„მშვიდობის მტრედი“ ტრამპი გაეროსგან ირანთან სანქციების ომს ითხოვს – საქართველო მალე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება

ჩვენმა ავტორმა გულბაათ რცხილაძემ უკვე მიუთითა იმის თაობაზე, თუ რაოდენ ფარისევლურ პოლიტიკას ატარებს დონალდ ტრამპი საერთაშორისო არენაზე და რამდენად შორს არის ეს პოლიტიკა მშვიდობისა და სტაბილობისაგან.

ერთადერთი ამოცანა, რომელსაც ტრამპი ასრულებს, არის ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გამომდინარე ისრაელსა და ირანს შორის არსებული არაჯანსაღი დაპირისპირებისა, აშშ მხარს ცალსახად ისრაელს უჭერს. ეს ამერიკის ნებაა და ამაზე კამათი არც შეიძლება. მაგრამ საკამათოზე მეტია ის მეთოდები, რომლებითაც ვაშინგტონი ცდილობს, მოახდინოს ირანის პოლიტიკის ნეიტრალიზება. გარდა ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევისა, აშშ ცდილობს, ჩაერიოს მსოფლიოს ქვეყნების საქმეებში, განურჩევლად იმისგან, თუ ვის რა სუვერენული პოლიტიკა აქვს ირანის მიმართ.

ნუ იტყვით და, ამერიკა აპირებს სანქციების შემოღებას ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც არ მოიქცევა ისევე, როგორც ამერიკა და სანქციებს არ შემოიღებს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. ამის შესახებ მაიკ პომპეომ განაცხადა, კერძოდ, მან თქვა: „აშშ მოელის, რომ გაეროს ყველა წევრი სრულად შეასრულებს თავის მოვალეობებს და ამ ღონისძიებების იმპლემენტაციას მოახდენს“.

საოცარი განცხადებაა – ამერიკის პოზიცია უნდა გაიზიაროს ყველა სუვერენულმა სახელმწიფომ ისე, თითქოს ეს ვაშინგტონის ინტერესების გამომხატველი მიდგომა კი არ არის, არამედ გაეროს უშიშროების საბჭოს კანონიერი დადგენილება იყოს, რომელიც, საერთაშორისო სამართლის თანახმად, გაეროს ყველა წევრისათვის სავალდებულოდ შესასრულებელია. ჯერ კიდევ 20 აგვისტოს აშშ-მ შეატყობინა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს „ირანის მიერ თავისი ვალდებულებების არსებითად შეუსრულებლობის“ შესახებ, ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ყოვლისმომცველ გეგმასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ტრამპის ამერიკა ცდილობს, შეითავსოს გაეროს უშიშროების საბჭოს ფუნქციები და თავად გამოიტანოს რეზოლუციები.

სხვა ქვეყნების აყოლიებას ვაშინგტონი დაშინებისა და მუქარის მეთოდით გეგმავს. პირველ რიგში, ეს საქართველოსნაირ სუსტ, არასუვერენულ ქვეყნებზეა გათვლილი. მართალია, საქართველოს ტიპის თითქმის მთლიანად დესუვერენიზებული სახელმწიფოს პოვნა მსოფლიოს რუკაზე არც ისე იოლია, მაგრამ არიან სხვა, ჯუჯა-სახელმწიფოები, რომლებიც ოკეანეებში ან მაღალმთიან რეგიონებში ჩაკარგულნი, ამერიკულ დოტაციებს ელიან ან მათ ტერიტორიებზე ამერიკული სამხედრო ბაზები არიან განლაგებულნი და ამ ფაქტორს უწევენ ანგარიშს. მაგრამ, მთლიანობაში, მსოფლიო არ აპირებს აჰყვეს ტრამპის ახირებას და სანქციების ენით ესაუბროს მსოფლიოს სიდიდით მე-17 ადგილზე მყოფ ირანს, რომელიც ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგებით მსოფლიო ლიდერთა შორისაა.

პომპეო იმუქრება: „უახლოეს დღეებში აშშ გამოაცხადებს დამატებითი ზომების მიღების თაობაზე, რომლებიც გაეროს სანქციების შესრულების უზრუნველყოფასა და დამრღვევებისთვის დასჯის შეუქცევადობას ითვალისწინებს. … ირანზე ზეწოლის პოლიტიკა გაგრძელდება, სანამ იგი ჩვენთან ყოვლისმომცველ შეთანხმებას არ გააფორმებს, რომელიც შეაჩერებს ქაოსის, ძალადობის და სისხლისღვრის გავრცელებას“ – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, ამ დროს კი ამერიკას არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია, სანქციებზე ილაპარაკოს, რადგან თავისივე ნებით გავიდა ირანის ბირთვული პროგრამის ექვსეულის შემადგენლობიდან, 2018 წელს.

ამ აგრესიული ამერიკული პოლიტიკის შედეგად დაზარალდება საქართველოს ინტერესები, რომლებიც ირანთან ვაჭრობაზე მნიშვნელოვანწილად არის ორიენტირებული. გარდა ამისა, ირანი საქართველოსთვის ენერგოშემცველების – პირველ რიგში, ბუნებრივი აირის მოწოდების დივერსიფიკაციის თვალსაზრისითაც არის საინტერესო, მაგრამ ამ სფეროში რაიმე ნაბიჯის გადადგმის ნებას ჩვენს ხელისუფლებას ისევ აშშ არ აძლევს.

მაგრამ ეს ყველაფერი ხუმრობაა იმასთან შედარებით, რაც ამერიკამ შეიძლება მოსთხოვოს საქართველოს, ირანთან ამერიკის პოლიტიკის შედეგად დაძაბულობის გაზრდის ფონზე – კერძოდ, გავხდეთ ანტიირანული კოალიციის წევრი, რიგ არაბულ ქვეყნებთან ერთად. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო, ამ კოალიციის ირანთან შეჯახების შემთხვევაში, ირანული ბალისტიკური რაკეტებისათვის იოლი სამიზნეა და ამ რაკეტებს შეუძლიათ, გაანადგურონ მთელი ინფრასტრუქტურა, რაც კი არსებობს საქართველოში. ამერიკა ბევრი ვერაფრით დაგვიცავს – მას ისრაელი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები ეყოლება დასაცავი.