პაატა ბაირახტარი, ეკონომისტი, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი: – ხელისუფლების წევრებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ლარის ნახტომისებური გაუფასურება არა გვაქვს. არადა, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში ერთ დღეში ეროვნული ვალუტის 2 თეთრით დაცემა, სწორედ ნახტომისებური გაუფასურებაა. სწორედ ეს მოხდა გასული კვირის მიწურულს, როცა ერთ დღეში ლარის კურსი 3,1886-დან 3,2140-მდე დაეცა. თუ დავაკვირდებით, როდის დაიწყო ლარმა გაუფასურება, აღმოვაჩენთ, რომ ეს პერიოდი ემთხვევა ახალი შეზღუდვების დაწესებას, რომელიც ხალხმრავალი სარიტუალო ღონისძიებების აკრძალვას გულისხმობს.
ეკონომიკაში არის ასეთი ტერმინი “ფსიქოლოგიური გადაცემის ფაქტორი”. პანდემიის პირველი ტალღის დროს მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა, მოსახლეობამ დაინახა, რა პროცესები მოჰყვა ამას, როგორ დაეცა ლარი და, ბუნებრივია, როცა ხელისუფლებამ ახალ შეზღუდვებზე დაიწყო ლაპარაკი, სავალუტო ბაზრის მონაწილეებმა ეროვნული ვალუტა უფრო მყარ ვალუტაში დაარეზერვეს. შესაბამისად, ფსიქოლოგიური ფაქტორი უკვე ტექნიკურ წნეხში გადაიზარდა, ანუ გაჩნდა დამატებითი მოთხოვნა დოლარზე. გარდა ამ ფაქტორისა, აქტიურად მოქმედებს სხვადასხვა სოციალური პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ იხარჯება და მიმოქცევაში გადის დიდი ოდენობით ეროვნული ვალუტა. ესეც აძლიერებს ლარზე ზეწოლას. არ უნდა დაგვავიწყდეს წინასაარჩევნო კამპანიაც, რაც ასევე ლარის მეტ დანახარჯთან არის დაკავშირებული.
როცა სებ-ის პრეზიდენტი გარკვეულწილად ამართლებს ფისკალური ხელისუფლების ლარის ხარჯვასთან დაკავშირებულ ნაბიჯებს იმ საფუძვლით, რომ ეკონომიკაში შემცირებული მოთხოვნა როგორღაც უნდა გავზარდოთ, გასაგებია. გასაგებია ისიც, როცა ამბობს, რომ ლარის დამატებითი მიწოდების შემდეგ ლარი-დოლარს შორის წარმოქმნილ დისბალანსს რეზერვებიდან დააკომპენსირებს და ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის. გაუგებარი ის არის, როგორ შეიძლება სავალუტო ბაზარს მუდმივად ერთი და იმავე მოცულობის თანხა აკლდებოდეს – 40 მილიონი? რით განსხვავდება ეროვნული ბანკი რიგითი ანალიტიკოსისა და ეკონომისტისგან? მას გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესახებ, ის ხედავს სავალუტო ვაჭრობებს, იცის, რა მოთხოვნაა უცხოურ ვალუტაზე და რა ოდენობის შეიძლება დააკლდეს სავალუტო ბაზარს. შეუძლებელია, როცა რამდენიმე ათეული მონაწილეა სავალუტო ვაჭრობაში, მუდმივად იყოს მოთხოვნა მხოლოდ 40 მილიონზე. ასე რომ არ არის, ბოლოდროინდელი მოვლენებიც ცხადყოფს – ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა ვერ მოახდინა ბაზარზე გავლენა და ლარი მაინც გაუფასურდა. შესაბამისად, უნდა ვაღიაროთ, რომ ის40-მილიონიანი ინტერვენცია, რომლითაც ბანკი ვარდნის შეჩერებას ცდილობს, არ კმარა.
– რა შეიძლება იღონოს სებ-მა? ყოველი საჭიროების დროს, თუნდაც ყოველ სავაჭრო დღეს, უფრო მცირე ბიჯებით მიაწოდოს ვალუტა ბაზარს?
