როგორ “მკურნალობენ” სინამდვილეში უსიმპტომო პაციენტებს? – მინისტრის მითი და რეალობა

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა ახსენა, არაერთმა ექიმმა იკითხა, რას გულისხმობს მინისტრი, როცა ამბობს, რომ უსიმპტომო პაციენტებს უნდა უმკურნალოს? მეტიც, ზოგი ექიმი ითხოვს შეწყდეს უსიმპტომო პაციენტთა მკურნალობა.

 

როგორც ჩანს ჯანდაცვის მინისტრი არ აპირებს მოსახლეობას და ექიმებს უპასუხოს, მეტიც, როგორც თავად მიხვდებით, მას უბრალოდ არა აქვს პასუხი, რადგან სინადვილეში, არათუ უსიმპტომო პაციენტებს, იმ პაციენტებსაც კი არ მკურნალობენ, რომლებსაც სუსტად აქვთ გამოხატული სიმპტომი.

ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ, არ არსებობს კორონავირუსის ვაქცინა, არ არსებობს ვირუსისთვის გამოგონილი წამალი, ექიმები ამ ეტაპზე მხოლოდ სიმპტომებს მკურნალობენ და ჩვენებას, თუ ჩვენება და სიმპტომი არა აქვს პაციენტს, ლუმინალს ხომ არ გამოუწერენ? თუ გამოუწერენ, მინისტრს რომ ჰკითხო?!

“ალია” გთავაზობთ ნაწყვეტს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, იმუნოლოგის, პროფესორის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, თენგიზ ცერცვაძის ინტერვიუდან, სადაც ბატონი თენგიზი მოქალაქეებისთვის განმარტავს, როგორ მკურნალობენ სინადვილეში, მძიმე, ან უსიმპტომო პაციენტებს.

ვიჩენთ გულისხმიერებას და მინისტრსაც ვაძლევთ უფლებას, ჩვენ მიერ ჩაწერილი ინტერვიუებით იხელმძღვანელოს მომავალში.

როგორ მკურნალობთ ინფიცირებულებს, რომლებსაც აქვთ ფილტვების ანთება და როგორ ხდება მათი მკურნალობა, ვისთანაც ავადმყოფობა სუსტი ფორმებით, ან უსიმპტომოდ მიდის?

– თუ ფილტვების ანთებაა და გვყავს ასეთი, მას ვმკურნალობთ განსხვავებულად, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის, როგორც ყველა პაციენტი, მაგრამ ანტიბიოტიკები უკეთდება ძლიერი, სეროზული და რაც მთავარია, მას შეიძლება დასჭირდეს ინფექციურ თერაპიაში გადაყვანა, რისთვისაც მზად ვართ და ინტენსიური თერაპია გამზადებული გვაქვს. სადაც ჩაუტარდება ოქსიგენოთერაპია – ჟანგბადის მიწოდება. კორონავირუსის სამკურნალოდ პირდაპირი მედიკამენტები და სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ხდება დამხმარე და სიმპტომურ მკურნალობა, რასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და დიდ როლს თამაშობს პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში.


რაც შეეხება დანარჩენებს, რომლებსაც არა აქვთ ფილტვების ანთება და აქვთ მხოლოდ ხველა, სისუსტე, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება 37-დან 37-6-მდე და სხვა ნიშნები არა აქვთ, მათ პრაქტიკულად, მხოლოდ ვაკვირდებით და რაიმე გაძლიერებულ მკურნალობას არ ვუტარებთ.

– კვება?– კვებას მნიშვნელობა აქვს, როგორც ყველა დაავადების დროს – კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და ჩვენ ვცდილობთ, მივაწოდოთ სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი კვება.

– დაახლოებით, რამდენ ხანში ხდება გამოჯანმრთელება და ვირუსის გადადების პირველივე საათებში და პირველივე დღეს ჩანს ანალიზში პასუხი, თუ არა?

–  დაინფიცირების პირველივე საათებში კატეგორიულად არ ჩანს ანალიზში პასუხი, სანამ ინკუბაციური პერიოდია – არ დაფიქსირდება დადებითი პასუხი და ესეც ერთ-ერთი სირთულეა. ამიტომ არიან კარანტინში ადამიანები. დადებითი პასუხი ფიქსირდება მხოლოდ მაშინ, როცა მინიმალური სიმპტომი იწყებს გამოვლენას, თუნდაც ხველების სახით, ან იყო შემთხვევა, რომ დაფიქსირებულა ერთი დღით ადრე, უფრო ადრე, არ ფიქსირდება.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ეს უკვე დადგენილია, მსუბუქ შემთხვევაში გამოჯანმრთელება ხდება 2 კვირის შემდეგ, მძიმე შემთხვევებში სამი-ექვსი კვირის შემდეგ, მანამდე – არა.
გამოჯანმრთელება ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ჰქონდეს კლინიკური ნიშნები, არც ხველა, არც ტემპერატურის მატება, არც ფილტვების ანთება და კლინიკური სიმპტომების არქონის შემდეგ, სამი დღის მანძილზე, ორჯერ გაკეთებული ანალიზი თუ არის უარყოფითი, მხოლოდ ამას ჰქვია გამოჯანმრთელებული. ჩინეთში ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როგორც ჩინელმა ექიმებმა გვითხრეს, გაწერეს ცოტა ნაადრევად პაციენტი, არ დაელოდნენ ორი ლაბორატორიული ანალიზის პასუხს და როგორც კი კარგად გახდა – გაწერეს. ისინი 2-3 კვირა სახლში იყვნენ და რეციდივი მოხდა, ისევ შეაბრუნათ. ისევ დადებითი გამოჩნდა ვირუსზე პასუხი და დააბრუნეს საავადმყოფოში. თუ არ არის სრულად გამოჯანმრთელებული პაციენტი, შეიძლება მოხდეს რეციდივი.

ალია