ტრადიციები, რომლებიც სიჯანსაღეს უნერგავენ ბავშვებს, ლიბერასტების უმძაფრეს გაღიზიანებას იწვევდა და იწვევს. იმპერიის დროინდელ, შემდეგ კი საბჭოთა ეპოქის სკოლებში, გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბდა, რომელთაგან, ყველა, შესაძლოა, დღევანდელი გადასახედიდან, არ იყო მართებული, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
“ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი,
მალ გამთელდების უწამლოდ მისი წყლურების ტკივილი,
რა მოიზარდოს, მოყვინჩლდეს, მამლურებ შექმნას ყივილი, –
უფთხილდი, მისგან წყენითა არაზე შექნა ჩივილი”.
ძირითადად კი, მაშინდელი ტრადიციები ყველა თვალსაზრისით – პროფესიულით, აღმზრდელობითით, მორალურით, სწორი და ჯანსაღი იყო.
ესა თუ ის ტრადიცია ყოველთვის არ არის დამკვიდრებული გაცხადებული და ფორმალური სახით. მეტწილად იგი გარკვეული წარმოდგენების, ფასეულობების, მსოფლხედვის და პრაქტიკის კოდიფიკაციას წარმოადგენს. რუსეთის იმპერიის გიმნაზიებში თავისი ტრადიციები იყო, საბჭოთა სკოლებში – თავისი, თუმცა ბევრი მათგანი ერთმანეთს ავსებდა, ურთიერთგამომრიცხაობის ნაცვლად. კონკრეტულად მოსწავლეზე ფიზიკური შეხება, მისი დასჯის მიზნით, როგორც ცნობილია, ძველი დროიდან მოყოლებული, სხვადასხვა კულტურებსა და ცივილიზაციებში, დაშვებული იყო. ქრისტიანულ ცივილიზაციაში ბავშვზე ფიზიკური ზემოქმედება, როდესაც ის ურჩობს, ცუდად იქცევა და არ სწავლობს, ბიბლიით არის დასაბუთებული. მაგალითად, იხ. იგავი, 13,24: ,,რომელი ერიდებოდის კუერთხითა ძესა თვისსა, სძულს იგი, ხოლო რომელსა უყვარდეს, გულსმოდგინედ
სწავლინ”. ამიტომაც ქრისტიანულ ევროპაში – როგორც დასავლეთში, ისე მართლმადიდებელ აღმოსავლეთში, შუა საუკუნეების მანძილზე, ბავშვის აღზრდა ფიზიკური ზემოქმედებით, ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ე. წ. განმანათლებლობის პერიოდში ეს მიდგომა გადაიხედა. რუსეთში, მაგალითად, იმპერატრიცა ეკატერინა წერდა (“Наставления к воспитанию внуков”, 1784 წ.), რომ არავითარი დასჯა ბავშვებს, როგორც წესი, არ არგებს, ნაცვლად ამისა კი, კარგი საქციელისათვის წახალისებას უნდა მიექცეს ყურადღება; დასჯა ბავშვისთვის იქნებოდა არა ფიზიკური ზემოქმედება, არამედ ზურგის შექცევა, უყურადღებობა, სიყვარულის არგამოხატვა გარშემო მყოფთა მხრიდან, მისი უსაქციელობისა და სიზარმაცის გამო.
თუმცა რუსულ გიმნაზიებში, ისევე როგორც ევროპაში, მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე არსებობდა მოსწავლეთა სხვადასხვა ფიზიკური სასჯელები, იატაკზე დაყრილ ბურღულზე მუხლებით დაყენებისა და ხელზე სახაზავის დარტყმის ჩათვლით.
ფიზიკური სასჯელი საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა, სკოლებში დაიწყო ახალი ტრადიციების დანერგვა. პოპულარობა მოიპოვა ლოზუნგებმა: “არ სცემო ბავშვს – ეს აკავებს მის განვითარებას და უფუჭებს ხასიათს!”, “ნაცვლად იმისა, ბავშვები გალახო, წადი და წიგნი უყიდე მათ!” და სხვ. ეს მოწოდება არა მხოლოდ სკოლის გარემოში იყო აქტუალური, არამედ ზოგადად, ოჯახურ პირობებსაც შეეხებოდა – ბავშვების ფიზიკური დასჯა არც მასწავლებლების და არც მშობლების მხრიდან არ იყო მიზანშეწონილი.
