რატომ ვართ ასეთი ღარიბი ქვეყანა, ძალიან გამდიდრებული ხელისუფლებების ხელში?

საარჩევნო კომპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე, როგორც მოქალაქეს უამრავი კითხვები მაქვს არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიმართ. განსაკუთრებით კი მათთან, ვინც იყო ან არის ხელისუფლებაში ამ ბოლო 30 წლის მანძილზე. ყველა ისინი მეტ-ნაკლებად პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ საქართველო რჩება განუვითარებელ, ღარიბ ქვეყანად. ხოლო თავად ამ პოლიტიკოსების უმრავლესობა კი გამდიდრდა. საიდან?

არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს პოლიტიკოსები პარლამენტში, მთავრობაში მხოლოდ თავიანთი ინტერესებით იმართებიან. მათ ინტერესებს ეწირება ქვეყნის, ხალხის ინტერესები. სწორედ ეს არის ქვეყნის განვითარების მთავარი დამამუხრუჭებელი!

ცნობილია, რომ გაერო და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ ქვეყნების განვითარების დონეს დემოკრატიაში, ეკონომიკაში, კულტურაში, განათლებაში, მასმედიის დამოუკიდებლობისა და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით. რისთვისაც იყენებენ მეცნიერულად დამუშავებულ ალგორითმებს და შეფასების კრიტერიუმებს! მათი შეფასებები უტყუარია!

უტყუარია მათი შეფასებები ელექტრო ენერგიის ხარჯვის მიხედვით მთავრობის მიერ ქვეყნის მართვის ხარისხზეც. მაშ ასე, გავერკვეთ რა ხდება საქართველოში ელექტრო ენერგიის ბაზარზე. საერთაშორისო კრიტერიუმებით, ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით წლის განმავლობაში იხარჯება 8 000 კილოვატზე ნაკლები, ითვლება ღარიბ, განუვითარებელ („დაქცეულ”) ქვეყნად!

ნაცების მმართველობის ბოლოს, 2012 წელს საქართველოში ეს მავენებელი იყო 2 700 კილოვატი! ე.ი. 2,92-ჯერ მეტად დაქცეულები ვიყავით! ამერიკაში ერთ კაცზე 25 000 კილოვატსაათი იხარჯება,

ქოცების ხელში ამ მაჩვენებელმა მოიმატა? – თითქმის არა!

2019 წელს ელენერგიის ხარჯი ერთ სულზე იყო 3 578 კვტ/სთ, ხოლო მოსახლეობა შემცირდა 22 200 კაცით! ე.ი. ამჯერად 2,22 – ჯერ უარესად ვართ ვიდრე დაქცევის ზედა ზღვარზე მყოფი ქვეყნები!!

სტატისტიკის მოყვარულებისთვის: საქართველოს მოსახლეობა – 2012 წელს – 3 739 300; 2019 წელს – 3 723 500; სხვაობა 15800 კაცი! 2020 წლის 1 იანვრისთვის კიდევ 6400 სულით შევმცირდით! ელექტროენერგიის ხარჯმა კი 2012 წლიდან 2019-მდე 3,3 მილიარდი კვტ-ით მოიმატა, რაც დიდი ალბათობით მოდის ბიტკოინების ბიზნესზე! და როგორც ავი ხმები გვატყობინებენ ამ ბიზნესის მესვეურები დიდი შეღავათებით სარგებლობენ! რატომ?

საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადგენილია, რომ 1კვტ/სთ ქმნის $3-ს პროდუქციას. შესაბამისად, დენის ხარჯვის მიხედვით ნაცების დროს, 2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი უნდა ყოფილიყო – 30 მილიარდი დოლარის, ნაცვლად 13 მილიარდისა; ხოლო 2019 წელს, ოცნების მმართველობისას – 40 მლრდ, ნაცვლად 17,7-სა!

ვკითხოთ ნაცების და ქოცების სადეპუტატო კანდიდატებს ვინ ან რამ შთანთქა განსხვავება!?

დენთან დაკავშირებული კიდევ ერთი მაჩვენებელი! ჩვენ, მოსახლეობას, ყოველწლიურად, ნაცები ჯიბიდან გვაცლიდნენ 1(!) მილიარდ ლარს, ხოლო ქოცები – 1,3 მილიარდს! ეს არის იძულებითი ბეგარა! საქართველოში დენის ტარიფი არის 21 თეთრი ხოლო: რუსეთში – 11, აზერბაიჯანში – 9, უკრაინაში – 5, ბელორუსში – 5, სომხეთში – 11, ყაზახეთში -7,5, მოლდოვაში – 11,4 თეთრი. აქედან გამომდინარე საქართველოში 10 თეთრით მაინც შეიძლება დენის ტარიფის შემცირება. მილიარდი გაყოფილი 3,7 მილიონზე (მოსახლეობის რაოდენობა 2020 წ.) იქნება 270 ლარი! სწორედ ამდენს გვართმევს წელიწადში ზედმეტად ყოველ ჩვენთაგანს ჩვენი „ძვირფასი” ხელისუფლება!

მე მყავს 8-სულიანი ოჯახი. ქოცების 8-წლიანი მმართველობის პერიოდში გადახდილი მაქვს ზედმეტად – 20 280 ლარი! ამდენივეთი დამბეგრეს ზედმეტად ნაცებმა წინა წლებში!

ნიშანდობლივია, რომ ნაცები და ქოცები, თავისი ბიზნეს ინტერესების დაცვაში ქვეყნისა და ხალხის ხარჯზე, ძალიან გვანან ერთმანეთს!

მოცემული ანალიზი ეყრდნობა ბატონი თემურ შაშიაშვილის მიერ 2012 წლის იანვარში გაკეთებლ ანალიზს – „ათი ციფრი საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მეგობართა გასაგონად”. მაშინ მას არ მოვუსმინეთ. ახლა მაინც დავფიქრდეთ! რას სჩადიან ჩვენი ხელისუფლებები?! – მოქკავშირი, ნაცები, ქოცები! ელექტროდენის ხარჯვისა და მისი ანაზღაურების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს ჩვენი მთავრობების გაუმაძღრობას, კორუმპირებულობას, ხალხის ბედის ფეხებზე დაკიდებას, მხოლოდ საკუთარი მერკანტილური მიზნებისათვის ბრძოლას!

მომდევნო წერილებში ვაჩვენებ, რომ ჩვენი გადამხდელების ჯიბიდან ჩვენი არჩეული მთავრობები ყოველწლიურად ყაჩაღურად იღებენ 12 მილიარდს!

წყარო: resonancedaily.com