არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ აშშ ნავალნის საქმეზე სათანადო რეაგირებას არ მოახდენს- პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და აშშ ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე რეაგირებას მოახდენს.

 

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გერმანული გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„აშშ-მა მკაფიოდ განმარტა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია. როდესაც სკრიპალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, ჩვენ ძალიან მკაფიო პასუხი გავეცით ამას. არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ აშშ ნავალნის საქმეზე სათანადო რეაგირებას არ მოახდენს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დასკვნას დაელოდება, რომელიც, მისი თქმით, ამ კვირას გახდება ცნობილი.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადსტურეს.

“იმედი”