მაგრამ სკოლის პრაქტიკიდან ბევრ ჩვენგანს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თაობის წარმომადგენლებს, ემახსოვრებათ, რომ ეს წესები საბჭოთა სკოლებში ირღვეოდა და მასწავლებლები ხანდახან ფიზიკურ “ილეთებს” მიმართავდნენ მოსწავლეების დასასჯელად ან, მოსწავლეთა მხრიდან უფრო ცუდი საქციელის პრევენციის მიზნით. ხშირად არა, მაგრამ ორი-სამჯერ მეც მომხვედრია სკოლაში მასწავლებლის მხრიდან. მახსოვს, რუსულის მასწავლებელი, ბელა მაკაროვნა, მსხვილი, მძიმე ხელები ჰქონდა. ერთხელ მეც ავყევი კლასელებს ცელქობაში და ბელა მაკაროვნამ გადაკეცილი რუსულის სახელმძღვანელო მრეკა თავში (ალბათ მას მერე გავხდი “რუსეთუმე”?). ბუნებრივია, ამ ფაქტს არ გამოუწვევია ჩემი ღირსების დამცირება (მით უმეტეს, ფიზიკური დასახიჩრება), რადგან პედაგოგს შეუვალი ავტორიტეტი ჰქონდა და მისგან ყველა ითმენდა ასეთ გადაცდომებს. არავის მოუვიდოდა თავში აზრად, ასეთ ფაქტებზე ეჩივლა დირექტორთან და მით უმეტეს, სკოლის ფარგლებს გარეთ გაეტანა ამბავი. ეს, უბრალოდ, სასაცილო იქნებოდა. მასწავლებლის “აფეთქება” და ფიზიკურ “ზეწოლაზე” გადმოსვლა ჩვეულებრივი მომენტი იყო, რადგან ბავშვური სიცელქე ხშირად გადაიზრდებოდა უდისციპლინობაში და სასწავლო პროცესს ხელს უშლიდა. იმის საშუალება არ იყო, რომ პედაგოგს ყველასადმი ინდივიდუალური, აღმზრდელობითი მიდგომა ჰქონოდა მაშინ, როდესაც თითო კლასში 30-მდე, ზოგჯერ კი 30-40 ბავშვი ირიცხებოდა.
იყვნენ ისეთი “მტრედი” მასწავლებლებიც, როგორც მათემატიკის ახალგაზრდა მასწავლებელი, გოგი სამსონია, მორიდებული, უზარმაზარი “მინუსიანი” სათვალეებით, უნიჭიერესი სპეციალისტი. თან მართლა სამსონივით ძლიერი იყო ფიზიკურად – მოსწავლეებში ლეგენდასავით დადიოდა ხმა, რომ გოგი მასწავლებელი ხუთკაპიკიანს თითებით ღუნავდა. ბავშვები გოგი მასწავლებლის პაციფიზმით სარგებლობდნენ და ყოველ მის გაკვეთილზე იწყებოდა არეულობა, გნიასი. მასწავლებელი კი დადგებოდა დაფასთან ჩუმად და ელოდა, სანამ ვითარება თავისით არ ჩაწყნარდება (ნერვები წესრიგში ჰქონდა). ვითარება კი, არ წყნარდებოდა ხშირად. ამიტომაც, ხანდახან გოგი მასწავლებელს უწევდა ხელი ჩაევლო მოსწავლისთვის ქამარში, იატაკიდან აეწია ჰაერში და ასე გაესვა გარეთ, დერეფანში. ეს იყო და ეს, არანაირი დარტყმა და ყურის აწევები არ იყო, მაგრამ სასწავლო პროცესი აშკარად ზიანდებოდა ამით. იქნებ ღირდა, რომ “სამსონს” ხანდახან კეფაში “წაეთაქა” მავანთათვის?