– ამას მცოცავი დევალვაციის პოლიტიკა ჰქვია, როცა ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე სისტემატურად, მაგრამ შედარებით მცირე მოცულობის ინტერვენციებს ახორციელებს. სებ-ს მცოცავი დევალვაციის პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ გაუტარებია, მაშინ როცა ამ პრაქტიკას არაერთი ქვეყანა ხშირად მიმართავს. 14-15-თეთრიანი გაუფასურება ორ კვირაში სახუმარო არ არის, ხოლო როცა ეკონომიკის მინისტრი ამბობს, ლარს მნიშვნელოვანი რყევები არ ემუქრებაო, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა გაუგებარია. გარდა ამისა, როცა ვამბობთ, ჩვენ გამონაკლისი არა ვართ და სხვა ქვეყნების ვალუტებიც უფასურდებაო, ან თავს ვიტყუებთ, ან მოსახლეობას ვაყრით თვალში ნაცარს. მონაცემებს თუ ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ რეგიონის ქვეყნების ვალუტების უმრავლესობა ბევრად ნაკლებად არის გაუფასურებული, ვიდრე ჩვენი ლარი, ხოლო ზოგიერთი, მაგალითად, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი, ფაქტობრივად, სტაბილურია, მეტიც, გაჯანსაღების ტრენდიც აქვთ.
– ხელისუფლებამ ლარის გაუფასურების ერთ-ერთ ფაქტორად მოახლოებული არჩევნებიც დაასახელა.
– აქამდეც გამართულა საქართველოში არჩევნები, მაგრამ ლარი ასე მასშტაბურად არ გაუფასურებულა. ეროვნულმა ბანკმა თითქმის იმავე მოცულობის უცხოური ვალუტის რეზერვი გაყიდა 2008 წლის კრიზისის დროს, მაგრამ მაშინ მოხერხდა კურსის ფორმირება, დღეს კი საკმაოდ მაღალი დევალვაცია გვაქვს. უპირველესად, გასათვალისწინებელია, რომ დღევანდელი სავალუტო ბაზარი გაცილებით დიდია და იმავე მოცულობის ინტერვენციაც ვეღარ მოგვცემს მსგავს შედეგს. გარდა ამისა, მაშინ სებ-ი, ფაქტობრივად, არ იყენებდა ყოველკვირეული რეფინანსირების სესხების ინსტრუმენტს, ახლა კი კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან ყოველკვირა ახალ სესხს იღებენ – ანუ ე.წ. გრძელ ფულს, რაც ფულის მასას ზრდის, ეს კი გავლენას ახდენს ლარზე. ერთი მხრივ, ეროვნული ბანკი დოლარის ინტერვენციას აკეთებს, მეორე მხრივ კი ბანკებზე რეფინანსირების სესხებს გასცემს. ამიტომაც გვაქვს ის დისბალანსი ლარსა და დოლარს შორის, რაც გაუფასურებას აძლევს ბიძგს.
– შეიძლება თუ არა ლარის გაუფასურების მიზეზი იყოს საგარეო ვალის მომსახურება? სახელმწიფო და კერძო სექტორი ვალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, ხოლო გასტუმრების დროს ლარით დოლარის შეძენა უწევთ. სექტემბრის ბოლომდე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს 1,035 მილიარდი დოლარი აქვთ გასასტუმრებელი. იგივე სურათი იყო მარტში, როცა ქვეყანას 1,231 მილიარდი დოლარი უნდა გადაეხადა, მაშინ ერთ თვეში კურსი 2,78-დან 3,28-მდე გაუფასურდა.
