამით ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, რომ რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ. ეს იქნება მობილობის უმაღლესი დონე, რომელიც პირდაპირ იმოქმედებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. ხარაგაულისთვის ამ გზას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა იცოდეთ, რომ ის მცირე ბიზნესები, რომლებიც ამ გზის ირგვლივ ყოველთვის იყო და იქნება, ჩვენ, მათი შენარჩუნებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ და ეს ყველაფერი, უფრო უკეთესი ფორმით იქნება გაკეთებული. როდესაც ეს გზა დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც აქ უამრავი ადგილობრივია დასაქმებული, ის უნდა გახდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაქმების სტიმულირების ახალი, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, დაცული ტერიტორია, ტურისტულად უაღრესად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პანდემია გვაქვს და ტურისტები გვაკლია, ესეც გადაივლის, აქაც ერთად გავიმარჯვებთ ყველა. ამ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი არის უდიდესი და რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაც. სოფლის მეურნეობა აქ ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეულ ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა მიეხმარება სხვადასხვა პროგრამით, იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე, ისინი ვისაც ამის სურვილი აქვთ; ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს. ამისთვის, ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს, „აწარმოე საქართველოში“ საშუალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით, ტურიზმის სააგენტოს პროგრამებით, შეგიძლიათ თქვენს მუნიციპალიტეტში უკვე მიიღოთ და ამას აღარ სჭირდება თბილისში ჩასვლა, ბევრი სიარული სხვადასხვა სამინისტროში და ბიუროკრატიული წამებები. ყველას კარგად გვესმის, რომ ხარაგაულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა პირველ რიგში არის შიდა გზები. მესმის, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოქალაქისთვის შიდა გზებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ყოველდღიური ცხოვრების ჭრილში და მერწმუნეთ, რომ ჩვენ გავაძლიერებთ ყურადღებას და მუშაობას. ხარაგაულის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და დასრულდება უახლოეს პერიოდში და შემდგომ ამას ავტომატურად მოჰყვება წყალარინების სისტემის წესრიგში მოყვანა, ახალი პროექტის შექმნა, ესეც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს ერთად დაწყებული და ყველა ეს მნიშვნელოვანი საქმე უნდა დავასრულოთ ერთად და გამარჯვებით. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ 31 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიან ბრძოლაში ბატონი პაატა კვიჟინაძე გაიმარჯვებს, ამაში უბრალოდ ეჭვი არ მეპარება. წლებია, ვიცნობ ამ ადამიანს, ერთად ბევრი გვიმუშავია, მისი კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება ყოველთვის იყო სანიმუშო და მე ამას ლამაზი სიტყვებისთვის არ ვამბობ. დარწმუნებული ვარ, ბატონი პაატა გააგრძელებს პარლამენტში მუშაობას და იქნება უკვე ხარაგაულელები ღირსეული ხმაც. ჩვენი მიზანი, საბოლოო ჯამში არის მარტივი – ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, განათლებული და ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ. ამ მიზნის მისაღწევად ამ არჩევნებშიც ერთად უნდა გავიმარჯვოთ და გისურვებთ გამარჯვებას!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
“იმედინიუსი”