მოკლედ, ვფიქრობ, რომ ჩემი თაობის არც ერთი მოსწავლე, მასწავლებლის მხრიდან ფიზიკური “ზეწოლის” შედეგად არც ღირსების, არც გამბედაობის, არც ფიზიკური და გონებრივი განვითარების თვალსაზრისით, არ შეზღუდულა. ყველანი ნორმალური ადამიანები დავდექით. მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, თუ მასწავლებლის მიმართ ჩივილი შეიძლებოდა, ცუდ პედაგოგსაც-კი იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა ჩვენს თვალში. და ეს არ იყო ცუდი. ეს იყო აუცილებელი ბავშვის აღზრდისთვის, მასში უფროს-უმცროსობის გრძნობის სწორად ჩამოყალიბებისთვის. რა თქმა უნდა, პედაგოგი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ნაკლებ ფიზიკურ ზემოქმედებას ახდენს მოსწავლეზე (ისევე, როგორც მშობელი!), მაგრამ პატარა “გადაცდომების” სრული გამორიცხვა არასგზით არ შეიძლებოდა.
დღევანდელ სკოლებში მოსწავლეები მობილური ტელეფონებით იღებენ ყველა სცენას, მათ შორის, მასწავლებელმა თუ დაკარგა ნერვები და ლიბერასტების მიერ მკაცრად დანერგილი აკრძალვა – ნებისმიერი ფიზიკური შეხებისა მოსწავლესთან, დაარღვია. მაგალითად, დაეჯაჯგურა მოსწავლეს, როგორც ეს ახლახანს მოხდა მცხეთაში, ჩემი ნაცნობი პედაგოგი, 60 წელს გადაცილებული კაცი, დაეჯაჯგურა მერხზე ჩაფრენილ მოსწავლეს, რომელსაც არაფრით არ უნდოდა კლასის დატოვება. აი ამ “ჯაჯგურს” მოჰყვა საჩივარი, უცხოეთში მყოფი დედის მხრიდან დარეკვა და მუქარა. მასწავლებელს მოუწია სკოლის დატოვება, იგი ფორმალურად არ იყო მართალი – ფიზიკური ზემოქმედება მოახდინა მოსწავლეზე, რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი იყო საბჭოთა დროის სკოლაში, მიუხედავად მაშინაც არსებული ოფიციალური აკრძალვისა. ოფიციალური მხარე ერთია, მაგრამ ტრადიცია – მეორე. არ შეიძლება, ბავშვის აღზრდიდან ფიზიკური ზემოქმედების ელემენტის მთლიანად ამოღება და, მით უფრო, ბავშვში დამსმენობისა და ინტრიგანობის განვითარება, რასაც ახლა სჩადიან ლიბერასტები. ასეთი ტიპის აკრძალვების დაწესება სკოლებში, როდესაც მასწავლებელი იქცა უუფლებო, ბავშვების მიერ იოლად დასაშანტაჟებელ ობიექტად, ლიბერასტების დიდი გამარჯვებაა ახალი, უგვანო ქართველის შესაქმნელად.
რა თქმა უნდა, ცემა-ტყეპა არ არის მისაღები და პედაგოგმა მაშინ არ უნდა მიმართოს ფიზიკურ “ილეთებს”, როდესაც თავად არის ცუდ ხასიათზე, გაღიზიანებული და ა. შ. ფიზიკურ ზემოქმედებას, აუცილებლად უნდა ჰქონდეს აღმზრდელობითი მიზანი და სიყვარულით უნდა იყოს გაჯერებული, როგორც მშობლის გრძნობაა თავისი შვილისადმი, ზუსტად ისე. ერთსაც ვიტყვი – ჩვენს სკოლებში რომ არ იყოს მასწავლებელი უუფლებო და დაშინებული, არამედ ჰქონდეს ზემოქმედების საშუალება და მოეთხოვებოდეს კიდეც ეს, იქნებ არ მომხდარიყო ის მკვლელობები და საშინელებები, რომლებიც ყველამ ვნახეთ დღევანდელ, “პრადვინუტ” ეპოქაში?!..
ამ სტატიას არ აქვს პროფესიონალური შეფასების პრეტენზია. ეს უბრალოდ, ავტორის დაკვირვებაა, ამ თემაზე აზრი პროფესიონალებმა უნდა გამოთქვან უფრო მეტად, მაგრამ “უბრალო ადამიანებსაც” გვაქვს აზრის გამოხატვის უფლება და ცოტა რამ ჩვენც გაგვეგება.
გულბაათ რცხილაძე