– ვალის მომსახურებას კერძო და სახელმწიფო სექტორები ყოველ კვარტალში ახდენენ და არა მგონია, ახლა ეს დამატებითი ტვირთი ყოფილიყოს ლარზე ან კრიტიკული ფაქტორის როლი შეესრულებინოს. ლარის გაუფასურება საგარეო ვალის მომსახურების ტვირთს ზრდის, რადგან რაც მეტად უფასურდება ლარი, მით მეტი ლარის მობილიზება გვიწევს, რათა უცხოურ ვალუტაში აღებული ვალი გადავიხადოთ. ახალი საგარეო სესხის მომსახურება ჯერ არ დაგვიწყია, 2021 წლიდან გვიწევს გადახდის გრაფიკი. სხვათა შორის, როცა საქართველოს საგარეო ვალის ზრდაზე ხდება აქცენტირება, ხაზგასმით აღინიშნება, რომ თუ კურსის ეფექტს გამოვრიცხავთ, საქართველოს ამხელა ვალი არა აქვს. თითქოს ეს კურსი ჩვენი ბრალი იყოს და არა ეკონომიკური გუნდისა და მონეტარული ხელისუფლების.
– შესაძლოა ვეძებოთ პირდაპირი კავშირი კორონავირუსის შემთხვევების ზრდასა და ლარის გაუფასურებას შორის?
– ასეთი კავშირი არსებობს, რადგან სწორედ კორონავირუსის შემთხვევების ზრდას მოჰყვა შეზღუდვების მეორე ტალღა. მათი დაანონსებაც მნიშვნელოვანი ბიძგი იყო ეროვნული ვალუტის გაუფასურების წასახალისებლად, რასაც შემდგომ ტექნიკური წნეხი დაემატა. სავალუტო ბაზრის მონაწილეებმა იმის შიშით, შესაძლოა ეს შეზღუდვები უფრო მკაცრ რეგულაციებში გადაიზარდოსო, ლარის მოშორება და დოლარის შესყიდვა დაიწყეს. პრემიერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ არ იგეგმება მკაცრი მასშტაბური ჩაკეტვა, რადგან ხელისუფლებაც კარგად აცნობიერებს, რა ფსიქოლოგიური ეფექტები მოსდევს თუნდაც მცირედი შეზღუდვების გამოცხადებას. თუმცა ლარს ვერც პრემიერის განცხადებებმა უშველა.
– ხელისუფლების წევრები კი გვარწმუნებენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ მოსალოდნელია ამ მასშტაბის გაუფასურება ფასების ზრდის მიზეზი გახდეს?
– პირველი: შეუძლებელია ქვეყანაში, რომლის სამომხმარებლო კალათის 70%-ზე მეტი იმპორტირებული პროდუქციით ივსება, ეროვნული ვალუტის 15-20 პუნქტით გაუფასურებამ არ წარმოქმნას წნეხი ფასების საერთო დონეზე; და მეორე – ჩვენ, ეკონომისტები, გავმიჯნავთ ხოლმე ერთმანეთისგან ეფექტური და ნომინალური კურსის გაუფასურებას – ანუ ლარი უფასურდება როგორც დოლარის, ისე ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართაც. ეს ნიშნავს, რომ უფრო შიდა პრობლემებში უნდა ვეძებოთ ლარის გაუფასურების მიზეზები და არა საგარეო შოკებში. საგარეო შოკები გავლენას ყველა ქვეყანაზე ახდენს, მაგრამ მეტ-ნაკლებად ახერხებენ გამკლავებას.
მთელი ზაფხული გვატყუებდნენ, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნიდა, საბოლოოდ კი მხოლოდ შიდა ტურიზმის ამარა დავრჩით. შედეგად, 97%-ით შეგვიმცირდა ტურიზმიდან შემოსავლები. ამას მოჰყვა შეზღუდვების ახალი ტალღა და ამის მიუხედავად, დღეში კორონავირუსით ინფიცირების 200-მდე შემთხვევა გვაქვს. თურქეთს ჩვენსავით არ მოუქცევია ქვეყანა თვითიზოლაციაში და ტურიზმიდან შემოსავლები მხოლოდ 54%-ით შეუმცირდა – ანუ მხოლოდ გაუნახევრდა, მაშინ, როცა ჩვენ თითქმის გაგვინულდა. მიდგომა, რომ საგარეო დახმარებით გადავრჩებით, არ არის სწორი, ჩვენც უნდა გავაკეთოთ რაღაც.
– ვინ არის პასუხისმგებელი ლარის დღევანდელ მდგომარეობაზე?
