საქართველოდან ლიეტუვაში ჩასულ ნებისმიერ პირს 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს

21 სექტემბერს ძალაში შევა ლიეტუვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ლიეტუვაში მომავალი ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14-დღიან თვითიზოლაციას, ამასთან, ის ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი. ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ასევე, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.

„ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე პერიოდულად ანახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

იზოლაციის 14 დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას 10 დღემდე თუ იზოლაციის არაუადრეს მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე“, – აღნიშნულია ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

 

“იმედინიუსი”