საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, თამად შეიძლება თქმა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მართვადია.
მისივე თქმით, არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„დღეს გამოვლინდა 218 შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ორი მოქალაქე. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს თამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის უწყებათაშორისი საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. შეიძლება იყოს მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში, ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ რეგიონში ეპიდვითარებაზე” – განაცხადა მეზვრიშვილმა.
წყარო: bfm.ge