– როგორც ქვეყნის ეკონომიკური გუნდი, ასევე სებ-იც. კატეგორიულად ვემიჯნები იმ აზრს, რომ ლარის დღევანდელი მდგომარეობა ეროვნული ბანკის ბრალია, მაგრამ მას სწორი ნაბიჯებით შეუძლია ლარის მდგომარეობის მნიშვნელოვნად შემსუბუქება.
– ბოლო დროს ხშირად კეთდება პროგნოზი, რომ ამ წლის ბოლო და მომავალი წლის გაზაფხული ეკონომიკურად გაცილებით მძიმე იქნება. უნდა ვივარაუდოთ, რომ რაც ახლა გვაქვს, ლარის გაუფასურების ზედა ზღვარი არ არის და შესაძლოა ეროვნულმა ვალუტამ მოხსნას ის ანტირეკორდი, რომელიც ეკონომიკის სრული ჩაკეტვის დროს აღინიშნა, როცა ოფიციალური გაცვლითი კურსი 3,48 იყო?
– დღეს ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა ეროვნული ბანკი ვალდებულია ბაზარს მიაწოდოს უცხოური ვალუტა და შესაძლებელია ვიღაცამ ამას კურსის ხელოვნურად დაჭერაც უწოდოს. ასეთი რამ ჩვენზე ბევრად ძლიერ ქვეყნებს გაუკეთებიათ – რეზერვების ხარჯზე მოუხერხებიათ, რომ კურსის გაუფასურებას არ დაემძიმებინა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ჩვენი სავალუტო რეზერვები დღეს თითქმის 4 მილიარდია. საგარეო დახმარებების ნაწილი, რომელიც ქვეყანამ პანდემიის დროს მიიღო, ეროვნულ ბანკში წავიდა და ეს შემთხვევით არ მომხდარა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კარგად აცნობიერებენ, რომ სებ-ი ასეთ შემთხვევებში საკვანძო ფუნქციის მატარებელია. ახლა ქვეყანაში უცხოური ვალუტის ერთადერთი ბუნებრივი შემოდინების წყარო ფულადი გზავნილებია. ყველა დანარჩენი განულებული ან მინუსშია. უცხოური დახმარების მნიშვნელოვანი წილი სწორედ იმიტომ წავიდა ეროვნულ ბანკში, რომ როცა ქვეყანას ბუნებრივად, გარე თუ შიდა ფაქტორების გამო შეჩერებული აქვს უცხოური ვალუტის მიღება, ეს ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ინტერვენციების ხარჯზე და დააბალანსოს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდება. ასე უნდა ხდებოდეს კურსის მეტ-ნაკლებად მართვა და არა მისი დაფიქსირება ერთ ნიშნულზე.
– შესაძლოა ეროვნული ბანკი “შავი დღისთვის” ინახავს არსებულ რეზერვებს, ელის, რომ ამის საჭიროება კიდევ წარმოიშვება.
– ლარის კურსი მართლაც “შავ დღეშია” და თუ სწორად არ შევაფასეთ რისკები, შესაძლოა ხვალ ეს ძალიან გვიანი იყოს. რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და გლობალური შოკების მართვაზე. მაგალითად, სამთავრობო გუნდში ახარებთ “აზიის განვითარების ბანკის” პროგნოზი, რომელიც ამბობს, რომ მომავალი წლიდან ჩვენი ეკონომიკა 0,5%-ით უფრო გაიზრდება, ვიდრე, მაგალითად, აზერბაიჯანის. ამ დროს იმაზე არ გაუმახვილებიათ ყურადღება, რომ წლეულს აზერბაიჯანის ეკონომიკა ასევე 0,5%-ით შემცირდება, ვიდრე ჩვენი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი განპირობებულია იმ კაბალური შეზღუდვებით, რომლებიც ეკონომიკაში დაწესდა. აზერბაიჯანს ასეთი შეზღუდვებისთვის არ მიუმართავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მდგომარეობა დღეს ნაკლები სიმძიმის იქნებოდა, რომ არა ის კაბალური ეკონომიკური შეზღუდვები, რაც წლის პირველ ნახევარში გვქონდა.
წყარო: „კვირის პალიტრა”